სასამართლომ დემირელის კოლეჯის მენეჯერ მუსტაფა ემრე ჩაბუკს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

სასამართლომ დემირელის კოლეჯის მენეჯერ მუსტაფა ემრე ჩაბუკს წინასწარი პატიმრობა შეუფარდამოსამართლე გიორგი კერატიშვილმა დემირელის კოლეჯის ბრალდებულ მენეჯერს მუსტაფა ემრე ჩაბუკს აღკვეთის ღონისძიების სახით საექსტრადაციო სასჯელი შეუფარდა, რაც 3-თვიან პატიმრობას ითვალისწინებს.

მუსტაფა ემრე ჩაბუკისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლომ დღეს იმსჯელა. პროკურატურა თურქეთის საგამოძიებო უწყებებიდან გადმოგზავნილი დოკუმენტაციის საფუძველზე თურქეთის მოქალაქისთვის პატიმრობის შეფარდებას და მოგვიანებით მის ექსტრადირებას ითხოვდა.

პროკურორების ინფორმაციით, ჩაბუკს თურქეთში ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედება ბრალად. სახელმწიფო ბრალდების ცნობით, დაკავებულს დემირელის სკოლის წილების გადამალვასა და გასხვისებაშიც ედება ბრალი. ამ წილების ნაწილი, პროკურატურის ინფორმაციით, დაყადაღებულია.

დაცვის მხარე ბრალდებულის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების გარეშე გათავისუფლებას ან 10-ათასიან გირაოს ითხოვდა. ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი 15 წელია, რაც საქართველოში პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა და ეს ბრალდება უსაფუძვლოა.

– დღეს თურქეთში სამართლიანობა არ არსებობს და მოვითხოვ ქართულმა მხარემ არ გადამცეს თურქეთს. არანაირი უწყება არ ჩამბარებია. არ მესმის, რაზეა საუბარი. მე დანაც კი არ მიტარებია არასოდეს, – განაცხადა პროცესზე მუსტაფა ემრე ჩაბუკიმ.

მუსტაფა ემრე ჩაბუკი ქართველმა სამართალდამცველებმა გუშინ დააკავეს.

imedinews.ge