“სიბერეში ის ბიჭი მპატრონობს, რომელიც შვილიშვილად არ ვაღიარე”

"სიბერეში ის ბიჭი მპატრონობს, რომელიც შვილიშვილად არ ვაღიარე"72 წლის ქალი ვარ. ყოველთვის ჩემი პრინციპებით ვცხოვრობდი, პატიოსანი გზისთვის არასოდეს გადამიხვევია და სხვებისგანაც იმავეს მოვითხოვდი. სკოლაში ვასწავლიდი და ყველა ისე მიცნობდა, როგორც სამართლიან ადამიანს. არ მახსოვს, ბავშვისთვის უმიზეზოდ ნიშანი დამეკლოს ან დაუმსახურებლად მომემატებინოს ნიშანი, არც შენიშვნა მიმიცია დაუმსახურებლად.
ორი შვილი გავზარდე, თუმცა მშობლებს არ ჰგვანან. მე და ჩემი მეუღლე სხვანაირები ვიყავით, სხვანაირ ადამიანებთან ვმეგობრობდით, მაგრამ ახლა ამაზე არ მინდა ლაპარაკი. უნდა მოგიყვეთ ჩემს დიდ შეცდომაზე, რომელსაც თავს ვერ ვპატიობ.
უკვე მოგახსენეთ, რომ ჩემი პრინციპებით ვცხოვრობდი. ყოველთვის ვიცავდი იმ ტრადიციებს, რაც მშობლებმა მასწავლეს. ჩემთვის ცოლქმრული ღალატი წარმოუდგენელი რამ იყო და დღემდე ასეა. ჩემი აზრით, არავის ეპატიება ეს დანაშაული. ყოველთვის ოჯახის ერთგული ვიყავი და შვილებსაც ასე ვზრდიდი, თუმცა ხომ იცით, რასაც არიდები, სწორედ ის რომ გადაგხდება თავს და, ბედის ირონიით, სწორედ ასეთ სიტუაციაში აღმოვჩნდი.
ჩემმა ვაჟმა ცოლს უღალატა და სხვა ქალთან გააბა რომანი. მაშინ უკვე ორი შვილი ჰყავდა. ეს ამბავი საკმაოდ გვიან გავიგე. მიუხედავად იმისა, რომ რძალი გულზე არ მეხატებოდა და ვთვლიდი, რომ ჩემი შვილის შესაფერისი არანაირად იყო, მაინც გადავირიე. ჩემს რძალს ფარად ავეფარე, შვილი ლამის კალთაზე გამოვიბი და ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ იმ ქალს ჩამოშორებოდა.
არაფერზე დამიხევია უკან. ჩემს შვილს ვეუბნებოდი, სახლიდან გაგაგდებ-მეთქი. სადმე რომ იყო, ან ჩემი ქმარი აკონტროლებდა, ან მე. რძალს შევპირდი, შენს ოჯახს არავის დავანგრევინებ-მეთქი და პირობაც შევუსრულე.
იმ ქალის წარსული გამოვიკვლიე და აღმოვაჩინე, რომ ჰქონდა ერთი ხინჯი, რომლის შესახებაც ჩემმა შვილმა არაფერი იცოდა. მანამდე იმ ქალს რომ ვლანძღავდი, მეუბნებოდა, ძალიან პატიოსანია, მასზე ასეთ რაღაცებს ნუ ლაპარაკობო. მე კი მისი წარსულიდან ის რაღაც გამოვქექე და გამოვიყენე კიდეც.
სწორედ ეს გახდა ჩემს შვილსა და იმ ქალს შორის კონფლიქტის მიზეზი და ერთმანეთს დიდი ჩხუბით დაშორდნენ. ჩემი შვილი მიხვდა, რომ ცოლ-შვილთან ყოფნაზე უკეთესი არაფერია ამქვეყნად, თითქოს დამშვიდდა, დალაგდა.
გვეგონა, ამოვისუნთქეთ, მაგრამ ყველაფერი თავიდან დაიწყო. სამი თვის შემდეგ გავიგე, რომ ის ქალი ბავშვს აჩენდა. ძნელი მისახვედრი არ იყო, შვილი ვისიც იქნებოდა. ისევ მივუვარდი და მოვთხოვე, რომ აბორტი გაეკეთებინა. მითხრა, უკვე საკმაოდ დიდია ნაყოფი, არც ერთი ექიმი წავა ამ რისკზე, ამიტომ უნდა შეეგოთ, რომ თქვენი შვილისგან ბავშვი მეყოლებაო.
ვერ წარმოიდგენთ, ეს ჩემთვის რამხელა ჭირი იყო. ისე ვგლოვობდი, თითქოს ბავშვი კი არ იბადებოდა, კვდებოდა. ჩემს შვილს ყოველდღე ვუტარებდი გაკვეთილებს, რომ ის ბავშვი არ უნდა ეღიარებინა, რომ მას უკვე ჰყავდა შვილები და მათ უნდა მოფრთხილებოდა.
ბიჭი დაიბადა. რა თქმა უნდა, არც მე ვნახე და არც ჩემი ვაჟი შვილი გავუშვი საკუთარი შვილის სანახავად. ახლა რომ ვფიქრობ, არც ვთვლიდი, რომ ის ბავშვი ჩემი შვილიშვილი იყო. ქორწინების გარეშე რადგან გაჩნდა, ისეთი განცდა მქონდა, რომ ჩემი სისხლი და ხორცი არ იყო.
რა თქმა უნდა, იმ ქალისგან იყო მცდელობა, ბავშვს ჩვენი გვარი ჰქონოდა, გვეღიარებინა, მაგრამ ამაზე სასტიკი უარი მიიღო. დრო და დრო ეს ქალი სულ ცდილობდა, ბავშვს მამასთან კონტაქტი ჰქონოდა, მაგრამ კედელივით ვიყავი აღმართული, ახლოს არ ვაკარებდი.
ერთხელ მე მომიყვანა, მითხრა, შეხედე, შენი შვილის ასლიაო. მართლაც თითქოს ჩემი ბიჭის პატარაობა მიყურებდა, მაგრამ ზურგი ვაქციე, ეგეთი ორი მყავს სახლში, ჩემს შვილს კი ვინ იცის, სხვებთანაც ჰყავს შვილები. კაცი რამდენ ქალთანაც გაივლის, შეიძლება ყველამ ბავშვი გააჩინოს და ყველა შვილი კი არ იქნება-მეთქი. აი, ასეთი სულელური რაღაც წამოვროშე.
იმ ქალმა მაშინ ასეთი რამ მითხრა, დრო მოვა და ამ სიტყვებს ძალიან ინანებო. მე ცინიკურად ჩავიცინე და ზურგი ვაქციე. მას შემდეგ ჩვენს ცხოვრებაში აღარ გამოჩენილა, მხოლოდ შორიდან მესმოდა მისი ამბები. არც ჩემი შვილი გაჰკარებია, თავის პრობლემებში ჩაერთო და თანაც ცოლმა მუჭში მოიქცა, დღემდე თავის ჭკუაზე ატრიალებს.
რძალმა თავისი ქალიშვილები ბებიის, ანუ ჩემი სიძულვილით გაზარდა. ერთი სიკეთეც კი არ ახსოვს, რაც მისთვის და მისი შვილებისთვის გამიკეთებია, ბოლოს და ბოლოს ოჯახი გადავურჩინე, მაგრამ დღეს რომ ჰკითხოთ, თურმე პირიქით, მე ვცდილობდი, მისი ოჯახი დამენგრია და ქმართან გამეშორებინა.
შვილიშვილები ზედ არ მიყურებენ. დედის დედას ეძახიან ბებიას, მე კი მათთვის ქალო ვარ. რაც უნდა ვუთხრა, ქალოო, ისე დამიყვირებენ, თითქოს პატარა ბავშვი ვიყო. ცალკე ცხოვრობენ და შეიძლება წელიწადი ისე გავიდეს, ბებია და პაპა არც ნახონ. ჩემი ვაჟიც მოვალეობის გამო თუ დაგვირეკავს ხოლმე. საყვედურებს აზრი არ აქვს, გვეუბნება, რა ვქნა, არ მცალიაო.
ჩემი ქალიშვილი უცხოეთში ცხოვრობს. იქ კი გათხოვდა, მაგრამ შვილი არ ჰყავს. ისიც გაუცხოებულია. როცა ვსაყვედურობ, ისიც იმავეს მეუბნება, რა ვქნა, არ მცალია, აქ სხვანაირი ცხოვრებააო.
ჩემდა სამარცხვინოდ, ჩემი და ჩემი ქმრის ერთადერთი პატრონი ის ბიჭია, რომელიც შვილიშვილად არ ვაღიარეთ. ცოლი რომ მოიყვანა, ჩვენს მეზობლად იყიდა სახლი. თვითონ მოვიდა და ვითომც ჩვენგან წყენაც არ ახსოვს, ისე მოგვექცა. დედამისი არ გველაპარაკება, მაგრამ, როგორც ჩანს, შვილს არც ჩვენთან ურთიერთობას გვიშლის.
ნამდვილი მამაკაცია, ისეთი, როგორზეც მე ვოცნებობდი, რომ ჩემი შვილი ყოფილიყო. რამე რომ გვიჭირს, არ ვიცი, გული უგრძნობს თუ რა ხდება, მაგრამ მაშინვე ჩვენთან ჩნდება. ბიზნესიც აქვს, ფულითაც გვეხმარება, არც წამალს გვაკლებს, არც საჭმელს. მისი შვილები ხომ ცხოვრებას გვიხალისებენ.
რძალს არ სიამოვნებს, მისი ქმრის შვილთან რომ ასეთი ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ ეს სულ არ მაინტერესებს. ვცდილობ, ის დანაშაული გამოვისყიდო, რაც ჩემი შვილიშვილის და მისი დედის წინაშე მიმიძღვის.
ჟურნალი “სარკე”