თურქეთის ოპოზიცია რეფერენდუმის შედეგების გასაჩივრებას აპირებს

თურქეთის ოპოზიცია რეფერენდუმის შედეგების გასაჩივრებას აპირებსთურქეთის ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით რეფერენდუმის შედეგების გასაჩივრებას აპირებს.

აღნიშნულის შესახებ ოპოზიციური „სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის მოადგილე ერდალ აქსიუნღერიმ განაცხადა.

ამ მომენტისთვის ბიულეტენთა 99,99%-ის დამუშავების შემდეგ, კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის მომხრეები იმარჯვებენ. კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას ამომრჩეველთა 51,34% უჭერს მხარს.
– საარჩევნო უბნების 37%-თან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს პრეტენზიები, თუმცა ჯერ ყველა ბიულეტენი დამუშავებული არ არის და პრობლემური საარჩევნო უბნების რაოდენობა შესაძლოა 60%-მდე გაიზარდოს, – აღნიშნა ერდალ აქსიუნღერიმ.

რეფერენდუმის შემდეგ თურქეთში ასეთი ცვლილებები განხორციელდება:

1. პრეზიდენტს უფლება ეძლევა პირდაპირ დანიშნოს უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობის პირები, მათ შორის მინისტრები.

2. მას უფლება ეძლევა დანიშნოს ერთი ან რამდენიმე ვიცე-პრეზიდენტი.

3. უქმდება პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.

4. პრეზიდენტს უფლება ექნება ჩაერიოს სასამართლო სისტემის საქმიანობაში.

5. პრეზიდენტი გადაწყვეტს, გამოაცხადოს თუ არა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა.

საკონსტიტუციო ცვლილებების კრიტიკოსები შიშობენ, რომ ცვლილებები ერთი ადამიანის – პრეზიდენტის ხელში აქცევს მთელს ძალაუფლებას. მათივე ვარაუდით, ერდოღანის მჭიდრო კავშირი იმ პოლიტიკურ პარტიასთან, რომლის ერთ-ერთი თანადამფუძნებელიც თავად არის, გამორიცხავს პრეზიდენტის არაპარტიულობასა და მიუკერძოებლობას.