“ცოდვა ჩავიდინე, როცა მეზობლის ქალს აბორტის გასაკეთებლად გავყევი”

"ცოდვა ჩავიდინე, როცა მეზობლის ქალს აბორტის გასაკეთებლად გავყევი"ძალიან დიდი შიში ვჭამე. ჩემი ცოდვისთვის უცებ დავისაჯე, ისეთ დღეში ჩავვარდი, რომ სიკვდილს ვნატრობდი.
საქმე ის არის, რომ ჩემი მეზობლის ქალს აბორტის გასაკეთებლად წავყევი. ორი შვილი ჰყავს და მესამე არ უნდოდა. ქმარი კი აძალებდა, გინდა თუ არა, უნდა გააჩინოო. ის გოგო ძალიან მეცოდებოდა, რადგან დიდი, სტუმრიანი ოჯახი აქვთ. მისი დამხმარე კი არავინაა. წელშია გამწყდარი ამდენი საქმისგან, თანაც დიდად არც ჯანმრთელობა უწყობს ხელს.
ერთ დღეს ტირილით მოვიდა ჩემთან. ორსულად ვარ, მაგრამ ქმარი აბორტის გაკეთებას მიშლისო. თავპირს იხოკავდა, მესამე შვილის გაჩენა და გაზრდა არ შემიძლიაო. დავამშვიდე ვითომ, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ თავზე დამადგა, აბორტის გასაკეთებლად მივდივარო. ვუთხარი, მარტო არ გაგიშვებ-მეთქი და გავყევი.
ვერ წარმოიდგენთ, იქ რა დღეში აღმოვჩნდი. გოგო აბორტის დროს კრუნჩხვებში ჩავარდა და ექიმებს ლამის ხელებში ჩააკვდა. რა თქმა უნდა, მის ოჯახს დავურეკე. გაგიჟებულები მოცვივდნენ, საბედნიეროდ, გადარჩა, მაგრამ მე ძალიან მისაყვედურეს, ჩვენ რატომ არ შეგვატყობინეო.
მე არ მითქვამს, აბორტი გაიკეთე-მეთქი, პირიქით, რამდენიმე დღით ადრე მის დამშვიდებას შევეცადე, ვუთხარი, რომ სამი შვილის დედობა ბედნიერება იქნებოდა, მაგრამ მაინც დამნაშავე ვარ, იმ დღეს საავადმყოფოში არ უნდა გავყოლოდი. ხომ ვიცოდი, რომ ჩუმად მიდიოდა და თანაც ამხელა ცოდვის ჩასადენად. გამოვიდა, რომ ცოდვის ჩადენაში ხელი შევუწყვე. ამიტომაც დავისაჯე და ისეთი შიში ვჭამე, ცხოვრებაში რომ არ განმიცდია.
ახლა დღე არ გავა, ჩემი საქციელი არ ვინანო. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ აბორტი მან კი არა, მე გავიკეთე. ეს ცოდვა არ მასვენებს და ღმერთს ვთხოვ, რომ მაპატიოს.
ჟურნალი “სარკე”