გელა ნიკოლაიშვილი: “ფარმან ჯეირანლიმ თქვა, რომ აფგან მუხთარლი მისი მეგობარია”

კლინიკა “ლანცეტის” დირექტორ ფარმან ჯეირანლის დაპატიმრებასა და ჟურნალისტ აფგან მუხთარლის გატაცებას შესაძლოა ერთი მოტივი ჰქონდეს

გელა ნიკოლაიშვილი: "ფარმან ჯეირანლიმ თქვა, რომ აფგან მუხთარლი მისი მეგობარია"რა კავშირია აზერბაიჯანელ ჟურნალისტ აფგან მუხთარლისა და კლინიკა “ლანცეტის” მფლობელ ფარმან ჯეირანლის დაპატიმრებებს შორის? იცნობდა თუ არა ჯეირანლი გატაცებულ ჟურნალისტსა და აზერბაიჯანში დაპატიმრებულ ოპოზიციის ლიდერებს? აფინანსებდა თუ არა ჯეირანლი აზერბაიჯანულ ოპოზიციას? – “ახალი თაობის” ამ და სხვა კითხვებს ფარმან ჯეირანლის ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი პასუხობს.

– ბატონო გელა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფარმან ჯეირანლისა და ჟურნალისტ მუხთარლის დაკავებებს შორის საერთო არსებობს, რომ ორივე მათგანს კავშირი ჰქონდა აზერბაიჯანულ ოპოზიციასთან. თქვენ, როგორც ჯეირანლის ადვოკატი, რა საერთოს ხედავთ ამ ორ საქმეს შორის, თუ ესაუბრეთ ამ საკითხზე თქვენს კლიენტს და რა ინფორმაციებს ფლობთ?

– მე შევხვდი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ ფარმან ჯეირანლის და ამის შესახებ ჩვენ ვისაუბრეთ, რამდენად შესაძლებელია ჰქონდეს მის დაპატიმრებას პოლიტიკური კონტექსტი. აქამდე ჩვენ მხოლოდ სამართლებრივ საფუძვლებზე ვსაუბრობდით. ნაწილობრივ ის ინფორმირებული იყო, შეძლებისდაგვარად გაეცნო ამ ინფორმაციებს, ასე თუ ისე, ქართულიც ესმის. მან მითხრა, რომ აზერბაიჯანისა და დასავლეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა პირდაპირ მიაბეს მისი დაპატიმრება პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულებს. ჯეირანლი ამ საკითხმა დააფიქრა.

– რა საერთო აქვს მას აზერბაიჯანულ ოპოზიციასთან?

– მიუხედავად იმისა, რომ ის არასოდეს ყოფილა ჩართული პოლიტიკაში, ჯეირანლი არ გამორიცხავს, რომ მისი დაპატიმრებაც ამ ტალღას მოჰყვა.

– რატომ ფიქრობს ასე?

– მოგახსენებთ. ის ამბობს, რომ იმ პიროვნებებთან, რომლებიც დაპატიმრებულები არიან, ოპოზიციონერები, პოლიტიკოსები, ჰქონდა კავშირი.

– ეს კავშირი რით გამოიხატებოდა?

– მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ, ადამიანური, ზოგიერთი პაციენტი იყო, მასთან კლინიკაში ხშირად მიდიოდა და, არ არის გამორიცხული, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი უშვებს იმას, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ ეჭვი მიიტანა მასზე, თითქოს ის იატაკქვეშა მოძრაობაში იყო ჩართული.

– თუ გაქვთ ინფორმაცია, აფინანსებდა თუ არა ჯეირანლი აზერბაიჯანულ ოპოზიციას?

– ჩემთან საუბარში ამბობს, რომ ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია. მათთან ჰქონდა მხოლოდ მეგობრული და პიროვნული ურთიერთობა. თუმცა, ვინაიდან ეს ადამიანი ბიზნესმენია, შესაძლოა, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დაასკვნა, რომ ის ფინანსურ დახმარებას უწევდა ოპოზიციას და სწორედ ამ ტალღისთვის მიეყოლებინათ. მიეყოლებინათ იმ კუთხით, რომ საქართველოს ხელისუფლებისგან მოეთხოვათ სრულიად უსაფუძვლოდ მისი დაკავება. საბაბად კი გამოძებნეს წელიწადი და ორი თვის წინ, 2016 წლის მარტში, მომხდარი ის ოპერაციები, რომლებიც ლეტალური შედეგით დასრულდა და რომლებიც სხვანაირად ვერ დასრულდებოდა.

– რატომ ვერ დასრულდებოდა?

– იმიტომ, რომ ძალიან მძიმე იყო იმ ადამიანების მდგომარეობა და აქ არანაირ კრიმინალურ შემთხვევასთან საქმე არ გვაქვს. მაქსიმუმ, შეიძლებოდა, ადმინისტრაციული წესით ჯარიმა დაეწესებინათ. პროფესორს, რომელმაც ეს ოპერაცია ჩაატარა, რასაკვირველია, ლიცენზია აქვს, უბრალოდ, იმ პერიოდში ორი-სამი თვის განმავლობაში არ ჰქონდა ნებართვა აღებული. თუმცა კანონი ითვალისწინებს, რომ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში შეუძლიათ მათ ოპერაციის გაკეთება და მოგვიანებით აიღონ ეს ნებართვა. მართლაც, ოპერაციიდან ერთ თვეში მათ მისცეს ეს ნებართვა.

ამ ყოველივედან გამომდინარე, რადგანაც სხვა საფუძველს ვერ ხედავდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, ის ფიქრობდა, რომ შესაძლოა იყოს ბიზნესის წართმევის ინტერესი. ამას დღესაც არ გამორიცხავს, თუმცა დაუშვა ის გარემოებაც, რომ ასეთი პოლიტიკური კონტექსტი ჰქონოდა მის დაპატიმრებას.

– თქვენ, როგორც მისი ადვოკატი, თავად რამდენად უშვებთ ამას?

– მეც არ გამოვრიცხავ ამას. ვინაიდან ისეთი რეჟიმები, როგორიც დღეს აზერბაიჯანშია, ყველა პატარა წვრილმანს ყურადღებას აქცევენ და ცდილობენ, ყველა ოპოზიციური მიმართულების ის ხვრელი ამოქოლონ, საიდანაც შესაძლოა მიდიოდეს მათი დაფინანსება. მე არ ვამბობ და არც ჯეირანლი ამბობს, რომ ის აფინანსებდა ოპოზიციას, მაგრამ, რადგან მათთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა და მეგობრობდა, შესაძლოა, მათ ასე ჩათვალეს, რომ ის მათ აფინანსებდა. ამიტომ მოსთხოვეს საქართველოს ხელისუფლებას მისი განეიტრალება. საქართველოს ხელისუფლებამაც, იმ დროს, როდესაც არ არსებობდა არანაირი სამართლებრივი საფუძვლები, ციხეში უკრა თავი.

– ანუ თქვენც იხრებით იმ ვერსიისკენ, რომ ეს დაკავება პოლიტიკურია?

– მინდა, ზუსტად იყოს ჩემი აზრი დაფიქსირებული. მე გამოვხატავ ჯეირანლის პოზიციას და თავად ჩემი პოზიციაც ეს არის, რომ ჩვენ არ გამოვრიცხავთ, ეს ყველაფერი პოლიტიკურ პროცესებს იყოს მიბმული, იმიტომ, რომ ამ დაკავების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. რაღაც მიზეზი ხომ უნდა არსებობდეს, რისთვისაც დააკავეს?! ან მიზეზი არის ის, რომ მას წაართვან ბიზნესი, ან მეორე – ეს არის პოლიტიკური მიმართულება.

რადგან ყველაფერი ასე დაემთხვა და აზერბაიჯანული პრესაც ამაზე განსაკუთრებულად ამახვილებს ყურადღებას, ასევე ამაზე აქტიურად საუბრობენ დასავლეთში მცხოვრები აზერბაიჯანელი ოპოზიციონერები და ჯეირანლის გვარსაც იხსენიებენ, ბუნებრივია, მათ გაცილებით მეტი ინფორმაცია აქვთ ამ პროცესებზე, აქედან გამომდინარე, ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ სწორედ ეს იყოს ის მიზეზი, რის გამოც ის ციხეში აღმოჩნდა.

– იცნობს თუ არა ჯეირანლი აზერბაიჯანელ ჟურნალისტ აფგან მუხთარლის?

– რა თქმა უნდა, არათუ იცნობს, არამედ, ისევე, როგორც სხვებთან, მასთანაც მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდა.

– ანუ ლოგიკურად ერთმანეთს ებმის ეს ორი თემა. შესაძლებელია, ისინი ერთი მოტივით იყვნენ დაპატიმრებულნი?

– კი, რა თქმა უნდა, შესაძლებელია! ამ ეტაპზე ამის კატეგორიულად დამტკიცება არ შემიძლია, თუმცა, ყველაფრიდან გამომდინარე, ამის დაშვების მაღალი ალბათობა არსებობს.