ივა კუზანოვი: “მხოლოდ იმას ვნანობ, რომ ქალიშვილი არ მყავს”

ივა კუზანოვმა, სანიტრობიდან დაწყებული, ქირურგობის გრძელი 50 წელი განვლო. ამ გზაზე დიდ თუ მცირე წარმატებებთან ერთად, რა თქმა უნდა, იყო სირთულეებიც, ტკივილიც და იმედგაცრუებაც. ასე მოვიდა მრგვალ თარიღამდე – ცნობილი პლასტიკური ქირურგი მომავალ წელს 70 წლის ხდება.
გაკვეთილებზე, რომლებიც ცხოვრებამ “ჩაუტარა”, ბატონი ივა “სარკეს” ესაუბრება.
– პლასტიკური ქირურგია რა დროიდან შემოვიდა თქვენს ცხოვრებაში?
– 1982 წელს უკვე მიკერებული გვქონდა 1.200 მოწყვეტილი ხელი, ფეხი, თითი… რადგან მიკერება, არაფრისგან რაღაცის გაკეთება შეგვეძლო, ვიფიქრეთ, რატომ არ შეგვეძლო ადამიანების გალამაზება და ასე დაიწყო ყველაფერი.
– წარმატება იოლად არავისთან მიდის. თქვენ რა სიძნელეები გამოიარეთ?
– ზოგადად ქირურგის ცხოვრებაა ძალიან რთული. ეს პროფესია ყოველთვის დიდ ღელვასთან, სტრესთანაა დაკავშირებული. სულ გინდა, პაციენტი კმაყოფილი იყოს, მაგრამ ყოველთვის ასე არ გამოდის.
უსამართლობასაც გადავაწყდი. ალბათ გახსოვთ ეტაპი, როცა ერთი თვით ლიცენზია ჩამომართვეს, მაგრამ, ამის მიუხედავად, ფარ-ხმალი არ დამიყრია, ის ერთი თვე არ მიმუშავია. როცა ლიცენზია აღმიდგინეს, ბოდიშიც მომიხადეს.
ემოციურად ეს ფაქტი ძალიან მტკივნეული იყო. თითქმის 50 წელია ჩემს დარგს მთელი გულით, სულით ვემსახურები და უცებ ასეთი რამ მოხდა.
იმასაც გეტყვით, რომ ჩემ მიერ განვლილ გზაზე წარმატება უფრო მეტი იყო, ვიდრე სირთულეები ან წარუმატებლობა. ვიყავი სახელმწიფო პრემიის ყველაზე ახალგაზრდა ლაურეატი, ყველაზე ახალგაზრდა პროფესორი, ყველაზე ახალგაზრდა კათედრის გამგე.
– თქვენი მშობლები, გუგა კუზანოვი და ელეონორა ყარაულაშვილი, ექიმები რომ არ ყოფილიყვნენ, მაინც მედიცინის სფეროს აირჩევდით?
– ალბათ – არა. დაახლოებით მეშვიდე თუ მერვე კლასში ასტროფიზიკამ გამიტაცა, მაგრამ მაინც ვიცოდი, რომ ექიმი გავხდებოდი. ბაბუაც ექიმი იყო. მამას უნდოდა, ზოგადი ქირურგი ვყოფილიყავი, როგორც თვითონ იყო. ჩემს მშობლებს ძალიან უნდოდათ, ჩემი ძმა კოკაც ექიმი გამხდარიყო, მაგრამ თვითონ ამის კატეგორიული წინააღმდეგი იყო და კინორეჟისორი გახდა.
– როგორ გახსენდებათ მშობლებთან ურთიერთობა და თუ ჰგავს ის ახლა თქვენს ურთიერთობას შვილებთან?
– მამაჩემი მკაცრი იყო, ორ ძმას მკაცრად გვზრდიდა. თუმცა ძალიან სამართლიანიც გახლდათ. დედა ძალიან თბილი იყო. მამა დღე და ღამე კლინიკაში მუშაობდა. მოგეხსენებათ, მაშინ ექიმების ხელფასი მცირე იყო, ამხელა ოჯახს შენახვა ხომ უნდოდა, ამიტომ საავადმყოფოდან მოსულ მამას სახლში პაციენტების კერძო მიღება ჰქონდა. მოირბენდა, შეჭამდა და ღამის 12 საათამდე პაციენტები ჰყავდა.
მახსოვს, დედა სულ გვეუბნებოდა, მამა დაღლილია, მოსვენება უნდაო. როცა შვებულება ჰქონდათ, მთელ საბჭოთა კავშირში დავყავდით, მაშინ ვნახეთ ლენინგრადი (ახლანდელი პეტერბურგი), მოსკოვი, კიევი და სხვა ბევრი ქალაქი.
არც მე ვარ რბილი მამა. საერთოდ, კუზანოვებს კამათი გვიყვარს, ეს გენეტიკაში გვაქვს. შვილებთან სულ ვკამათობ, ძმებიც ერთმანეთში სულ კამათობენ.
– კამათის თემა მედიცინაა?
– ნებისმიერი თემა, კამათი გვიყვარს. ჩემი და გუგას გემოვნება მანქანების საკითხში ერთმანეთს არ ემთხვევა. მე და ჩემს უმცროს ვაჟს, ალიკას, ჯიპები და ისეთი მანქანები გვიყვარს, რომლებითაც მთაში სიარული, ტალახში ძრომიალი შეგვიძლია. გუგას უფრო გაპრანჭული მანქანები მოსწონს.
ხასიათით გუგა უფრო მგავს, ვიდრე ალიკა, მაგრამ მე და ალიკას ერთი გატაცება გვაქვს, ისიც მიკროქირურგიას მიჰყვება, თან ბუნებაში სიარული გვიყვარს, გუგას ეს არც თუ ისე ძალიან უყვარს.
– ახალგაზრდამ დაიწყეთ მუშაობა, ხშირად გიწევდათ სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობა. რის ხარჯზე ხდებოდა ეს?
– შვილებს, მეუღლეს იმდენ ყურადღებას ვერ ვაქცევდი, რამდენიც მინდოდა. ხან მოსკოვში ვიყავი, ხან – სხვა ქალაქში. აქ თუ ვიყავი, მთელ დღეს და ღამესაც კლინიკაში ვატარებდი. ეს არის ნამდვილი ქირურგის ცხოვრება.
როცა მოსკოვში ვსწავლობდი, ჩემმა მეუღლემ შვილებს საძინებელში ჩემი პორტრეტი ჩამოუკიდა, დაიმახსოვრეთ, ეს არის მამათქვენიო.
– ადრეულ ასაკში დაქორწინებამ კარიერაში ხელი ხომ არ შეგიშალათ?
– არა. 22 წლის ვიყავი, როცა ცოლი მოვიყვანე. მშობლები ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ჩემი კარიერისთვის ხელი არაფერს შეეშალა. სხვათა შორის, მე და ჩემი მეუღლე კლასელები ვიყავით.
– თქვენც ასევე ეხმარებოდით შვილებს, როცა ისინი დაქორწინდნენ?
– რა თქმა უნდა, ორივეს დავაწერინე დისერტაცია, ორივემ საზღვარგარეთ ისწავლა.
– უკან რომ იხედებით, ცხოვრებისეულ შეცდომებს ხედავთ?
– ძალიან ბევრის აზრით, შევცდი, როცა თბილისში ჩამოვედი სამუშაოდ და მოსკოვში არ დავრჩი. იქ განყოფილებას, ბინას მაძლევდნენ, რაზეც უარი ვთქვი. ჩემი იქ დარჩენა არც მამაჩემს უნდოდა და არც მე. ორივეს გვერჩივნა, აქ, ჩვენს სამშობლოში მემუშავა.
ახლა 44 წლის რომ ვიყო, სულ სხვანაირად ავაწყობდი რაღაცებს. მედიცინა კომერციული გახდა და ამ ქირურგიას სულ სხვანაირად ავაწყობდი. მაშინვე გავხსნიდი მრავალპროფილიან კლინიკას თავისი სასწავლებლით.
– რას ნანობთ?
– პრინციპში, არაფერს, ყველაფერს ისე გავივლიდი, როგორც გავიარე. ალბათ მხოლოდ იმას ვნანობ, რომ ქალიშვილი არ მყავს, თუმცა რძლები ისე კარგად შემოიჭრნენ ჩვენს ცხოვრებაში და თან საკმაოდ ადრე, ის, რომ ქალიშვილი არ მყავს, მათ გამოასწორეს.
– ერთმანეთისგან განსხვავებული რძლები გყავთ.
– დიახ, ერთმანეთს საერთოდ არ ჰგვანან. ნინო ნადირაძე სიყვარულით სავსე გოგოა, ქუჩაში გამვლელს თუ რაღაც დასჭირდა, შეუძლია დაეხმაროს.
პოლიტიკაში რომ წავიდა, კმაყოფილი არ ვიყავი. რისთვის, რატომ გჭირდება, ხომ იცი, პოლიტიკა რა არის-მეთქი, ვუთხარი. უნდა დავალაგო რაღაცებიო და “დაალაგა” კიდეც, 5 წუთში უკანვე წამოვიდა.
ნინო ძალიან კარგი ექიმი, კარდიოლოგია. მე უკვე იმ ასაკში ვარ, როცა კარდიოლოგი მჭირდება და ჩემი პირადი კარდიოლოგია. ის პირველი რძალია, პირველი შვილიშვილი მაჩუქა. აქვე ვიტყვი, რომ შვილიშვილებს უფრო ვანებივრებ, ვიდრე რძლებს.
მეორე რძალი, თამუნა გივიშვილი, თავიდან ბოლომდე შვილების სწავლაშია ჩართული. ბევრს აკეთებს იმისთვის, რომ შვილებმა ყველაფერი ისწავლონ.
– 70-ე წელში გადახვედით. როგორი ასაკია ეს მამაკაცისთვის?
– ვერ ვგრძნობ ასაკს. ზოგი მეუბნება, “ლეტნად” ხარ, რა გინდა, ამ მთებში რომ დაძრომიალობ და იღლებიო. თავს ცუდად არ ვგრძნობ, ენერგია მაქვს და რატომ არ უნდა ვიძრომიალო?!
ეკა ლემონჯავა, ჟურნალი “სარკე”

გააზიარე

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018