“მომავალი ქმარი ბედმა შუა ქუჩაში მომაყენა”

– თქვენთან მოვა ვერცხლისფერი “მერსედესი”, ნომრით 5…, – ჩამძახა ოპერატორმა ტაქსების ოფისიდან.
– დიდი მადლობა, ქალბატონო, – ვუთხარი და დავემშვიდობე.
ცოტა ხანში ტელეფონმა ისევ დარეკა:
– გამარჯობათ, ქალბატონო! მე ტაქსის მძღოლი ვარ. სადაც დგახართ, მანდ დიდი ხნით მანქანის გაჩერება არ შეიძლება. 2 წუთში მანდ ვიქნები და ყურადღებით იყავით.
– შუქნიშანთან ვდგავარ და წამში ჩავჯდები, არ ინერვიულოთ, – დავპირდი მძღოლს.
1 წუთი არც იქნებოდა გასული, რომ ვერცხლისფერი “მერსედესი” გამოჩნდა, შუქნიშანთან გაჩერდა თუ არა, ვეცი კარს, გავაღე და ჩავსკუპდი. სასწრაფოდ ჩემს დაქალს დავურეკე, უკვე ტაქსიში ვზივარ, 10 წუთში მანდ ვიქნები-მეთქი.
– საით, გოგონი? – მკითხა მძღოლმა.
“გოგონი არა, ის!” – გავიფიქრე გულში, მაგრამ სახეზე ღიმილი ავიკარი და მისამართი ზრდილობიანად ჩავურაკრაკე.
– გასაგებია, – მითხრა და ჩაიქირქილა. არ მესიამოვნა, მაგრამ სანამ რამეს ვეტყოდი, ისევ ტელეფონმა დამირეკა.
– ქალბატონო, ტაქსი მოვიდა და თქვენ არ ხართ! – ჩამყვირა იმ ხმამ, რომელსაც რამდენიმე წუთის წინ ველაპარაკე.
– მოვიდა და ვზივარ უკვე, – შევეცადე, დამემშვიდებინა.
– არა, არ ზიხართ, ჩვენი მძღოლი გელოდებათ!..
მოკლედ, აღარ გავაგრძელებ, ალბათ მიხვდით, რომ სრულიად სხვა მანქანაში აღმოვჩნდი. უხერხული სიტუაციიდან მძღოლმა გამომიყვანა. ხარხარებდა. მერე მითხრა, მოიცა, რამეს არ დავეტაკოო, მანქანა გადააყენა და გემრიელად იცინა. იუმორი აღმოაჩნდა ისეთი, ქვასაც კი მოხიბლავდა.
იმ დღიდან დავმეგობრდით და ჩემთვის უახლოეს ადამიანად იქცა. ის მაშინ გამოჩნდა, როცა ძალიან მჭირდებოდა. სანამ მას შევხვდებოდი, რამდენიმე თვით ადრე დიდი ტრავმა გადავიტანე. ჩემმა ნათესავმა გოგომ, თითქმის დასავით რომ მყავდა, საქმრო წამართვა.
თავი იმით იმართლა, რომ დანიშნულები არ ვიყავით და თურმე ჰქონდა უფლება, “თავისუფალ” მამაკაცს გაპრანჭვოდა, მაგრამ სინამდვილეში საქმე სულ სხვაგვარად იყო. საქმრო ჩემთან, ოჯახში იყო მოსული და ჩემს მშობლებს ქორწილის შესახებ ელაპარაკებოდა. კაცი რომ ხელს სთხოვს შენს მშობლებს და ქორწილზე ილაპარაკებს, მას საქმრო არ ჰქვია?!
ამ ამბავმა ისეთი ტრავმა მომაყენა, ძალიან დიდხანს სახლიდან აღარ გავდიოდი, ყველაფრის მიმართ ინტერესი დავკარგე. მეგობრების მიმართაც უნდობლად განვეწყვე, ვფიქრობდი, დასავით შეზრდილმა გოგომ რა გამიკეთა და სხვა როგორღა დამინდობს-მეთქი.
მოგვიანებით მივხვდი, მართალი არ ვიყავი, როცა ყველას ერთ ქვაბში ვხარშავდი. კარგებიც არსებობენ და ცუდებიც. არ შეიძლება ყველა ერთ თარგზე მოჭრა, ერთნაირად მოექცე. სწორედ მეგობრები იყვნენ ის ადამიანები, რომლებმაც ჩემს უხასიათობას, დეპრესიას გაუძლეს და ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, გარეთ გამოვსულიყავი.
იმ ბედნიერ დღეს, შეიძლება ითქვას, ახალი ადგმული მქონდა ფეხი, ბედმა კი მომავალი ქმარი პირდაპირ შუა ქუჩაში, ფეხებთან მომაყენა.
რა ვქნა, მჯერა ბედისწერის და განგების ნების. ის ადამიანი ჩემი ბედი არ იყო და ამიტომაც წავიდა ჩემგან. სამაგიეროდ გამოჩნდა პიროვნება, რომელიც ნამდვილად არის ჩემი სულის ნაწილი. მისი გაცნობის შემდეგ მივხვდი, რა არის ნამდვილი სიყვარული, ურთიერთგაგება, სულიერი კავშირი.
მალე დედა გავხდები და ხომ წარმოგიდგენიათ, როგორი ბედნიერი ვარ. ვიცი, ჩვენი გაცნობის სახალისო ისტორიას ხშირად მოვუყვებით შვილებს და თან ვეტყვი, რომ სასოწარკვეთილებას არ მიეცნენ. არც მაშინ დაყარონ ფარ-ხმალი, როცა ეგონებათ, რომ დამარცხდნენ, შეიძლება სწორედ მაშინ დგება გამარჯვების დრო, ამას კი მოგვიანებით ნახავენ.
იმ ტაქსის მძღოლს და მის ოფისს შეიძლება ახლაც ახსოვთ გოგო, რომელმაც თბილისში, პეკინზე დაიბარა და მერე “გადააგდო”. თუკი ეს ჟურნალი ჩაუვარდათ ხელში და ეს ისტორიაც ეცნოთ, მინდა, მათ ვუთხრა, რომ თქვენ ძალიან გამაბედნიერეთ!
ჟურნალი “სარკე”

გააზიარე

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018