რა არის ინ ვიტრო განაყოფიერება

ქალისა და მამაკაცის ფაქტორით გამოწვეული უშვილობა დღესდღეობით ერთ-ერთი აქტუალური პრობლემაა და რეპროდუქციული ასაკის წყვილთა 13-15 პროცენტს შეადგენს. დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების წყალობით, ბოლო 4 ათწლეულის განმავლობაში მსოფლიოში 6,5 მილიონამდე ახალი სიცოცხლე გაჩნდა.

რა არის ინ ვიტრო განაყოფიერება, რა მითი არსებობს ინ ვიტრო განაყოფიერების შესახებ, როგორია ჭეშმარიტი რეალობა, ამ თემებზე კლინიკა “ინ ვიტროს” რეპროდუქტოლოგი, აკადემიური დოქტორი მედიცინაში ანი მორჩილაძე საუბრობს.

ანი მორჩილაძე:

– ინ ვიტროს შემთხვევაში გამეტების, ანუ ქალისა დ მამაკაცის სასქესო უჯრედების შერწყმა ლაბორატორიის პირობებში ხდება და მიღებული ემბრიონის გადატანაც საშვილოსნოს ღრუში სპეციალური რბილი კათეტერით ხორციელდება. სანაყოფე პარკის მიმაგრებიდან დაწყებული, ემბრიონის და შემდგომში ნაყოფის განვითარების ყველა ეტაპი კი ინ ვიტროსა და ბუნებრივი ორსულობის შემთხვევებში იდენტურია.

– აუცილებელია თუ არა, ორსულობის დასრულება საკეისრო კვეთით ინ ვიტრო განაყოფიერების შემთხვევაში?

– არა, ხშირ შემთხვევაში ბავშვები ბუნებრივი მშობიარობის გზით ჩნდებიან. საკეისრო კვეთის განხორციელებისათვის ორივე შემთხვევაში ერთნაირი აუცილებელი ჩვენებაა.

– იწვევს თუ არა ჰორმონალური სტიმულაცია საკვერცხეებში არსებული ფოლიკულების მარაგის ამოწურვას?

– არა. პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ხელოვნური განაყოფიერების დროს ფოლიკულების მოსამწიფებლად, მოქმედებს კვერცხუჯრედების განვითარების მხოლოდ ფინალურ 20-დღიან სტადიაზე, რომელსაც ვაკვირდებით ულტრაბგერით კვლევაზე. ბუნებრივად, ჯანმრთელი რეპროდუქციული ქალის ორგანიზმში ყოველთვიურად მწიფდება და განაყოფიერებისათვის მზადდება მხოლოდ 1 ფოლიკული, იმ ეტაპზე არსებული 15-20 ფოლიკულიდან. ზოგადად კვერცხუჯრედების განვითარება ეტაპობრივი პროცესია და მოიცავს 180-220-დღიან პერიოდს. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ კვერცხუჯრედების ეს განსაზღვრული რაოდენობა ისედაც იღუპება. სტიმულაციისას კი ჩვენ საშუალება გვეძლევა მოვამწიფოთ და ავიღოთ ის დანარჩენი კვერცხუჯრედებიც, რომლებიც ისედაც განწირულნი არიან დაღუპვისათვის.

– ინ ვიტრო განაყოფიერებისას დაფეხმძიმების 100%-იანი გარანტია არსებობს?

– ცხადია, არა. ინ ვიტრო განაყოფიერება მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში ყველა შემთხვევაში დადებითი შედეგით არ სრულდება. დაფეხმძიმების და შემდგომში ბავშვის გაჩენის ინდექსი განსხვავებულია სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში. ყველაზე მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა 25-37 წლის ქალბატონებში ორსულობის სიხშირე, რაც 45-50 პროცენტს შეადგენს. 38-40 წლის ასაკის შემდეგ იწყება კვერცხუჯრედების “დაბერების” პროცესი, რაც მნიშვნელოვან უარყოფით ზეგავლენას ახდენს ორსულობის დადგომაზე და იწვევს დაფეხმძიმების პროცენტული მაჩვენებლის შემცირებას 42-44 წლის ასაკში 15-20 %-მდე და 45 ასაკის ზემოთ ეს ციფრი შეადგენს 5-8 %.

– ჰორმონალური სტიმულაციის ფონზე ნებისმიერ ასაკსა და შემთხვევაში შეიძლება ფოლიკულების მომწიფება?

– არა. სტიმულატორი არის ჰორმონალური საშუალება, რომელიც მოქმედებს საკვერცხეებში ამ კონკრეტულ ეტაპზე უკვე არსებულ “მარცვლებზე”, ანუ ფოლიკულებზე. სტიმულატორებს თავისთავად ამ მარცვლების წარმოქმნის უნარი არ გააჩნია. აქედან გამომდინარე, საკვერცხეებში რეზერვის გამოფიტვის შემთხვევაში ჰორმონალური მედიკამენტების გამოყენება ემსგავსება სიტუაციას, როდესაც ნიადაგს, რომელშიც მარცვალი არ ჩაგვიგდია და მხოლოდ ინტენსიურად ვრწყავთ და ვანოყიერებთ, შევყურებთ იმ ფუჭი იმედით, რომ ოდესმე მისგან მცენარე აღმოცენდება.

– ყველა ფოლიკულშია კვერცხუჯრედი?

– რა თქმა უნდა, არა. არსებობს ცარიელი ფოლიკულების სინდრომიც. ფოლიკული ხომ მხოლოდ სითხით სავსე ბუშტუკია, რომელიც ულტრაბგერაზე იდენტიფიცირდება, არის თუ არა მასში კვერცხუჯრედი და როგორი ხარისხისაა, რა თქმა უნდა, წინასწარ არ იცი, სანამ ფოლიკულს ინ ვიტრო განაყოფიერების პროცესში არ აიღებ. ზუსტად ეს არის ერთ-ერთი ხშირი მიზეზი პაციენტების დაგვიანებული მომართვიანობის, რაც დიდი ხნის განმავლობაში პაციენტს უქმნის ილუზიას დაფეხმძიმების პოტენციალის არსებობის.

– ემბრიოტრანსფერამდე რაც უფრო მეტია ემბრიონის უჯრედების რაოდენობა, მით უკეთესია მისი ხარისხი?

– რა თქმა უნდა, არა. ემბრიონის უჯრედების რაოდენობა დამოკიდებულია მისი განვითარების სტადიასა და არა ხარისხზე. მე-2 დღის ემბრიონი შედგება 3-4 უჯრედისაგან, მე-3 დღის 7-8-უჯრედიანია, ემბრიონი ზოგადად 5 დღის განმავლობაში შეიძლება დაყოვნდეს ლაბორატორიის პირობებში, ამის შემდგომ იგი უნდა იქნას გადატანილი საშვილოსნოს ღრუში ან შენახული კრიოპრეზერვაციის ანუ გაყინვის გზით. მე-5 დღის განვითარების ემბიონს ბლასტოცისტა ეწოდება და ის ემბრიონალური განვითარების უმაღლეს საფეხურს შეადგენს.

– რა ვადითაა შესაძლებელი ემბრიონების გაყინვა?

– ემბრიონების შენახვა შესაძლებელია იმ ვადით, რა ვადითაც სურს პაციენტს და ამით მათი ვარგისიანობა არ იცვლება. ჩვენს კლინიკაში დღესდღეობით გამოიყენება გაყინვის სწრაფი მეთოდი ვიტრიფიკაცია, ამ მეთოდის უპირატესობა მის წინამორბედებთან განსხვავებით, ხასიათდება ემბრიონების შენახვით ჟელესებრი კონსისტენციის მასაში ყინულის კრისტალების წარმოქმნის გარეშე. ზოგადად შესაძლებელია არა მხოლოდ ემბრიონების, არამედ კვერცხუჯრედების და სპერმატოზოიდების გაყინვაც, რაც ძალზედ აქტუალურია განსაკუთრებით ონკოპაციენტებში, ქიმიო და სხივური თერაპიის განხორციელებამდე. დღეისათვის არსებული მონაცემებით, ჩვენს კლინიკაში რამდენიმე ათასი ბიოლოგიური მასალაა დარეზერვებული.

– არსებობს მოსაზრება, რომ ინ ვიტრო განაყოფიერების შედეგად უპირატესად ტყუპები იბადებიან.

– ორი ან მეტი ემბრიონის გადატანის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, იზრდება ტყუპების გაჩენის ალბათობა. თუმცა, ევროპის მრავალ და განსაკუთრებით სკანდინავიის ქვეყნებში, უპირატესობა ენიჭება სელექტიურად ერთი ემბრიონის გადატანას საშვილოსნოს ღრუში, რადგან თუნდაც ორნაყოფიანი ორსულობა მიეკუთვნება პათოლოგიურ ფეხმძიმობას, რომლის შემთხვევაშიც კი იზრდება როგორც მუცლადყოფნის პერიოდში, ასევე მშობიარობის შემდგომ ახალშობილთა დაავადებების და გართულებების ალბათობა.

 

გააზიარე

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018