ვის არ აწყობს ციანიდის საქმეში სიმართლის დადგენა?!

ვის არ აწყობს ციანიდის საქმეში სიმართლის დადგენა?!მეუფე იაკობმა 15 აპრილს, დიდ შაბათს, გარდამოხსნის წესის დროს, ლოცვის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ პატრიარქის მკვლელობა იგეგმებოდა.

მამა გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი „ახალ თაობასთან“  საუბარში ამბობს, რომ მეუფე იაკობის განცხადებით გაოცებულია.

მისი თქმით, ეპისკოპოსი შენდობისკენ ურჩევს სვლას მამა გიორგის, რაც ძალიან ახლოს არის აღიარებასთან.

– მოგეხსენებათ, ქადაგების დროს ადამიანები ყველაფერს უსმენენ და ეს არის ერთ-ერთი ფორმა, რომელიც უნდა ირწმუნო. ალბათ, უფრო უპრიანი იქნება, ამ ქადაგებასთან დაკავშირებით მეუფემ გასცეს კითხვებს პასუხი. იმიტომ, რომ თუ გავითვალისწინებთ, რომ შენდობისკენ ურჩევს სვლას მამა გიორგის, შენდობა ძალიან ახლოს არის პროკურატურის პოზიციასთან, აღიარებასთან და ეს ჩემთვის გასაკვირი არის, – აღნიშნა ადვოკატმა.

მისთვის ასევე გასაკვირია საპატრიარქოს იურისტის პოზიციაც, რომელიც თან გამოძიებას ენდობა, თან მეუფე იაკობის პოზიციას იზიარებს, რომ პატრიარქის მკვლელობა იგეგმებოდა.

– გამოძიება ამბობს, რომ არა პატრიარქის, არამედ სულ სხვა პიროვნების მკვლელობა იგეგმებოდა, – აღნიშნავს რამიშვილი.

ის იმის გამოც გამოთქვამს წუხილს, რომ გარკვეული ძალები სიმართლის დადგენით არ არიან დაინტერესებული.

– სიმართლის გარკვევა თუ გინდა, მაშინ ორივე მხარეს უნდა მოუსმინო. ამ შემთხვევაში მარტო ერთი მხარე საუბრობს. დაცვის მხარეს ამის საშუალება არ გვეძლევა, – ამბობს ადვოკატი.

ციანიდის საქმესთან დაკავშირებით მალე უფრო ცხელი განცხადებების მოსმენა მოგვიწევს. 5 მაისიდან საქმის წინასასამართლო განხილვა იწყება. ეს პროცესი 5 აპრილიდან უნდა დაწყებულიყო, მაგრამ პროკურატურამ დამატებით ერთთვიანი ვადა ითხოვა.

ადვოკატების განმარტებით, საგამოძიებო უწყება ჩიხშია შესული და რაღაც მტკიცებულებებს ეძებს.

– ასეთი მტკიცებულებები ბუნებაში უბრალოდ არ არსებობს, – აცხადებს ადვოკატი რამიშვილი.