“დედა ბებიაჩემისგან ბევრ დამცირებას იტანს”

"დედა ბებიაჩემისგან ბევრ დამცირებას იტანს"მინდა, ჩემი ოჯახის ამბავი მოგწეროთ. ის სიტუაცია, რაც ჩემს სახლში ტრიალებს, ძალიან მაწუხებს, თორემ სხვა შემთხვევაში ჟურნალში დაბეჭდვას არ მოვისურვებდი.
15 წლის გოგო ვარ, ბევრი მეგობარი მყავს, მათ ოჯახებში ხშირად დავდივარ, მაგრამ ის, რაც ჩემს სახლში ტრიალებს, არავისთან მხვდება.
დღე არ მახსოვს, ბებიაჩემს სახლში არ ებუზღუნოს, სულ რაღაცით უკმაყოფილოა. არასოდეს არაფერი მოსწონს, შვილიშვილებსაც სულ რაღაცას გვებუზღუნება. დედაჩემს კი ცხოვრება მოუწამლა, საწყალი ქალი ლანდს დაემსგავსა, თითქოს პიროვნება აღარც არის, მთლიანად დედამთილსა და ქმარზეა დამოკიდებული.
დედა ზოგჯერ ძალიან მეცოდება, ზოგჯერ კი მის მიმართ აგრესია მიჩნდება, რადგან ვერ ვხვდები, ბებიაჩემისგან რატომ ითმენს ამდენ დამცირებას, მათ შორის ფიზიკურ შეურაცხყოფას, ხელის გარტყმას, მუჯლუგუნის წაკვრას, ჩქმეტას და ასე შემდეგ. მასზე ნაკლები არაფრით არის, პირიქით, ბევრად მეტია გარეგნობითაც, შეგნებითაც, საქმითაც, მაგრამ ბებიაჩემი მაინც თავს ამეტებს, ეუბნება, რომ მისი ოჯახის ღირსი არ არის.
დედისთვის ხშირად მითქვამს, რომ ასე არ უნდა დაიმციროს თავი, მაგრამ ის ტირის, ყველაფერს შენთვის და შენი დისთვის ვაკეთებო. მამით ობოლია, ერთადერთი და ჰყავს და ისიც გასათხოვარი. ამბობს, დედის სახლში რომ დავბრუნდე, ხალხი რას იტყვის ან თავი რითი უნდა შევინახოო. ყველაფერს ამის გამო იტანს და ჩვენზე, შვილებზე, არ ფიქრობს, რა საშინელებაა, როცა მას ამ მდგომარეობაში ვუყურებთ.
ბებიასთან ანუ მამაჩემის დედასთან საშინელი ურთიერთობა მაქვს. ბოლო 2 თვეა აღარც ველაპარაკები, ამის გამო მამაც დამიპირისპირდა, მაგრამ არ მაინტერესებს, მას ხმას მაინც არ გავცემ, თუნდაც სახლიდან წასვლა მომიხდეს. მათ ალბათ ჰგონიათ, რომ დედაჩემივით მოვიქცევი და ყველაფერზე თავს დავხრი, მაგრამ არა, მეორე ბებოსთან გადავალ, სკოლას თავს დავანებებ, მუშაობას დავიწყებ და იმ დამცირებას მაინც არ ავიტან, რასაც დედაჩემი უძლებს.
ბებიაჩემი ყველგან თავს მჭრის, რომ საშინლად გაუზრდელი გოგო ვარ, მაგრამ არც ეს მადარდებს დიდად. რამდენჯერაც დედაჩემს დაამცირებს, იმდენჯერ მექნება მწვავე რეაქცია და ამაში ვერც მამა შემიშლის ხელს და ვერც შიში, რომ ბებია საქვეყნოდ თავს მომჭრის. დედაჩემის დასაცავად ყველაფერს გავაკეთებ.
ჟურნალი “სარკე”