სალომე ჭაჭუა: “ირაკლი მაქაცარია ცეკვისთვის ზედმეტად ათლეტურია”

სალომე ჭაჭუა: "ირაკლი მაქაცარია ცეკვისთვის ზედმეტად ათლეტურია"მოცეკვავე სალომე ჭაჭუა შოუში “ცეკვავენ ვარსკვლავები” ტელეწამყვანსა და კინოპროდიუსერ ირაკლი მაქაცარიას უწევს პარტნიორობას. თუ როგორ შეეწყვნენ ერთმანეთს, სალომე ჟურნალ “სარკესთან” საუბრობს.
– სალომე, პროექტში “შენ შეგიძლია ცეკვა” საზოგადოებამ ჟიურის ამპლუაში გნახათ, ახლა ისევ დაუბრუნდით ცეკვას. ეს ჩამოქვეითებას ხომ არ ნიშნავს?
– ჩამოქვეითება რა მოსატანია, “შენ შეგიძლია ცეკვა” სულ სხვა პროექტია, “ცეკვავენ ვარსკვლავები” – სხვა. შედარებასაც არ გავაკეთებ, რომელი უფრო მაღალი სტატუსია – ჟიურის წევრობა თუ მოცეკვავეობა. ხალხი ჩემგან ელოდება ცეკვას, მათ ცეკვით გამიცნეს და შემიყვარეს და ჩემთვის პრიორიტეტული არის ცეკვა.
– ის პერიოდი როგორ გახსენდებათ, როცა თავად აფასებდით კონკურსანტებს?
– ჟიურის წევრობა რომ შემომთავაზეს, ბევრი ვიფიქრე, რადგან იქ უნდა მელაპარაკა, მე კი მთელი ცხოვრება ჩემი სხეულით ვსაუბრობ. ამიტომაც ძალიან რთულადმივიღე გადაწყვეტილება. დუტა სხირტლაძე რომ არა, ალბათ უარს ვიტყოდი. მან მასწავლა, როგორ უნდა მელაპარაკა, როგორ უნდა მოვქცეულიყავი.
ვცდილობდი, ობიექტური და კომპეტენტური ვყოფილიყავი. როცა მოცეკვავე მზად არ იყო სცენაზე გამოსასვლელად, ვუხსნიდი ისე, რომ არ დამემცირებინა, უხეშად არ მიმემართა. მოცეკვავე ვარ და კარგად ვიცი, რას გრძნობენ შეფასების დროს კონკურსანტები. ვთვლი, რომ ჟიურის ამპლუას თავი კარგად გავართვი.
– სოციალურ ქსელში იყო კრიტიკაც?
– ერთი-ორი ადამიანი ყოველთვის იქნება ისეთი, რომლებიც გაგლანძღავენ, გაგაკრიტიკებენ, მაგრამ უმრავლესობას მოვწონდი. ამბობდნენ, რომ კომპეტენტური ვიყავი.
სალომე ჭაჭუა: "ირაკლი მაქაცარია ცეკვისთვის ზედმეტად ათლეტურია"– ხშირად წერენ თქვენს პირად ცხოვრებაზეც…
– კიდევ წერენ? დიდი ხანია პირად ცხოვრებაზე აღარ ვსაუბრობ, ამიტომ არც ახლა ვიტყვი რამეს. გთხოვთ, ამ თემაზე მეტი კითხვა აღარ დამისვათ.
– რას გვეტყვით ირაკლი მაქაცარიაზე, როგორ შეეწყვეთ ერთმანეთს?
– პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ ირაკლი ძალიან დადებითი ადამიანი და უზომოდ შრომისმოყვარეა. ცდილობს, მთლიანად მიიღოს ის სიამოვნება, რაც ცეკვას ახლავს.
– ვიცით, რომ მეწყვილეების მიმართ ძალიან მომთხოვნი ხართ. თქვენც ბევრს შრომობთ და მათგანაც იმავეს ითხოვთ. ირაკლი გემორჩილებათ?
– არ სჭირდება დამორჩილება, თვითონვე ხვდება, რომ ბევრი მუშაობაა საჭირო.
– რა პროგნოზის გაკეთება შეგიძლიათ, ფინალში, გამარჯვებულის ამპლუაში ხედავთ თქვენს წყვილს?
– ვის არ უნდა მოგება? ამ გადასახედიდან მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ფინალში მოხვედრის შანსი გვაქვს.
– ირაკლის არ უჭირს დღეში 8-9 საათი ცეკვა?
– როგორც ვიცი, ბავშვობაში ცეკვავდა. სულ ვარჯიშობს, ალბათ შეამჩნევდით, რომ ძალიან ათლეტურია, ცეკვისთვის ზედმეტადაც კი და მეგონა, გაუჭირდებოდა. კუნთის ბევრი მასა კარგავს ელასტიკურობას, მაგრამ, საბედნიეროდ, შევცდი, ირაკლი თავის სხეულს ძალიან კარგად ფლობს.
– რეპეტიციები, მოსწავლეების მეცადინეობა, საკუთარ თავზე მუშაობა – ამ დატვირთულ რეჟიმში პირადისთვის დრო გრჩებათ?
– არამარტო საკუთარი თავის, მეგობრებისა და ოჯახის წევრებისთვისაც მცირე დრო მრჩება.
ჩემთვის ცეკვაა მთავარი სიამოვნება. რაც მეტს ვარჯიშობ, მეტად ვითარდები და ეს არის ყველაზე დიდი ბედნიერება. კვირაში მხოლოდ ერთ დღეს ვისვენებ. კვირადღეს ვხედავ ოჯახის წევრებს, მეგობრებს ან უბრალოდ კარგად გამოვიძინებ ხოლმე. როგორი ხმაურიანიც ვარ სცენაზე, იმის საპირისპირო ვარ რეალურ ცხოვრებაში, ანუ ძალიან მშვიდი.
– სილამაზის სალონი, შოპინგი უკანა პლანზეა?
– ჯერჯერობით არ მჭირდება კრემების შეძენა, საათობით სალონში ჯდომა. ახლა ნატურალური ვარ და მერე არ ვიცი, რა იქნება.
ჩემი ყოველდღიური სამოსი არის სპორტული, თუმცა ძალიან მიყვარს კლასიკურად ჩაცმაც. პროექტში “შენ შეგიძლია ცეკვა”, საშუალება მომეცა, კლასიკური სამოსი ჩამეცვა.
– იმ შოუში თამამად იცვამდით, თქვენს დეკოლტეზე დიდხანს ლაპარაკობდნენ სოციალურ ქსელებში.
– არ ვიტყოდი, რომ თამამი ჩაცმულობა მქონდა. არ ვიცი, ვინ როგორ საზღვრავს, მაგრამ ჩემთვის მთავარია, სამოსი არ იყოს ვულგარული და იყოს სექსუალური.
– ძალიან პოპულარული გახდით. შინაგანად შეგცვალათ ამ წარმატებამ?
– არასდროს არაფერი ამვარდნია თავში, ეს მომენტი არც მქონია და არც მექნება! ისეთივე სალომედ დავრჩი, როგორიც ვიყავი.
ლანა კიკნაძე, ჟურნალი “სარკე”