დათო ლიკლიკაძე ქუთაისურ ომლეტს და მადამ ბოვარის განსაკუთრებულად ამზადებს

დათო ლიკლიკაძე ქუთაისურ ომლეტს და მადამ ბოვარის განსაკუთრებულად ამზადებსჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე მას შემდეგ, რაც დაოჯახდა, ცდილობს, სამზარეულოში დახელოვნდეს და უკვე იმდენად კარგი შედეგები აქვს, რომ ჟურნალ “სარკეს” თავისი რეცეპტებიც გაუზიარა.

მაგალითად, ქუთაისური ომლეტი თურმე ასე მზადდება:
– ორი ადამიანის ულუფისთვის საჭიროა 3 კვერცხი. კვერცხს ავთქვეფ და რამდენიმე ნაჭერ ყველს ჩავხეხავ, დავაყრი წვრილად დაჭრილ რამდენიმე ნაჭერ ძეხვს. მანამდე ტაფაზე დავასხამ ზეთს, დავაყრი წვრილად დაჭრილ ხახვს და მოვშუშავ. შემდეგ ათქვეფილ და შეზავებულ კვერცხს დავასხამ და შევწვავ. მარილს გემოვნებით ვუზამ. შეგიძლიათ საწებელი მოასხათ და ისე მიირთვათ.
– კიდევ რას ამზადებთ განსხვავებულად?
– მადამ ბოვარის. ტაფაზე დაასხამთ ზეთს, დააყრით 2 თავ დაჭრილ ხახვს. შეწვავთ 2 ცალ კარტოფილს, 2 ცალ ბადრიჯანს კუბიკებად დაჭრილს, 2 ცალ პომიდორს. თუ ქათმის ფილე გაქვთ, 1 მოზრდილ ნაჭერს დაუმატებთ, თუ სოსისი გაქვთ – 3-4 ცალს წვრილად დაჭრით და დააყრით. შემდეგ ნახევარ თავ ყველს მოახეხავთ და მოასხამთ 2 ცალ ათქვეფილ კვერცხს. ბოლოს 3-4 კბილ გატარებულ ნიორს მაიონეზში ან არაჟანში აურევთ და ზემოდან მოასხამთ. 20 წუთში მზად არის.
– ჰაერღუმელში დგამთ?
– არა, ტაფაზე ვაკეთებ. ღუმელში ცხობის ნერვები და დრო სად მაქვს! ქართულად ამას კეცზე აკეთებენ, მაგრამ მე ტაფაზე ვამზადებ. ყველი რომ ჩადნება, მზადაა. ფაქტობრივად ბოსტნეულის რაგუა, ოღონდ ხორცი და კვერცხი აქვს დამატებული.
ხომ ამბობენ, ხორცისტი ვარ, ბოსტნეულისტი ვარო, ზოგი რძის ნაწარმზე გიჟდება, მაგრამ მე ვარ ყველაფრისტი. თუმცა ხილსა და ტკბილეულზე დიდად არ ვგიჟდები.
– ცოლი როგორი კულინარია?
– წვნიან და ხორციან საჭმელებს ის აკეთებს, თანაც არაჩვეულებრივად. ამას წინათ ერთი თავი კომბოსტოთი ორნაირი კერძი გააკეთა. ნახევარი თავი კომბოსტო ჩაშუშა მოხარშულ კარტოფილთან, ტომატთან და ხახვთან ერთად, მერე კი მარილითა და პილპილით შეაზავა. მეორე ნახევარი ძალიან წვრილად დაჭრა, სტაფილო და მწვანილი დააყარა, ძმარი და ზეთი დაამატა და უგემრიელესი სალათი გააკეთა.
განსაკუთრებულად აკეთებს გუფთას, მართალია, სტანდარტული რეცეპტით, მაგრამ უგემრიელესი გამოდის. ასევე ძალიან გემრიელ ქათმის სალათს აკეთებს, როგორც ვიცი, 2 მოხარშული ქათმის გულმკერდით, მაიონეზით, 2 კბილი ნივრით და 2 ჭიქა მოხარშული ბრინჯით.
ჩემს ცოლს გემრიელი ხელი აქვს, მაგრამ სამზარეულოს გოგო არ არის. მოგატყუებთ, რომ ვთქვა, ოღონდ სამზარეულოში შეუშვი და იქიდან გამოსვლა აღარ უნდა-მეთქი, მაგრამ კეთება იცის და უხარია, როცა ერთად გეახლებით მის ნახელავს.
დედაჩემი ხაჭაპურის ერთ-ერთი ნომერი პირველი მცხობელი იყო ჩვენს უბანში. საერთოდ, იმერეთში ხაჭაპურის გაკეთებით ფასდება ქალი, მაგრამ, როცა სვანმა სიდედრმა ახალ წელს და შობას ხაჭაპური მოგვართვა, დედაჩემს ვუთხარი, ჩვენ ახალი ხაჭაპურის გამოგონება მოგვიწევს, რადგან აშკარად გვაჯობა-მეთქი.
– თქვენი სიდედრი კიდევ რას ამზადებს განსაკუთრებულად?
– კუბდარს. ისეთი გემრიელი სვანეთშიც კი არ მაქვს გასინჯული.
– ბაზარში თქვენ დადიხართ?
– როცა ჩემი მეუღლე საჭმელს აკეთებს, მივდივარ ბაზარში და ყველა პროდუქტს სიყვარულით ვყიდულობ. მას გაუმართლა, პრეტენზიული მჭამელი არ ვარ, თუმცა თვითონ არის პრეტენზიული, უნდა მოსწონდეს ჭარხალი – მოგრძო ზომის უნდა იყოს. გლეხებს ვეკამათები ხოლმე, შეიძლება შენი ჭარხალი კარგია, მაგრამ ჩემს მეუღლეს არ მოეწონება-მეთქი.
ადამიანებს, რომლებსაც წონის პრობლემა აქვთ, ვეტყვი, რომ სულაც არ არიან უიღბლოები, პირიქით, მეცოდებიან გამხდრები, რადგან არ იციან დიეტის დამთავრების შემდეგ საყვარელი საჭმლის გემო. წონის პრობლემა მაქვს, მაგრამ რაც მეკრძალება, ის არის გემრიელი.
– რამდენი კილოგრამის დაკლება გინდათ?
– 90 კილო ვარ და მინდა, 85 კილომდე ჩამოვიდე.
ლანა კიკნაძე, ჟურნალი “სარკე”