რა უნდა ვიცოდეთ ფარისებრ ჯირკვალზე ორსულობისას

ორსულობა ქალის ორგანიზმის ფიზიოლოგიური მდგომარეობაა, როდესაც აქტიურად ერთვება ადაპტაციური მექანიზმები. ასეთივე ადაპტაციური მექანიზმი ახასიათებს ფარისებრ ჯირკვალსაც, რომლის დატვირთვაც 30-50 პროცენტით იზრდება.

რა არის ჩიყვი, თირეოიდიტი, ჰიპერთირეოზი და ჰიპოთირეოზი, რა უნდა ვიცოდეთ ფარისებრ ჯირკვალზე ორსულობისას და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, ამ თემებზე არჩილ ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტის ექიმი ენდოკრინოლოგი ნანა ლევიძე საუბრობს.

ნანა ლევიძე:

_ ორსულობა არის ქალის ორგანიზმის ფიზიოლოგიური მდგომარეობა, რომლის დროსაც აქტიურად ერთვება ადაპტაციური მექანიზმები. ასეთი ადაპტაციური მექანიზმი ახასიათებს ფარისებრ ჯირკვალსაც, რომლის დატვირთვაც იზრდება 30-50%-ით.

ნაყოფის ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის აუცილებელია დედის ორგანიზმიდან იოდის საკმარისი რაოდენობით მიღება, რათა ხელი შეუწყოს ნაყოფის ფარისებრი ჯირკვლის ნორმალურ ჩამოყალიბებას და თიროქსინის გამომუშავებას. აღნიშნულიდან გამომდინარე აუცილებელია, ყველა ორსულმა მიიღოს იოდის საკმარისი რაოდენობა.

_ ფარისებრი ჯირკვლის რა დაავადებები არსებობს?

_ განასხვავებენ ფარისებრი ჯირკვლის შემდეგ დაავადებებს: ჩიყვი, თირეოიდიტი, ჰიპერ და ჰიპოთირეოზი.

ჩიყვისთვის დამახასიათებელია ფარისებრი ჯირკვლის დიფუზური გადიდება ან კვანძების წარმოქმნა, ფუნქციის როგორც დაქვეითება, ისე მომატება.

თირეოიდიტის დროს აღინიშნება ფარისებრი ჯირკვლის დიფუზური გადიდება, ტკივილი პალპაციის დროს, სხეულის ტემპერატურის მომატება, ყლაპვის გაძნელება. თირეოიდიტი შეიძლება იყოს გამოწვეული ინფექციური დაავადებით, ან იმუნური სისტემის სხვადასხვა დარღვევებით. ყოველივე ზემოაღნიშნული შეიძლება გახდეს ორსულობის დროს რიგი გართულებების მიზეზი.

ჰიპერთირეოზი _ `გრეივსის დაავადება~ _ დიფუზური ტოქსიური ჩიყვი _ მას ახასიათებს ფარისებრი ჯირკვლის გადიდება, გულისცემის აჩქარება, წონაში კლება, ხელების და სხეულის კანკალი, კუნთების სისუსტე, გაღიზიანება, ეგზოფთალმი ანუ თვალების გადიდება.

ორსულობამდე დიაგნოსტირებული `გრეივსის დაავადება~ წარმოადგენს ორსულობის უკუჩვენებას მკურნალობის გარკვეულ ეტაპამდე. ორსულობის დროს დიაგნოსტირების შემთხვევაში რეკომენდებულია გადაუდებელი მკურნალობა ჰორმონალური ანალიზების დინამიური კონტროლით, რათა თავიდან ავიცილოთ ნაყოფის განვითარების ანომალიები.

ჰიპოთირეოზი წარმოადგენს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებას. ამ დროს აღინიშნება ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ნაწილობრივი, ან სრული დეფიციტი.

ორსულობის დროს დადასტურებული ჰიპოთირეოზი შეიძლება გახდეს ნაყოფისთვის საკმაოდ მძიმე გართულებების მიზეზი. მას მიეკუთვნება კრეტინიზმი, ანემია, გულის თანდაყოლილი დაავადებები. ასევე ორსულობის ისეთი გართულებები, როგორიცაა პრეეკლამპსია, თვითნებითი აბორტი და ნაადრევი მშობიარობა.

_ რა სიმპტომები ახასიათებს ჰიპოთირეოზს?

ჰიპოთირეოზს ახასიათებს შემდეგი კლინიკური სიმპტომები: მეხსიერების დაქვეითება, ძილიანობა, გულის რითმის შენელება, გუნება-განწყობის ცვალებადობა, არტერიული წნევის მომატება, შეშუპება, წონაში მატება.

თიროქსინის დეფიციტით გამოწვეული ჰიპოთირეოზი საჭიროებს მკურნალობის დროულად დაწყებას ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ.

_ რა დატვირთვა აქვს ფარისებრ ჯირკვალს ორსულობის დროს?

_ ორსულობის დროს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის შესწავლა ერთ-ერთი რუტინული კვლევაა. ჰორმონალური სპექტრის შეფასება ხდება ყოველ 4-6 კვირაში ერთხელ, ხოლო ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპია ექიმი-ენდოკრინოლოგის დანიშნულების მიხედვით.

_ რამდენად რთულია ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების მართვა?

_ ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების მართვა თანამედროვე მედიცინისთვის სირთულეს აღარ წარმოადგენს. მთავარია ჩატარდეს დაავადების დროული დიაგნოსტირება და შეირჩეს მკურნალობის სწორი ტაქტიკა.

გააზიარე

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018