თორნიკე შარაშენიძე: „ამერიკისგან ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა მივიღეთ“

თორნიკე შარაშენიძე: „ამერიკისგან ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა მივიღეთ“– ვიღაც-ვიღაცების სიხარული, რომ ტრამპი რუსეთის კაცია, რომ პუტინმა თავისი კაცი დასვა ამერიკის პრეზიდენტად, იმთავითვე იყო სისულელე. უფრო მეტიც, ტრამპი, რომელიც დღეს აქტიურად ცდილობს დაამტკიცოს, რომ ის ნამდვილად არ არის პუტინის აგენტი, ნამდვილად არ არის რუსეთის გავლენის ქვეშ, გაცილებით მეტად ცდილობს დაუჭიროს საქართველოს მხარი, იმაზე მეტადაც კი, ვიდრე უჭერდა ობამა, – აცხადებს „ახალ თაობასთან“ თორნიკე შარაშენიძე.

როგორც ექსპერტი აცხადებს,  `ბოლოს და ბოლოს ჩვენ დავინახეთ ამერიკის მხრიდან კონკრეტული ქმედება ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მიმართ~.

– კონკრეტული რამ ითქვა და მივიღეთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. აქამდე იყო ძალიან სერიოზული დიპლომატიური დახმარება არაღიარების პოლიტიკის მხრივ. თავს ნუ მოვიტყუებთ, მარტო ჩვენი დიპლომატიის ძალისხმევით არ მომხდარა ის, რომ მხოლოდ ვენესუელამ და ნიკარაგუამ აღიარა ცხინვალი და აფხაზეთი. დღეს კი დაწესდება სერიოზული ეკონომიკური სანქციები მათ მიმართ, ვინც ითანამშრომლებს სეპარატისტულ რეჟიმებთან და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.

ამერიკული სანქციები რომ სახუმარო საქმე არ არის, ეს ისტორიამ არაერთხელ დაადასტურა. ამერიკის მთავრობა ძალიან სერიოზულად უყურებს ამ საკითხს. ეს არ არის გადაწყვეტილება მხოლოდ განცხადების დონეზე და ამ გადაწყვეტილებამ სერიოზულად უნდა ააფორიაქოს ისინი, ვინც სოხუმსა და ცხინვალში ზის! კარგად უნდა მიხვდნენ, რომ მათი დამოუკიდებლობა ჩამოკიდებულია მხოლოდ რუსეთის კეთილ ნებაზე და სხვა არაფერზე!

შარაშენიძის განცხადებით, ლუჟკოვის ვიზიტი ჩვენი ხელისუფლებისთვის გაკვეთილი იქნება.

_ იმას, რაც ამერიკის კონგრესმა გააკეთა, ლუჟკოვის ვიზიტი ჩრდილს როგორ მიაყენებს?! ეს ჩვენთვის შეურაცხმყოფელი იყო, მაგრამ ვერანაირად გადაფარავს იმას, რაც მოხდა. ლუჟკოვის ჩამოსვლა და მისი თავხედური განცხადებები გაკვეთილი იქნება საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების დიდი ნაწილისთვის, ვინც ეს გაატარა თავის დროზე და მიაჩვია თავგასული რუსი პოლიტიკოსები მსგავს რაღაცებს. როგორც მიაჩვიეს, ისე გადააჩვიონ, – აცხადებს შარაშენიძე.