დიმიტრი გაბუნია: „დიდ გაურკვევლობაში ვარ“

დიმიტრი გაბუნია: „დიდ გაურკვევლობაში ვარ“ კლინიკა „ლანცეტის“ საქმესთან დაკავშირებით დიმიტრი გაბუნიას გვარმაც გაიჟღერა. „ახალი თაობასთან“  მან განაცხადა, რომ არ იცის, რატომ ახსენეს მისი გვარი.

_ ბატონო დიმიტრი, კლინიკა „ლანცეტის“ სკანდალთან დაკავშირებით, მისი დირექტორის მხრიდან თქვენმა გვარმაც გაიჟღერა. რა კავშირში ხართ ამ საქმესთან?

_ აბსოლუტურად დიდ გაურკვევლობაში ვარ. თაღლითობაში ეჭვმიტანილმა ადამიანმა რატომ დაასახელა ჩემი სახელი და გვარი, არ ვიცი. მე ნინო კუზანოვას ადვოკატი ვიყავი მაგათ წინააღმდეგ შრომით დავაში, როდესაც ნინო გაათავისუფლეს სამსახურიდან.

_ დაკავებულის თქმით, მათი ადვოკატი იყო გაბუნია და დღეს მათ წინააღმდეგ პროკურატურას შეეკრა. ასეა?

_ სისულელეა! რა შეხება მაქვს მე პროკურატურასთან, როცა სისხლის სამართლის საქმეში ადვოკატი არა ვარ და არც ლიცენზია გამაჩნია. მე ვიყავი კუზანოვას ადვოკატი. მხოლოდ ამით შემოიფარგლება ჩემი შეხება ლანცეტთან. ჩემთვის გაუგებარია, რატომ, ან რა კონტექსტში დაასახელა ჩემი გვარი! მე წავიკითხე გუშინდელი ნიუსები, ვაპირებ ჩემს კოლეგა გელა ნიკოლაიშვილთან კონტაქტს და თუ ამ ცნობებს არ უარყოფს, მივმართავ სარჩელით სასამართლოს რეპუტაციის შელახვის თაობაზე.