გელა ნიკოლაიშვილი: „ფარმან ჯეირანლის ძმას კლინიკა „ლანცეტის“ გაყიდვა შესთავაზეს“

გელა ნიკოლაიშვილი: „ფარმან ჯეირანლის ძმას კლინიკა „ლანცეტის“ გაყიდვა შესთავაზეს“23 მაისს კლინიკა ლანცეტის დირექტორს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე პატიმრობის სანაცვლოდ 100.000 ლარის გადახდას მოითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ გაითვალისწინა.

დაკავებული ფარმან ჯეირანლი აცხადებს, რომ არიან დაინტერესებული პირები, მათ შორის ნინო კუზანოვა და დიმიტრი გაბუნია, რათა საქართველოში არ იყოს მაღალი დონის კლინიკა.

„ახალი თაობა“ ფარმან ჯეირანლის ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილს ესაუბრა.

_ ბატონო გელა, კლინიკა ლანცეტის დირექტორს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, თქვენ მის ინტერესებს იცავთ. რისი თქმა შეგიძლიათ აღნიშნულ საქმეზე?

_ აჯობებს, ყველაფერი თავიდან დავიწყოთ. ფარმან ჯეირანლიმ კლინიკა ლანცეტი საქართველოში გახსნა 2014 წელს. ეს მარტო საავადმყოფო არ არის, მთელი ინფრასტრუქტურაა, თავისი სასტუმრო და საკვები ობიექტებით. მან ამ ყველაფერში ჩადო 30 მილიონი დოლარი და ეს პროცესზეც განაცხადა.

_ ანუ სერიოზული ბიზნესი ჰქონდა საქართველოში?

_ ბუნებრივია, ეს არის დიდი ბიზნესი, მოგებაზე ორიენტირებული, ეს არ არის საქველმოქმედო ორგანიზაცია. წლების განმავლობაში მუშაობდა ძალიან წარმატებულად, იყო რეკლამირებული. ამ კლინიკას არა მარტო საქართველოს მოქალაქეები, არამედ უცხოეთის მოქალაქეები აკითხავდნენ. ძირითადად ტრანსპლანტაციით იყო დაკავებული ეს კლინიკა.

_ ალბათ ამის ნებართვა ჰქონდა.

_ რა თქმა უნდა, ნებართვა ოფიციალურად ჰქონდა აღებული. ათეულობით ოპერაცია აქვთ გაკეთებული.

_ თუმცა, ბოლო ორი გახმაურდა, რომლებიც ფატალურად დასრულდა.

_ დიახ, მივალთ მაგ თემამდეც. 2 თუ ფატალურად დასრულდა, 200-მა წარმატებით ჩაიარა. ღვიძლის გადანერგვა პირველად გაკეთდა იმ პერიოდში, მანამდე თირკმლის და სხვა ორგანოების გადანერგვა კეთდებოდა. სამწუხაროდ, 2016 წელს ორი ოპერაცია დასრულდა ფატალურად. ეს იყო ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია. ორივე პაციენტი იყო უმძიმეს მდგომარეობაში, ერთს ჰქონდა ღვიძლის კიბო, მეორეს ჰქონდა ღვიძლის ცეროზი-დაშლა, სიკვდილის პირას იყვნენ ეს ადამიანები და მათი გადარჩენის შანსი პრაქტიკულად ნულის ტოლი იყო, თუ გადანერგვა არ მოხდებოდა.

_ თუმცა მაინც ვერ გადარჩნენ.

_ სამწუხაროდ. რადგან მათი გადარჩენის შანსი ნულის ტოლი იყო, გარისკეს მათაც და ოჯახის წევრებმაც და ექიმებმაც, როდესაც ჩაატარეს ეს ოპერაცია. სამწუხაროდ, ოჯახისა და კლინიკის საუბედუროდ, ეს ოპერაციები წარუმატებლად დამთავრდა. ტრანსპლანტაციის დროს შეუთავსებელი აღმოჩნდა დონორის ღვიძლი.

ამ ადამიანის მიზანი, როდესაც საქართველოში ამ ბიზნესს იწყებდა, იყო ის, რომ არა მხოლოდ აქაური მოქალაქეები მოეზიდა, არამედ უცხოელებიც.

_ საქართველოში რა ჯდებოდა მსგავსი ოპერაციები?

_ როგორც ჩემმა კლიენტმა განაცხადა, თუ საქართველოში ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია ღირს 40 ათასი დოლარი, თურქეთში ღირს 80 ათასი დოლარი, ევროპაში 150 ათასი, ხოლო ამერიკაში 500 ათასი დოლარი. ამიტომ ეს ბიზნეს გათვლაც იყო, არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები იქნებოდნენ ამით დაინტერესებულნი და ისინი უცხოეთში კი არ დახარჯავდნენ ორმაგ თანხებს, აქვე დაიხარჯებოდა. თან უცხოეთიდან აქ ჩამოვიდოდნენ მსგავსი ოპერაციის გასაკეთებლად. ეს პროცესი საკმაოდ წარმატებით ხორციელდებოდა ამ ტრაგიკულ შემთხვევამდე.

_ კლინიკის ხელმძღვანელს ედავებიან იმას, რომ ასეთი ოპერაციებისთვის ლიცენზია არ ჰქონდა. ამაზე რას იტყვით?

_ ქირურგს, რომელმაც ეს ოპერაციები გააკეთა, ასეთი ოპერაციები თურქეთში ათეულობით და ასეულობით აქვს ჩატარებული. თავად ლანცეტის დირექტორიც ქირურგია, 37 წლის სტაჟით, არის პროფესორი და მაღალი კვალიფიკაციის მქონე. ის ლანცეტის გენერალური დირექტორი იყო და ეს ოპერაციები მას არ გაუკეთებია. ოპერაცია გააკეთა თურქეთიდან ჩამოყვანილმა ექიმმა. თუმცა იმასაც კი ედავებიან, ეუბნებოდა კლიენტებს, თურქეთიდან ჩამომყავსო და სინამდვილეში ეს კაცი აზერბაიჯანელიაო.

_ ასეა?

_ კი, ის პროფესორი აზერბაიჯანელია, მაგრამ მას თურქეთში აქვს დამთავრებული, თურქეთში აქვს დიპლომი მიღებული, იქ აკეთებდა ოპერაციებს, იქ მუშაობდა და მის ეროვნებას რა მნიშვნელობა აქვს?! ვერავინ უარყოფს იმას, რომ ეს კაცი იყო მაღალკვალიფიციური და თავისი საქმის კარგი სპეციალისტი. თითო ოპერაცია 16 საათი გრძელდებოდა, საკმაოდ რთული ოპერაციები იყო.

კიდევ ერთი დეტალი _ ამ გარდაცვლილი პაციენტებიდან ერთ-ერთმა გადაიხადა ოპერაციის თანხა 40 ათასი დოლარის ექვივალენტი ლარში, 99 ათასი ლარი. ხოლო მეორის ოჯახმა განაცხადა, რომ ამხელა თანხა ხელთ არ ჰქონდა და გააფორმა სესხის ხელშეკრულება. ჟარგონი რომ ვიხმაროთ, `პოსლეზე~ გაკეთდა ოპერაცია და თანხა შემდეგ უნდა გადაეხადათ.

_ როგორც ცნობილია, მეორე პაციენტს თანხა არ გადაუხდია.

_ ამ პაციენტებიდან ერთი 7 დღის შემდეგ გარდაიცვალა, მეორე კი _ 10 დღის შემდეგ. მეორე პაციენტის ოჯახმა ეს თანხა აღარ გადაიხადა. დაკავებულს პირველ შემთხვევაში ედავებიან, რომ თაღლითობა ჩაიდინა, ხოლო მეორე პაციენტის შემთხვევაში, ვისაც არ გადაუხდია, თაღლითობის მცდელობა გქონდაო. რა შუაშია აქ თაღლითობა? სად ჩანს თაღლითობა? რატომ უნდა ეთაღლითა?! 30 მილიონი კაცმა ჩადო და 40 ათასის გულისთვის გაიფუჭებდა საქმეს? ან რა ინტერესი ჰქონდა?

პირიქით, მისი ინტერესი იყო, რომ რაც შეიძლება მაღალ დონეზე ჩატარებულიყო ოპერაციები და ბევრი კლიენტი მოეზიდათ. ისედაც ადამიანი გარდაეცვალათ, ამხელა ანტირეკლამაა და თაღლითურად რატომ უნდა მიეთვისებინა ეს თანხა? აქედან გამომდინარე, ჩვენ ვდავობთ იმას, რომ არანაირ წინასწარ განზრახულ თაღლითობას ადგილი არ ჰქონია.

_ ლიცენზია რომ არ ჰქონდა მოწვეულ ექიმს?

_ მოწვეულ ექიმს ლიცენზია თურქეთში ჰქონდა. შემდეგ აქ ნებართვაც მისცეს ჯანდაცვის სამინისტროდან ოპერაციაზე. უბრალოდ, ლიცენზიის ვადის გაგრძელებას ელოდებოდა. ამოეწურა ვადა და უნდა მიეცათ ახალი ლიცენზია. სწორედ ამ წყვეტის პროცესში გაკეთდა ეს ოპერაცია. როდესაც მივიდნენ პაციენტები და სთხოვეს ოპერაციის გაკეთება, როდესაც ყველაფერი დღეებზე იყო დამოკიდებული, ექიმს რა ეთქვა, დაიცადეთ, სანამ ლიცენზია გამიგრძელდებაო?!

აი, ასეთია ამ საქმის სიტუაცია. თვითონ დაკავებული კი ვარაუდობს, რომ ეს ყველაფერი იმ ადამიანებმა მოუწყვეს, ვისაც არ აწყობდა ასეთი მაღალი დონის კლინიკა საქართველოში.

_ ვის არ აწყობდა? ან ნინო კუზანოვა და დიმიტრი გაბუნია რა შუაშია ამ საქმესთან? დაკავებულმა მათი გვარები ახსენა. რა კავშირი აქვთ მათ ამ საქმესთან?

_ ფარმან ჯეირანლიმ ზოგადად განაცხადა, რომ საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც დაინტერესებული არიან იმით, რომ ეს ბიზნესი არ განვითარდეს, რადგან აქაური კლიენტები როდესაც მიდიან უცხოეთში მსგავსი ოპერაციის გასაკეთებლად, იმ ფირმებს თუ ორგანიზაციებს, ვისაც ეს ხალხი მიჰყავს, აქვთ სერიოზული ინტერესი, რომ პაციენტებმა უცხოეთში გაიკეთონ ძვირადღირებული ოპერაციები.

_ მათი ინტერესი რაში მდგომარეობს?

_ იმაში მდგომარეობს, რომ იმ უზარმაზარი თანხიდან, რომელსაც პაციენტები იხდიან, 15-20% ამათ რჩებათ, რადგან აქედან, უხეშად რომ ვთქვათ, ე.წ. საქონელს, კლიენტებს აწვდიან.

როგორც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი აცხადებს, ერთი მხრივ, არის ასეთი წრეები და მეორე მხრივ, შემორჩენილია სააკაშვილის დროინდელი ხალხი, რომლებსაც მისთვის ბიზნესის წართმევა სურს. ჯერ არ დაეკავებინათ და მის ძმასთან გუშინვე მისულან კლიენტები, ვიყიდით ამ კლინიკასო. ის აცხადებს, რომ მისი გაკოტრება და ამ ბიზნესის მუქთად ხელში ჩაგდება უნდათ.

_ ამ ყველაფერთან რა შუაში არიან კუზანოვა და გაბუნია?

_ კუზანოვა და გაბუნია მან სულ სხვა კონტექსტში ახსენა. მან განაცხადა, ისინი პროკურატურასთან თანამშრომლობენო. მათ გვარებთან მიმართებაში არანაირი დაკონკრეტება არ ყოფილა. გაბუნია მე მიცავდა და შემდეგ პროკურატურას შეეკრაო. ასეთი რამ განაცხადა. სიმართლე გითხრათ, ეს საკითხი ჩემთვის ცოტა ბუნდოვნად დარჩა. რაიმე კონკრეტულ დანაშაულზე რომ დაედო მათთვის ხელი, ასეთი რამ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არ უთქვამს. უბრალოდ თქვა, შეკრულები არიან პროკურატურასთან და მასთან თანამშრომლობენ ჩემ წინააღმდეგო.

მე ამ საკითხზე კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით, ჩემი მხრიდან იქნება ცილისწამება გაბუნიას მიმართ, მე რომ მას რაღაც დავაბრალო. მე ჯერ არ მქონია საშუალება, რომ დეტალურად გავსაუბრებოდი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს. მე შევხვდები მას და დეტალურად შემდეგ ვისაუბრებთ.

_ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებთ?

_ თავად დაკავებულმა თქვა, გავასაჩივროთო, თუმცა მე ნაკლები იმედი მაქვს, რომ ეს გადაწყვეტილება შეიცვლება.

_ ფიქრობთ, რომ მას ამ მუხლით გაასამართლებენ?

_ ყოველ შემთხვევაში, სასამართლომდე მივა საქმე და სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს ან გამამართლებელს, ჯარიმას ან ციხეს. ზოგადად ეს მუხლი ითვალისწინებს ჯარიმასაც.

_ თუ ჯარიმას ითვალისწინებს, გირაოზე რატომ არ დათანხმდა მოსამართლე?

_ სწორედ ეს არის ჩემთვის გასაკვირი. ალბათ იმიტომ, რომ პროკურატურამ გააპიარა და ისეთი ინტერესი გამოამჟღავნა ამ საქმის მიმართ, რომ მოსამართლემ ვერ გაბედა. თორემ 100 ათას ლარს სთავაზობდა გირაოს სახით. ჩემს პრაქტიკაში ამხელა თანხა არასდროს არავის შეუთავაზებია. ჩემთვისაც გასაკვირია ის, რომ, ამხელა თანხის შეთავაზების მიუხედავად, გირაოზე უარი გვითხრეს. ვითომ სხვა მოწმეებზე მოახდენს გავლენას და ახალ დანაშაულს ჩაიდენსო.

ეს ხომ საერთოდ აბსურდია. რა დანაშაული უნდა ჩაიდინოს?! ის ამ კლინიკის დირექტორი იყო. იმ გარდაცვალების შემდეგ, სამწუხაროდ, უკვე ისე შეელახა სახელი, რომ კლინიკა წაგებაზე მუშაობს. კლიენტები აღარ მიდიან. ანტირეკლამა და ანტიპიარი მოხდა. ეს საკითხი ინვესტიციების შემოდინების თემასაც ძალიან აზარალებს ჩვენს ქვეყანაში.

_ როგორც მის ადვოკატს, გაქვთ იმის ეჭვი, რომ ეს იყო მიზანმიმართული აქცია მისი ბიზნესის ჩასაძირად, ან ხელში ჩასაგდებად?

_ მე ამ კითხვაზე ჯერჯერობით ვერ ვუპასუხებ. არ გამოვრიცხავ იმას, რომ იყო, ან არ იყო. საქმეში ღრმად უნდა ჩავიხედო, მე ჯერ მხოლოდ ორი დღეა, რაც საქმეს ხელი მოვკიდე. ჯერ წესიერად გასაუბრებაც კი ვერ მოვასწარი ჩემს კლიენტთან.