ბალერინა ანა მურადელი დედის მკვლელობისთვის დააკავეს – დედა, მარინე მინდორაშვილი, ასოცირებული პროფესორი იყო

ანი მურადელი, რომელიც წლების განმავლობაში ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი იყო, ამჟამად დაკავებულია.
იგი წუხელ სამართალდამცავებმა ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
დედა-შვილი, ისნის რაიონში, სახლში მარტო ცხოვრობდა. ანა მურადელმა დედის მკვლელობამდე, ერთი კვირის წინ ოპერის სცენაზე ერთ-ერთი წამყვანი როლი ითამაშა. 13-14 მაისს, ხელოვანმა საბალეტო დადგმაში „გორდა“ აღმოსავლური ცეკვა შეასრულა.
იგი ოპერის სცენაზე მხოლოდ შაბათ-კვირას დაანონსებულ ბალეტზე ღებულობდა მონაწილეობას. უკვე, 15 მაისს დასის წევრებისთვის ცნობილი გახდა, რომ 21-22 მაისს (შაბათ-კვირას) რეპეტიციას არ დაესწრებოდა.

– ანა მურადელი სამშაბათიდან ვირუსის გამო, „ბიულეტინზე“ გავიდა და შაბათ-კვირას, ოპერაში აღარ გამოცხადებულა, – აცხადებენ ოპერის თანამშრომლები.
ანა მურადელი ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სცენაზე დაახლოებით 15- 18 წელია ცეკვავს. ყოფილმა პრიმაბალერინამ სხვადასხვა დროს მონაწილეობა მიიღო ისეთ საბალეტო დადგმებში, როგორებიცაა „გედების ტბა“ , „ჟიზელი“ „დონ კიხოტი“ „გორდა“ და სხვა მრავალი.

ოპერის თანამშრომლები ანა მურადელს დადებით პიროვნებად ახასიათებენ. მას საქმისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა და ზედმეტად პასუხისმგებლური დამოკიდებულება ჰქონდა.
– ის არაჩვეულებრივი მოცეკვავეა, არაჩვეულებრივი და ულამაზესი გოგოა, ჩვენ ყველა შოკში ვართ. არ ვიცით რა მოხდა. საშინელი ტრაგედიაა, – აღნიშნა „კვირასთან“ საუბრისას დასის ერთ-ერთმა წევრმა.
თუმცა, პრიმაბალერინას პირად ცხოვრებაში დეპრესიული პერიოდიც ჰქონდა.
ანა და მისი მეუღლე, რეზო მაღალაშვილი, რამდენიმე წლის წინ დაშორდნენ. ანას ქორწინებიდან არც შვილი ჰყოლია.
რეზო მაღალაშვილი მუსიკოსის და ჯაზმენის, ჯარჯი მაღალაშვილის ძმისშვილი და ცნობილი ბალერონის, ნუკრი მაღალაშვილის შვილია.
მეუღლის დაშორების შემდეგ, პრიმაბალერინა ალკოჰოლდამოკიდებული გახდა. რამდენიმე წლის წინ ფეხზე ტრავმა მიიღო და სცენაზე პირველხარისხოვან როლებს ვეღარ ასრულებდა.

ოპერის თანანმშრომლები „კვირასთან“ საუბრისას ამბობენ, რომ ანა მურადელის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე განსაკუთრებით ზრუნავდა პრიმაბალერინა ნინო ანანიაშვილი. სწორედ მისი დახმარებით, ანა მურადელს ფეხზე ოპერაცია და ალკოჰოლისადმი დამოკიდებულების საწინააღმდეგოდ სამკურნალო კურსიც ჩაუტარდა.

ანა მურადელი ბოლო წლების განმავლობაში, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში მეორეხარისხოვან როლებს ასრულებდა.
ანა მურადელი ოჯახის ერთადერთი შვილია. მამამისი, ლევან მურადელი ცნობილი მუსიკოსი, სახელმწიფო კაპელის ერთ-ერთი წევრი იყო. იგი დაახლოებით 5 წლის წინ გარდაიცვალა. დედა, მარინე მინდორაშვილი, ასოცირებული პროფესორი იყო. იგი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გარდა, კიდევ სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში ლექციებს კითხულობდა.
მეზობლების ინფორმაციით, ტრაგედიამდე დედა-შვილს შორის კონფლიქტი გახშირდა.

არსებული ინფორმაციით, ანა მურადელმა დედა თავში ბლაგვი საგნის ჩარტყმის შედეგად მოკლა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. ამ ეტაპზე შსს-ში მომხდართან დაკავშირებით დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ.

kvira.ge