“მამა განსაკუთრებულად მიყვარს, ამიტომ ვერ ვეგუები, დედა ასე რომ ექცევა”

– დედაჩემის გამო ძალიან მრცხვენია, – უამბობს 16 წლის გოგონა ჟურნალ “სარკეს”, – არ მინდა, რომ ასეთი იყოს.
ბებიაჩემის, ანუ დედაჩემის დედის, მეზობლად ერთი ქალი ცხოვრობს, რომელსაც ვერ ვიტან. რაც თავი მახსოვს, ჩემი დანახვისას სულ იმას ამბობს, ეს ბავშვი ჩემი დამსახურებით გაჩნდაო და მკოცნის.

პატარა რომ ვიყავი, მართალია, მის სიტყვებს ვერ ვხვდებოდი, მაგრამ მისი კოცნა არასოდეს მსიამოვნებდა. მერე კი მივხვდი, რასაც გულისხმობდა, როცა ამბობდა, ჩემი დამსახურებით გაჩნდიო.
თურმე დედას და მამას შვილი არ უჩნდებოდათ. ექიმები ეუბნებოდნენ, არაფერი გჭირთო, მაგრამ ბავშვი მაინც არ ეყოლათ. მერე ამ ქალს დედაჩემი და ბებიაჩემი ვიღაც მკითხავთან წაუყვანია, რომელსაც უთქვამს, ჯადო გაქვთ გაკეთებული და თქვენი უშვილობის მიზეზი ეს არისო. მოკლედ, იმ ქალმა ვითომ ჯადო მოუხსნა და მეც გავჩნდი.
რა თქმა უნდა, ამ ზღაპრის არ მჯერა. მე უმცროსი და-ძმაც მყავს, ანუ არანაირი პრობლემა ყოფილა, ღმერთს როცა უნდოდა, მაშინ გავჩნდით.
მეზობლის ქალს ყურადღებას არც მივაქცევდი და არც გამახსენდებოდა, ბოლო დროს ჩემს სახლში ხშირ-ხშირად რომ არ მენახა.

სკოლიდან რომ მოვდიოდი, ის და დედა სულ რაღაცებზე ეჩურჩულებოდნენ ერთმანეთს, ზოგჯერ დედაჩემის დედაც იქ იყო. ჩემს დანახვაზე უცებ ჩუმდებოდნენ ხოლმე.

ვერ ვხვდებოდი, ის ქალი ჩვენთან რატომ დადიოდა. ახლახან კი ეს საიდუმლო ამოვხსენი. სკოლიდან სახლში რომ დავბრუნდი, ხმა არ ამოვიღე. განა იმიტომ, რომ რამის მოსმენა მინდოდა, უბრალოდ არ მსურდა, იმ ქალს დავენახე და ისევ ეკოცნა ჩემთვის. მისთვის თავის არიდების მიზნით სახლში ფეხაკრეფით შევედი. უცებ კი გავიგონე, დედამ იმ ქალს უთხრა, შენ რომ ადრე მკითხავთან გყავდი, ის უფრო მაგარ წამალს აკეთებდა, ჩემი ქმარი ეგრევე იცვლებოდა, სულ სხვანაირი ხდებოდაო. იმ ქალმა კი უპასუხა, დრო სჭირდება, თორემ ნახავ, რა ძლიერიაო. ისეთ რაღაცებს ამბობდნენ, რომ თავი საშინელებათა ფილმში მეგონა.
დედას ყოველთვის აღიზიანებდა, მამაჩემი თავის და-ძმას და მშობლებს რომ ეხმარებოდა. ჩვენს სახლში თუ ოდესმე კონფლიქტი ყოფილა, მხოლოდ ამის გამო. ვერ ვიგებ, მამა რატომ არ უნდა დაეხმაროს თავისიანებს, დედას რა უფლება აქვს, რომ ეს აუკრძალოს?!
დედისთვის არაერთხელ მითქვამს, რომ ძალიან ცუდად იქცევა, მამას ასეთ რაღაცებს არ უნდა უკრძალავდეს, მაგრამ მაინც არაფერი ესმის. სულ გაბოროტებულია, არიქა, მათ ერთი თეთრიც არ მისცესო, არადა ჩვენ არაფერი გვაკლია.

მამა ძალიან ბევრს შრომობს და მისი წყალობით კარგად ვცხოვრობთ. დედა კი მაინც უკმაყოფილოა. სულ რაღაც აკლია, სულ რაღაც უნდა.
მამა განსაკუთრებულად მიყვარს, ამიტომ ვერაფრით ვეგუები, დედა ასე რომ ექცევა. ძალიან ცუდი რაღაც უნდა ვთქვა, მაგრამ დედის მიმართ პატივისცემა საერთოდ დავკარგე.
დედას დაველაპარაკე, ვუთხარი, რომ ყველაფერი გავიგონე და დამალვას აზრი არ აქვს, მაგრამ დიდად არც განუცდია. მითხრა, მამა რომ გყავს, ამის დამსახურებააო.

ახსნა ვთხოვე, რას ნიშნავდა მისი სიტყვები, ვისი დამსახურება იყო. მან კი მითხრა, მამაშენს აქამდე სხვა ქალები წაიყვანდნენ, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ეს არ მოხდესო. განა ჯადოს ვუკეთებ, პირიქით, ჯადოს საწინააღმდეგო წამალს ვაკეთებინებ, რომ სხვა ქალების ჯადო არ მოერიოსო.
მამაჩემის დედასაც გადასწვდა, ის არის ჯადოქარი, აქამდე ოჯახს დამინგრევდა, თავს ასე რომ არ ვიცავდე, მას მთელი ცხოვრება ვძულდი, ბიცოლაშენი და მამიდაშენი მთელ ქვეყანას ურჩევნია, მე კი ზედაც არ მიყურებსო.
შეშლილივით მელაპარაკა. ვფიქრობ, რომ ასეთები ნამდვილად შეშლილები არიან. მე ეკლესიაში დავდივარ და კარგად ვიცი, ასეთი ადამიანებისთვის რა სასჯელიც არსებობს. ძალიან მეშინია, რომ ერთ დღეს დედაჩემის ეს ცოდვა ცუდად შემოგვიბრუნდება და რამე დაგვემართება.
ღმერთს ვთხოვ, ეს არ მოხდეს და ჩვენი ოჯახი ცუდისგან დაიფაროს. მიჭირს, მაგრამ დედაჩემისთვისაც უნდა ვილოცო, რომ გონს მოეგოს. ეს დიდმარხვა შევინახე და უფლის იმედი მაქვს, რომ გადმომხედავს და ჩემს ლოცვას შეისმენს.
ჟურნალი “სარკე”

გაზიარება:

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018