ხვალ თამარა გაჩეჩილაძე ევროვიზიის პირველ ნახევარფინალში იმღერებს

ხვალ თამარა გაჩეჩილაძე ევროვიზიის პირველ ნახევარფინალში იმღერებსსაქართველოს წარმომადგენელი ევროვიზიის სიმღერის საერთაშორისო კონკურსზე თამარა გაჩეჩილაძე პირველ ნახევარფინალში 9 მაისს მეორე ნომრად იმღერებს. სწორედ ამ დღეს გახდება ცნობილი, გადავა თუ არა ფინალში ქართველი მომღერალი და შეძლებს თუ არა საქართველო რიგით 62-ე ევროვიზიის მოგებას.
უკრაინის დედაქალაქ კიევში “ევროვიზია 2017″ ოფიციალურად უკვე გაიხსნა. ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე, საქართველოს წარმომადგენელმა თამარა გაჩეჩილაძე საქართველოს დელეგაციასთან ერთად, წითელ ხალიჩაზე გულშემატკივრებისა და მედიის წინაშე წარდგა.
წელს კონკურსში სულ 42 ქვეყანა მონაწილეობს. რუსეთი კონკურსს გამოეთიშა. მიზეზი უკრაინის სახელმწიფოს მიერ რუსი მომღერლის იულია სამოილოვასთვის ,,ევროვიზიის” კონკურსში მონაწილეობაზე უარის თქმა გახდა. რუსეთის პირველმა არხმა უარი განაცხადა 2017 წლის “ევროვიზიის” ტრანსლირებაზეც.
კონკურსამდე რამდენიმე დღით ადრე თამარა გაჩეჩილაძემ სპეციალური პრესკონფერენცია უკრაინაში საქართველოს საელჩოში გამართა და ჟურნალისტთა შეკითხვებს უპასუხა.
“ევროვიზია 2017”-ის პირდაპირ ეთერს საზოგადოებრივზე ჟურნალისტი დემეტრე ერგემლიძე გაუძღვება. იგი შარშან საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის პირდაპირ ეთერსაც უძღვებოდა, როდესაც მარიამ მამადაშვილმა საქართველოს რიგით მესამე გამარჯვება მოუტანა.
2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსი კიევის საერთაშორისო საგამოფენო ცენტრში 9, 11 და 13 მაისს გაიმართება. შოუს პირდაპირი ეთერით ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი განახორციელებს.