“მოძალადე მამას გავექეცი და მოძალადე კაცთან აღმოვჩნდი”

– “ჩვენ ერთმანეთს შემთხვევით არ ვირჩევთ, ჩვენ ვხვდებით მხოლოდ მათ, ვინც უკვე არსებობს ჩვენს ქვეცნობიერში” – მას შემდეგ, რაც ფროიდის ეს სიტყვები წავიკითხე, სულ იმაზე ვფიქრობ, ნუთუ ჩემმა ქვეცნობიერმა მოძებნა ის მამაკაცი, რომელმაც, დღე არ გავა, ჩემზე ხელი არ აღმართოს. არადა მე ხომ ასეთ კაცს გავექეცი…
ბავშვობა არ მქონია. ზოგი რომ ყვება, რა ბედნიერი ხანა იყო ბავშვობა, ბევრი სათამაშო, სიყვარული, მოფერებაო, მე ეს ყველაფერი არ მქონია. მამას რამე თუ არ მოეწონებოდა ჩემი, კუთხეში მაყენებდა. გული რომ ამიჩუყდებოდა, ტირილის უფლებას არ მაძლევდა. ახლაც ჩამესმის ხოლმე ყურში: “შენი ხმა არ გავიგონო! ჩუმად!”. მეც გულში ტირილს მივეჩვიე, უხმოს, მაგრამ ძალიან მძიმეს. კუთხეში დადგომა კი თითქმის ყოველდღე მიწევდა.
დედა საკუთარ თავს ვერ იცავდა და, მით უმეტეს, მე ვერ დამიცავდა. უსუსური ქალი იყო, ქმრის საპირისპიროს ერთ სიტყვას ვერ ამბობდა. უფროსი ძმა მყავდა, მამა მას არასოდეს არაფერს ეუბნებოდა. მთელი სახლი თავზე რომ დაემხო, სიტყვას არ დაძრავდა, პირიქით, გაბრწყინებული თვალებით უყურებდა. მე კი ამოჩემებული ვყავდი.
15 წლის ვიყავი, როცა ჩემს ცხოვრებაში ასაკით უფროსი ბიჭი გამოჩნდა. მითხრა, რომ ვუყვარდი და ჩემთვის ეს საკმარისი იყო. არ მიყვარდა, ისე გავყევი ცოლად. ოღონდ მოძალადე მამისთვის დამეღწია თავი და აღარაფერს ვჩიოდი.
არ ვიცი, იმ ბიჭში, რომელსაც ცოლად გავყევი, რატომ ვერ ამოვიცანი მოძალადე. მე ხომ კარგად ვიცოდი ასეთი ადამიანების თვისებები, მაშინ რატომ ვერ ვიცანი? რატომ ვერ მივხვდი, რომ იგივენაირ სიტუაციაში აღმოვჩნდებოდი?
ახლა გასაქცევი არსად მაქვს და იძულებული ვარ, შევეგუო. დედასთან რამეს რომ ვიტყვი, მეუბნება, ჩემნაირი ქმარი რომ გყავდეს, მერე რაღას იზამდიო. თავის ქმართან შედარებით შაქარლამა ჰგონია, მაგრამ, აბა, მე მკითხოს. ხშირად ვფიქრობ, ნეტა, საერთოდ არ დავბადებულიყავი-მეთქი.
ჟურნალი “სარკე”

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018