„კალაძე-ელოშვილმა საფლავები გადათხარეს“

„კალაძე-ელოშვილმა საფლავები გადათხარეს“– 16 მაისს მთიულეთის მოსახლეობასთან ერთად კახა კალაძის სახლთან გავმართავთ აქციას. როგორც კალაძე უვარდება მოსახლეობას სახლებში, ასეთივე პასუხს მიიღებს მოსახლეობისგან. რაც დღეს მთიულეთში ხდება, ამის ასე დატოვება არ შეიძლება. რადგან ეს აქცია წინასწარ დავაანონსეთ, არ არის გამორიცხული, კალაძემ სპეცრაზმი დაგვახვედროს. “ქართული ოცნება” ხალხს ხომ უკვე ნიღბიანების დახმარებითა და ძალის გამოყენებით ესაუბრება, – განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.

– კალაძის სახლთან გამართულ აქციას რა შედეგი ექნება? ენერგეტიკის მინისტრი, დიდი ალბათობით, არც სახლში დაგხვდებათ.

– კალაძის სახლში ყოფნა აუცილებელი არ არის. უბრალოდ, ეს იქნება ხალხის პასუხი. ხელისუფლება უნდა მიეჩვიოს, რომ ყველა უკანონობაზე აგებს პასუხს. მივარდნაზე მივარდნით ვუპასუხებთ. ვიმოქმედებთ კანონის დაცვით, მაგრამ კალაძეს სამარცხვინო ბოძზე გავაკრავთ. იცოდნენ მისმა მეზობლებმა, რა საშინელებებს ჩადის ეს ადამიანი.

სოფლების გადათხრა არ იკმარეს და ახლა უკვე საფლავებს შეესივნენ. ის, რაც მუგუდაში მოხდა, უპატიებელია.

ამ პროცესს თავიდან ბოლომდე ვადევნებდით თვალს და კარგად ვნახეთ, სად და როგორ მუშაობდა ეს ტექნიკა. ის, რაც მუგუდაში მოხდა, იყო ხალხის გამოწვევა და კალაძე-ელოშვილის პიარი. სპეცრაზმი მათ სოფელში იმიტომ გააგზავნეს, რომ ხალხი დააშინონ. ტრაქტორმა მხოლოდ 30 წუთი იმუშავა. ამით ხალხს აჩვენეს, რომ რასაც უნდათ, იმას გააკეთებენ.

რაც შეეხება საფლავების გადათხრას, დიახ, მათ დაიწყეს საფლავების გადათხრა. მაღალი ძაბვის გადამცემმა ხაზმა ამ სასაფლაოზე უნდა გაიაროს. “ოცნება” საფლავებისა და კულტურული მემკვიდრეობის განადგურების ხარჯზე ცდილობს გაზრდილი მადის დაკმაყოფილებას. რაც მთავარია, ეს მშენებლობა უკანონოა, – განუცხადა „ახალ თაობას“  ლაშა ჩხარტიშვილმა.