კონგოში დატყვევებული იოსებ ოსურაული შესაძლოა შეტაკებას ემსხვერპლა

კონგოში დატყვევებული იოსებ ოსურაული შესაძლოა შეტაკებას ემსხვერპლაკონგოელი აჯანყებულების ტყვეობაში მყოფი ქართველი იოსებ ოსურაული შესაძლოა დაპირისპირებულ მხარეებს შორის მომხდარ შეტაკებას ემსხვერპლა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გუშინ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაკარგული იოსებ ოსურაულის ძმასთან შეხვედრა გაიმართა.

საქართველოს მოქალაქის შესაძლო დაღუპვის შესახებ ცნობას ამ დრომდე არც გაერო და არც კონფლიქტში ჩართული მხარეები არ ადასტურებენ.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ზვიად გონაძის თქმით, საგარეო უწყება ინფორმაციას ყველა იმ მხარისგან ელოდება, რომელსაც ამ ფაქტთან დაკავშირებით დადასტურებული ცნობის მოწოდება შეუძლიათ:

– დაპირისპირებულ მხარეებს შორის მოხდა შეტაკება რომელსაც მოჰყვა მსხვერპლი, სამწუხაროდ, შესაძლოა, იოსებ ოსურაულიც იყოს მათ რიცხვში, ამ ინფორმაციის მიღებისთანავე ჩვენ ყველ მხარეს- კონგოს მხარე, გაერო, წითელი ჯვარი, ვთხოვეთ დადასტურება. დღეისათვის დასტური არცერთი მხარისგან არ გვაქვს. – განაცხადა გონაძემ.

კონკრეტული ინფორმაციის მოლოდინშია ოსურაულის ოჯახიც, მისი ძმის გიორგი ოსურაულის თქმით ჯერჯერობით ისინი მოვლენების განვითარებას ელოდებიან:

„ამ ინფორმაციასაც არ ვეყრდნობით იქიდან გამომდინარე, რომ არავინ ადასტურებს, უბრალოდ უნდა დაველოდოთ მოვლენებს რომ რამე კონკრეტული დაიდოს“- განაცხადა გიორგი ოსურაულმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოქალაქეებს კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მოგზაურობისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს, იქ მყოფებს კი მიმართავს, დაუყოვნებლივ დატოვონ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა.

ნიუპოსტი