მესამედ აღარ გავთხოვდები – ქმარმა სახლში საყვარელი უსირცხვილოდ მომაყენა

მესამედ აღარ გავთხოვდები - ქმარმა სახლში საყვარელი უსირცხვილოდ მომაყენაინგა იმ დღეს წყევლის, როცა მეორედ გათხოვების გადაწყვეტილება მიიღო და თავისი გაუბედურებული ცხოვრება კიდევ უფრო გაიუბედურა. ახლა მეორე ქმართან ცხოვრობს, მაგრამ ყოველდღე იმ იმედით იღვიძებს, რომ ოდესმე შეძლებს და ამ საგიჟეთს გამოასწორებს.

ინგა:

– ახლა მეორე ქორწინებაში ვიმყოფები და საკუთარ თავს ვწყევლი. ასეთი უბედური იმ მოღალატე ქმრის ხელშიც არ ვყოფილვარ, რომელსაც დიდი მოთმინებით ვუძლებდი. ხანდახან ვფიქრობ, ისევ მასთან ცხოვრება და მისი ღალატის ატანა ხომ არ ჯობდა ამ გაუსაძლის მდგომარეობას. ჩემი ახლანდელი ქმარი ნამდვილი ნაძირალაა, არც გული გააჩნია და არც ჯიგარი. მარტო იმაზე ფიქრობს, როგორ მიაღწიოს თავის მიზანს და მზად არის, გადამთელოს და გადამიაროს.

– მეუღლე ფიზიკურად გისწორდებათ?

– არა მარტო. მარტო რომ მცემდეს და მირტყამდეს, კიდევ ავიტანდი, მაგრამ მისი სითავხედე უკვე ყველანაირ ზღვარს გადადის. ყოველ საღამოს თავისი ძმაკაცები ამოჰყავს და მაიძულებს, მათ მოვემსახურო – სუფრა გავუშალო, სასმელი მოვუტანო, კარგად გამოვაძღო და სახლში ისე გავუშვა.

– ფულს თვითონ გაძლევთ?

– საიდან ექნება ფული, როცა ერთი დღეც არ უმუშავია? მე თუ ვმუშაობ და ორი კაპიკი შემომაქვს ოჯახში, ისიც ამის სასმელებში მიდის. არ ვიცი, ამას როდემდე გავუძლებ. მართლა ძალიან დავიღალე.

– ნათესავები არ გყავთ?

– როგორ არ მყავს, მაგრამ მათი მრცხვენია, როგორ ვუთხრა, ერთ უვარგის ქმარს გამოვექეცი და იმაზე უარეს უსაქმურსა და ნაძირალას გადავეყარე-მეთქი. როცა მირეკავენ და ჩემთან მოსვლას მთხოვენ, ვეუბნები, რომ იმ დღეს მორიგე ვარ და სახლში მთელი დღე არ ვიქნები-მეთქი.

– პირველ ქმარს რატომ გაშორდით?

– ისიც ამისნაირი უვარგისი იყო და იმიტომ. ამ ბოლო დროს დავასკვენი, რომ ყველა კაცი ერთნაირია – მარტო თავის თავსა და სიამოვნებაზე ფიქრობენ, მეტი არაფერი უნდათ. ზაზა ბავშვობიდან მიყვარდა. ვიცოდი, რომ მასაც მოვწონდი, მაგრამ თითქოს არ იმჩნევდა. სანამ ცოლად გავყვებოდი, იმდენჯერ ვიჩხუბეთ და შევრიგდით, სათვალავი ამერია. საბოლოოდ დავასკვენი, რომ ამდენი ჩხუბი და გაბუტვა დიდი სიყვარულის ბრალი იყო და ზაზას ცოლად გავყევი. როცა მასთან ერთად ცხოვრება გადავწყვიტე, ისევ გაბუტულები ვიყავით, მაგრამ ვიფიქრე, თუკი ჩემი ბედია და მასთან ერთად ბედნიერად ცხოვრება მიწერია, ეს შანსი ხელიდან არ უნდა გავუშვა-მეთქი. გაპარვა მშობლებმა არ მაპატიეს და რამდენიმე თვე არ მელაპარაკებოდნენ, მაგრამ, როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე, როცა დედაჩემმა ჩემი ორსულობის ამბავი გაიგო, მოვიდა და ყველაფერი გვაპატია.

ბავშვი რომ გაჩნდა, მთელი ყურადღება მასზე გადავიტანე. ქმარსაც ვუვლიდი, მაგრამ, ისე ვეღარ, როგორც მანამდე. ზაზას ჩემი გაგება გაუჭირდა. არ ესმოდა, რომ გადაღლილი ვიყავი და მისგან პირიქით ვითხოვდი ხელშეწყობას. პირველად იმის გამო ვიჩხუბეთ, რომ მისი პერანგი გაუთოვებული არ იყო. ამის შემდეგ ჩემი ქმარი ძალიან შეიცვალა და ნებისმიერ წვრილმანზე გაუთავებლად მეჩხუბებოდა. ბავშვიც პრეტენზიული იყო, სულ ტიროდა, ხელში ითხოვდა, ამიტომ ოჯახის საქმეებს წესიერად ვერ ვაკეთებდი. ჩემი ქმარი კი დღითიდღე ღიზიანდებოდა და პრეტენზიებს მიყენებდა. ერთი პერიოდი დედაჩემი მეხმარებოდა, მაგრამ, როცა ჩემი ძმისშვილი გაჩნდა, ჩემს რძალსაც დასჭირდა მოხმარება და დედა მასთან გავუშვი.

ერთ საღამოს ზაზამ დარეკა, სამსახურში საგანგებო სიტუაციაა გამოცხადებული და დღეს სახლში ვერ მოვალო. ეჭვი არაფერში შემიტანია, ვიფიქრე, ალბათ, მართლა ბევრი საქმე აქვს-მეთქი და მეორე დილას მშვიდად დაველოდე. დროთა განმავლობაში მის სამსახურში საგანგებო მდგომარეობამ სისტემატური ხასიათი მიიღო და სულ უფრო გახშირდა.

– ეჭვიანი ხართ?

– არა, მაგრამ ამ სიტუაციამ დამაეჭვა. არასოდეს მისი არც მობილურის ესემესები გამიკონტროლებია და არც ჯიბეები გამიჩხრეკია, მაგრამ შინაგანი ხმა მეუბნებოდა, რომ ქმარი მღალატობდა. ნებისმიერი ქალი ხვდება, როცა მას ქმარი ღალატობს.

– თქვენი ეჭვები გამართლდა?

– ზაზასთვის არაფერი მიგრძნობინებია, ისევ ისე ვიქცეოდი, როგორც მანამდე, უბრალოდ, მინდოდა, რამე ისეთი მეპოვა მისთვის, რაც ან მთლად დამამშვიდებდა, ან საბოლოოდ გამაგიჟებდა. მე კი ვაწყობდი გეგმებს, მაგრამ ამისთვის ბევრი თავის ტკივილი არ დამჭირვებია. ერთ საღამოს ჩემი ქმარი სახლში ვიღაც ქალთან ერთად მომადგა. ის ქალი ნასვამი იყო, ჩემი ქმარი კი – მთვრალი, მითხრა, ეს ჩემი თანამშრომელია, მისი დაწინაურება აღვნიშნეთ და ახლა აქ, ოჯახში გვინდა გავაგრძელოთო. სიტუაცია არ მომეწონა, მაგრამ რას ვიზამდი, დავიჯერე და იმ ქალს გულიანად გავუმასპინძლდი. რას ვიფიქრებდი, რომ ჩემი ქმარი სახლში თავის საყვარელს ასე უსირცხვილოდ მომაყენებდა.

– ეს როდის გაიგეთ?

– ძალიან გვიან, სანამ ამ ქალმა თვითონ არ დამირეკა და არ მითხრა, რომ ჩემნაირი სულელი და მიამიტი ქალი ცხოვრებაში არ ენახა. მითხრა, შენი ქმრის საყვარელი ვარ, მისგან შვილს ველოდები და ზაზა შენთან აღარ მოვაო. რა უნდა მექნა, თუ ქმარს არ ვუნდოდი, მისი სახლი რაღაში მჭირდებოდა? იმ საღამოსვე ჩემი და ჩემი შვილის ბარგი ჩავალაგე და ჩემს მშობლებთან გადავედი.

– ახლა სად არის ზაზა?

– ზაზამ ის ქალი ჩვენს სახლში მოიყვანა და ერთად ცხოვრობენ. მასთანაც შვილი ჰყავს, მაგრამ, როგორც გავიგე, სმას დაეჩვია და იმ ქალსაც არ აყენებს კარგ დღეში.

– ვახოზე რატომღა გათხოვდით?

– ვახო მაშინ გავიცანი, როცა ჩემი პირველი ქმრისგან დამცირებული საკუთარ უბედურებას ვგლოვობდი. კაცების ხსენებაზე ცუდად ვხდებოდი და ერთი პერიოდი დავიფიცე კიდეც, აწი მათკენ აღარასოდეს გავიხედავ-მეთქი. ვახომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩემი გული მოენადირებინა. ამაში ნამდვილი პროფესიონალია. ბევრი ვიფიქრე, ბევრი ავწონ-დავწონე და საბოლოოდ გადავწყვიტე, ვახოს ცოლად გავყოლოდი.

– არც მასთან გაგიმართლათ?

– არა. ვახოც მსმელი აღმოჩნდა. ძალიან ცუდი სიმთვრალე აქვს. მის სახლში დაბრუნებას შეშინებული ველოდები, ვიცი, რომ რაღაც შარს მომდებს და ნებისმიერ წვრილმანზე საშინელ დღეში ჩამაგდებს.

– თქვენი შვილი სად არის?

– ჩემი შვილი თავიდანვე ჩემს მშობლებთან დავტოვე. არ მინდოდა, ვახოს მშობლები იმით გაღიზიანებულიყვნენ, რომ მათ ოჯახში ბავშვიანი ქალი შევიდა.

– ვახოს მშობლებს თქვენი შვილი დაუმალეთ?

– არა. ერთად გადავწყვიტეთ, რომ თავიდან მათთვის არ გვეთქვა ჩემი შვილის შესახებ. დროთა განმავლობაში კი ვახო დამპირდა, რომ მშობლებს ყველაფერს ეტყოდა და ჩემს შვილსაც ჩვენთან გადმოიყვანდა.

– პირობა შეგისრულათ?

– არა. მისმა მშობლებმა დღესაც კი არ იციან, რომ შვილი მყავს. ამის დამალვას ნამდვილად არ ვაპირებდი, მაგრამ ვახომ თვითონ მთხოვა, ასე ჯობიაო. ჩემი შვილის არსებობის არ მრცხვენია, ის ჩემი ნაწილია და მასზე უარს არასოდეს ვიტყვი.

– ვახოსთან შვილი არ გყავთ?

– არა და ამით ძალიან ბედნიერი ვარ. არ მინდა, ორივე შვილი უვარგისი ქმრებისგან მყავდეს.

– ვახოს არ უნდა შვილი?

– როცა დალევს, სულ ამაზე ბუზღუნებს, ერთი ბავშვი ვერ გავაკეთეო. მისი ასეთი ცხოველური მიდგომა პაწაწინა არსებისადმი მკლავს და კიდევ უფრო მიკარგავს სურვილს, მისგან შვილი გავაჩინო.

– ნანობთ მეორედ გათხოვებას?

– ძალიან. პირველმა ქორწინებამ ჭკუა მასწავლა, მეორედ იგივე შეცდომა აღარ უნდა დამეშვა. ახლა ვხვდები, რომ ეს ჩემი სასჯელია, მაგრამ საკუთარი თავიც მეცოდება. არ ვიცი, ამ ყველაფერს როდემდე გავუძლებ. ბავშვი სიგიჟემდე მენატრება, ქმარს ყოველ საღამოს სახლში შიშით ველოდები, დედამთილსა და მამამთილს ვატყუებ, საკუთარი თავის რწმენა დავკარგე. განა ეს ნორმალური მდგომარეობაა? მინდა, რომ ყველა ქალივით მეც ვიყო ბედნიერი და ის მივიღო, რაც ამ ცხოვრებისგან დავიმსახურე.

– ვახოსგან რატომ არ წამოხვალთ?

– ამაზე ყოველდღე ვფიქრობ. დღესაც არ ვიცი, რა მაჩერებს კაცთან, რომელიც, საკუთარი სიამოვნების გარდა, ამ ცხოვრებაში არაფერზე ფიქრობს. ბევრი ქალი ჩემს ადგილას მისგან უკვე დიდი ხნის წასული იქნებოდა, მაგრამ მე ეს ნაბიჯი ვერა და ვერ გადავდგი.

– მარტო დარჩენის გეშინიათ?

– ალბათ, ეგ მომენტიც არის. არ მინდა, მთელი ცხოვრება მარტო ვიყო. მესამედ რომ ნამდვილად აღარ გავთხოვდები, ეს უკვე გადაწყვეტილია, თან ვახოც მეცოდება, ვიცი, ახლა ხომ დაღუპულია, მაგრამ უჩემოდ საბოლოოდ დაიღუპება.