“ჩემი ძმა ტირის, ცოლი რატომ მომაყვანინეთო”

ჩემი ძმის გამო ძალიან ვნერვიულობ. უფროსი და ვარ, ჩემზე 11 წლით უმცროსია, თითქმის ჩემი გაზრდილია. ისე მიყვარს, როგორც საკუთარი შვილი. 25 წლის რომ გახდა, მას შემდეგ სულ ვეჩიჩინებოდით, ცოლი მოეყვანა. ჩემი მშობლებისთვის საფიცარი შვილია, ასაკში შეეძინათ და მასზე ამოსდით მზე და მთვარე. ძალიან უნდოდათ, დაქორწინებულიყო და შვილები ჰყოლოდა. დედა ამბობდა, სანამ შემიძლია, მინდა, დავეხმარო, ბავშვები გავაზრდევინოო.
ჩემი ძმა ასეთ სიყვარულს ნამდვილად იმსახურებს. არაჩვეულებრივი შვილი და ძმაა. ჩემს ქმარსაც ისე უყვარს, ზოგჯერ მგონია, რომ ჩვენი შვილებისგან ვერ არჩევს. ფიზიკურადაც ლამაზი ბიჭია და კარგი განათლებაც მიიღო. მოკლედ, ყველაფერი აქვს, რომ მის გვერდით კარგი გოგო იყოს და ასეთი შევურჩიეთ კიდეც.
28 წლის რომ გახდა, ძლივს გადავაწყვეტინეთ ცოლის მოყვანა. დედაჩემს ძალიან მოსწონდა ერთი გოგო. სულ ჩასჩიჩინებდა, შეხვდი, დაელაპარაკე, იქნებ მოგეწონოთ ერთმანეთი და ოჯახი შექმნათო. ჩვენი დაჟინებული თხოვნით, ეს გოგო გაიცნო, ერთმანეთი კი მოეწონათ, მაგრამ სიყვარულამდე მისვლა აღარ ვაცალეთ. დედაჩემმა განსაკუთრებულად იაქტიურა, დრო რატომ გავიყვანოთ, იდეალური წყვილი ხართ და ბარემ დაქორწინდითო.
ძმამ დაგვიჯერა და ცოლი შეირთო. მართლაც ძალიან კარგი წყვილია, ერთმანეთს საოცრად შეეფერებიან, მაგრამ ჩემი ძმა ვერ ეგუება ოჯახის შექმნას. ამას წინათ ჩემთან იყო მოსული, ჩემს ქმართან ერთად ცოტა დალია და გული აუჩუყდა, ტირილი დაიწყო, ცოლი რატომ მომაყვანინეთო.
ვკითხე, არ მოგწონს, არ გიყვარს-მეთქი. მიპასუხა, როგორ არ მომწონს, მის მიმართ გრძნობაც მაქვს, მაგრამ ვერ ვეგუები, ვერ ვხვდები, მთელი ცხოვრება მის გვერდით როგორ უნდა გავატაროო.
ჩემმა ქმარმა დაამშვიდა, შვილი რომ გეყოლებათ, ყველაფერი დალაგდებაო. ჩემმა ძმამ კი უპასუხა, მასთან შვილიც არ მინდაო.
მაშინ მივხვდი, რომ შეცდომა დავუშვით. ცოლის მოყვანა არ უნდა დაგვეძალებინა. ასაკს მნიშვნელობა არ აქვს, ოჯახის შექმნისთვის უმწიფარი იყო. მის გაზრდაშიც შეცდომები დავუშვით, სულ პატარა ბავშვით ვექცეოდით. მე, პირადად, დღემდე ენას ვუჩლექ, თითქოს ისევ პაწაწინა იყოს. დედაჩემი ხომ საერთოდ მისთვის ცხოვრობს. სახლში მხოლოდ იმ კერძებს აკეთებს, რაც ჩემს ძმას უყვარს.
ასეთი მოპყრობის გამო ვერ ჩამოაყალიბდა ზრდასრულ მამაკაცად და ახლა ეგოისტობს, თავის გვერდით აღარავინ უნდა, არც შვილი და არც ცოლი.
ღმერთს ვეხვეწები, ეს კრიზისი გადალახოს და პრობლემა უმტკივნეულოდ მოგვარდეს. არაჩვეულებრივი რძალი მყავს და არ მინდა, გული ეტკინოს. ქმარი მამშვიდებს, ნუ გეშინია, თავიდან ყველა კაცი განიცდის იმას, რომ მის გვერდით მუდმივად ერთი ქალი უნდა იყოს, მერე ყველაფერი თავის ადგილას ლაგდება, შვილი კი ასეთ ფიქრებს საერთოდ დაავიწყებსო.
იმედი მაქვს, ყველაფერი ისე იქნება, როგორც ჩემი ქმარი ამბობს, მაგრამ მაინც მეშინია, ვაითუ, ამ ემოციებს ვერ გაუძლოს და მეუღლეს გული ატკინოს. ამის წარმოდგენაც კი მაგიჟებს. ღმერთს ვეხვეწები, ეს განსაცდელი აგვარიდოს თავიდან.
ჟურნალი “სარკე”

გააზიარე

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018