დიდი ბრიტანეთის სამი მცხოვრები გადაარჩინეს იახტიდან, რომელიც ვეშაპთან შეჯახების შედეგად იძირებოდა. ამ ინფორმაციას გამოცემა დეილი მირორი ავრცელებს.
ბრიტანული იახტა ვეშაპს ატლანტის ოკეანეში პორტუგალიის კუნძულ ტერსეირადან, რომელიც აზორის არქიპელაგში შედის, ჩრდილო-დასავლეთით 570 კილომეტრის მანძილზე შეეჯახა. იახტაზე მყოფები არ დაშავებულან, თუმცა თავად ხომალდი დაზიანდა და ჩაძირვა დაიწყო.
ეკიპაჟის მიერ გაგზავნილი უბედურების მაუწყებელი სიგნალი პორტუგალიელმა მაშველებმა მიიღეს. მათ იახტსმენების მოსაძებნად ორი სამხედრო თვითმფრინავი გაგზავნეს, თუმცა მანამდე მეზღვაურების აყვანა იქვე ახლოს აღმოჩენილმა სავაჭრო ხომალდმა მოასწრო, რომელიც ლიბერიის დროშით ავილესის პორტისკენ მიცურავდა.