“ჩემს ძმას ჭორებს უყრიან, რომ გეია”

გამარჯობა. ამ წერილს 15 წლის გოგო გწერთ. შეიძლება არ ვარ იმ ასაკის, რომ ჭკუა დავარიგო ვინმეს, მაგრამ მოთმენაც აღარ შემიძლია. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც რაღაცებზე უნდა მიუთითო, თორემ სხვანაირად ვერ ხვდებიან, რას ამბობენ და როგორ იქცევიან.
მყავს 20 წლის ძმა, რომელიც საოცრად კარგი პიროვნებაა. არც კი ვიცი, დედა უფრო მიყვარს თუ ჩემი ძმა. მამასავით არის ჩემთვის, სულ ცდილობს, ნებისმიერი სურვილი შემისრულოს, უზომოდ თბილი და მოსიყვარულეა და ასეა ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც უყვარს.
ძალიან დახვეწილია. ყოველთვის განსხვავებულად აცვია, ხშირად ისეთი ვარცხნილობები აქვს, რომელიც 2 წლის შემდეგ შემოდის მოდაში. შეუგნებელი ადამიანები დასცინიან, მაგრამ ეს დიდად არ აღელვებს, რადგან თავისი სამყარო აქვს და ისეთ ხალხთან კონტაქტი არც აქვს.
ხალხის ლაპარაკი არც მე შემაწუხებდა და შეიძლებოდა არც ეს წერილი გამომეგზავნა, მათი დაცინვა ბოროტებაში რომ არ გადაზრდილიყო. ახლა ჩემს ძმას ხმები დაუყარეს, რომ გეია და ასე განსხვავებულად ამიტომაც იცვამს.
ძალიან ცდებიან ისინი, ვინც ჩემს ძმას ცილს სწამებენ. მას შეყვარებული ჰყავს და სახლში იმაზეც გვქონდა ლაპარაკი, რომ მისი ცოლად მოყვანა უნდა. მამამ გადააფიქრებინა, ჯერ ამის საშუალება არ არისო, უთხრა.
ჩემი ძმა და ის გოგო ყოველდღე ხვდებიან ერთმანეთს. ალბათ ბოროტ ადამიანებს იმისიც შეშურდათ, რომ ის გოგო ძალიან ლამაზია და ჭორიც ამიტომ მოუგონეს.
მინდა, სათითაოდ ჩამოვუარო იმ ხალხს და ასეთი ცილისწამებისთვის პასუხი მოვთხოვო, მაგრამ დაქალები მეუბნებიან, თავი დაანებე, თავიანთი გაჭირვება ეყოფათ, ამ ამბავს ნუ გაქექავო. მეც ვუჯერებ, მაგრამ მეშინია, რომ ჩემი ძმა ამ ჭორს გაიგებს და გული ეტკინება. ბოლოს და ბოლოს ხომ შეიძლება მისი შეყვარებულის ოჯახის წევრებამდე მივიდეს ეს ხმები და იმ გოგოს ჩემს ძმასთან ურთიერთობა აუკრძალონ?
ნუთუ, ეს ჭორიკნები ასეთ შედეგებზე არ ფიქრობენ? ხომ შეიძლება, ჩემს ძმას ცხოვრება დაუნგრიონ, მშვიდი ადამიანი მხეც პიროვნებად აქციონ ან სულაც რაიმე დანაშაულისკენ უბიძგონ, ვიღაც სცემოს და ასე შემდეგ.
მათ ვეკითხები: ასე რომ მოხდეს, მერე მოისვენებთ? დამშვიდდებით? დაასვენებთ მაგ ენებს? ჩემი გითხარით, დანარჩენი თქვენი გადასაწყვეტია. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ამის მოთმენას არ ვაპირებ.
ჟურნალი “სარკე”

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018