„ოცნება“ შეიძლება აფეთქდეს“

„ოცნება“ შეიძლება  აფეთქდეს“– ქვეყანაში მნიშვნელოვანი ფაქტორია ძლიერი ოპოზიცია. ნებისმიერ ხელისუფლებას სჭირდება ძლიერი ოპოზიცია სწორედ იმიტომ, რომ მძაფრი, კრიტიკული შეცდომები არ დაუშვას. მუდამ ფორმაში იყოს. თუმცა, სამწუხაროდ, საქართველოში ტრადიციულად მმართველ ჯგუფს აქვს ესტაფეტა, რომ ოპოზიცია ბოლომდე გაანადგუროს და თვითონ იყოს აბსოლუტურად უსაფრთხოდ. ყველა პოლიტიკური ელიტა ახერხებს, რომ გაანადგუროს პოლიტიკური ოპოზიცია და მიაღწიოს სიმყარეს, თავს გრძნობდეს უსაფრთხოდ, მაგრამ ეს “უსაფრთხოება” ძალიან დროებითია და ამავდროულად ძალიან საშიშია, – აცხადებს „ახალ თაობასთან“ თორნიკე შარაშენიძე.

მისი აზრით, ხელისუფლებაში მყოფი გუნდი ვერ აცნობიერებს საკუთარ შეცდომებს, ამ დროს კი შიგნიდან იწყება რღვევა, შეცდომების დაშვების კასკადი.

– ამის გაცნობიერება რთულდება, როდესაც ძალაუფლება შეუზღუდავია, როდესაც ხელისუფლებაში ხარ და ფიქრობ, რომ არაფერი არ გემუქრება, მუდამ იქნები.

ჩემი აზრით,ორი მოვლენა, მუხთარლის გატაცება და რეპერების დაჭერა, შემდეგ კი განთავისუფლება, რომელმაც კომიკური სახე მიიღო, ჯერ ბერამ დაუჭირა მხარი და შემდეგ ჩვენი მინისტრები ერთმანეთს ასწრებდნენ, რომ მათაც დაეჭირათ მხარი, ეს არის პირველი სიმპტომური ნიშნები სისტემური კრიზისის. თუ დროულად ვერ მიხვდებიან, რომ კრიზისი სისტემური არის და ასე გააგრძელებენ მუშაობას, ამას უარესი კრიზისები მოჰყვება. ფაქტია, სისტემა შეცდომას უშვებს, როდესაც მსგავსი რაღაცები ხდება. მომხდარი ფაქტები უკვე არის იმის ნიშანი, რომ სისტემა არანორმალურად მუშაობს და შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს აფეთქდეს, ეს არის ძალიან ცუდი, – განუცხადა თორნიკე შარაშენიძემ „ახალ თაობას“.