სოსო ჯოხაძის მკვლელობაში ბრალდებულ ბადრი ნათობაძეს 19 წლით ციხე მიესაჯა

სოსო ჯოხაძის მკვლელობაში ბრალდებულ ბადრი ნათობაძეს 19 წლით ციხე მიესაჯათბილისის საქალაქო სასამართლომ სოსო ჯოხაძის მკვლელობისთვის ბრალდებულს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
35 წლის ბადრი ნათობაძეს სოსო ჯოხაძის განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებასთან ერთად, ბრალად ედებოდა ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარება.

როგორც “ნიუპოსტს” სასამართლოდან აცნობეს, წარდგენილი ბრალის თანახმად, ბადრი ნათობაძეს ბრალად ედებოდა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება, ასევე განზრახ მკვლელობის მცდელობა ორი ან მეტი პირის მიმართ და განზრახ მკვლელობა. მასვე, ბრალად ედებოდა ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ.

საქმე ეხება 2016 წლის სექტემბერში მომხდარ შემთხვევას, როდესაც ბრალდებულმა ბადრი ნათობაძემ. მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღიდან, განახორციელა მრავლობითი გასროლა ავტომანქანის მიმართულებით. შედეგად, მარჯვენა სავარძელზე მჯდომი ზ. ჩ. დაიჭრა, ხოლო საჭესთან მჯდომი სოსო ჯოხაძე მრავლობითი, ცეცხლნასროლი ჭრილობებით ადგილზე გარდაიცვალა.

ღია სასამართლო სხდომებზე, წარდგენილი ბრალი ბადრი ნათობაძემ ნაწილობრივ აღიარა და არ დაეთანხმა ზ. ჩ.-ს მიმართ მკვლელობის განზრახვის ბრალდებას.

სასამართლომ მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადგენილად მიიჩნია ბადრი ნათობაძის მხრიდან ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენის ფაქტები. შესაბამისად, სასჯელთა ნაწილობრივ შეკრების, შთანთქმის პრინციპის გამოყენებითა და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 19 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.