როგორ ვკვებოთ ბავშვი ადრეულ ასაკში

როგორ ვკვებოთ ბავშვი ადრეულ ასაკშიადრეული ასაკის ბავშვის კვებას ნამდვილად დიდი მნიშვნელობა ენიჭება ბავშვის ჯანმრთელობისთვის, მისი ზრდისა და განვითარებისთვის.

როგორ ვკვებოთ ადრეული ასაკის ბავშვი და რა შეიძლება გამოიწვიოს არასწორმა კვებამ, ამ თემებზე იაშვილის საავადმყოფოს ბავშვთა განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, პედიატრი მაია ხერხეულიძე საუბრობს.

მაია ხერხეულიძე:

– ადრეული ასაკის ბავშვის კვებას ნამდვილად დიდი მნიშვნელობა ენიჭება ბავშვის ჯანმრთელობისთვის, მისი ზრდისა და განვითარებისთვის. ჩვენს ორგანიზმს არ შეუძლია არსებობა სითხის, ანუ წყლის და საკვების გარეშე. ჩვენი ბაზისური, აუცილებელი მოთხვნილებაა კვება, ნებისმიერი ქსოვილი, ორგანო უჯრედი, თავისი ფუნქციონირებისთვის საჭიროებს სხვადასხვა ნივთიერებას და ამ ყველაფერს ვიღებთ საკვებით.

დადგენილია, რომ კვებას აქვს უზარმაზარი მნიშვნელობა ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის და სხვადასხვა დაავადებების პრევენციისთვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მუცლადყოფნის პერიოდი და პირველი ორი წელი, რასაც ჩვენ ვეძახით კრიტიკულ 1.000 დღეს ბავშვის ცხოვრებაში.

– რატომ არის ეს პერიოდი ცალკე გამოყოფილი?

– ამ პერიოდში კვებას იმიტომ ენიჭება ყველაზე დიდი მნიშვნელობა, რომ ეს არის ყველაზე სწრაფი ასაკი, როცა ხდება ბავშვის ზრდა და განვითარება და დადგინდა ისიც, რომ ამ პერიოდში თუ არის რაღაც პრობლემა, ანუ განვითარდა რაიმე ნივთიერების დეფიციტი, ამან შეიძლება მოგვცეს პრობლემა ბავშვის ჯანმრთელობაში არა მაშინვე, არამედ მოზრდილობის ასაკშიც კი.

დღეს ბევრი მეცნიერი საუბრობს იმაზე, რომ მოზრდილთა ასაკში განვითარებული დაავადებები ალერგია, ასთმა, გულსისხლძარღვთა პათოლოგია, დიაბეტი, ყველა მათგანი სათავეს იღებს ბავშვობის პერიოდში და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირველი 2 წელი.

კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ეს პერიოდი არის უმნიშვნელოვანესი, ეს არის ტვინის განვითარების ყველაზე სწრაფი პერიოდი. დადგენილია, რომ 5 წლის ასაკის ბავშვის ტვინი არის ჩვენი ტვინის 90 პროცენტი. ასეთი მოსაზრებაც არის, რომ თუ ინვესტიციას გავაკეთებთ პირველ 5 წელიწადში, ჩვენ რეალურად ვაკეთებთ მთლიანი მომავლის ინვესტიციას, იმიტომ რომ ეს არის ყველაფრის საფუძველი. ამ დროს საკვები ნივთიერებები წარმოადგენს ჩვენი ტვინის საშენ მასალას, თუ ჩვენ საშენი მასალა დაგვაკლდა, ფაქტია, რომ ამან შეიძლება მომავალში მოახდინოს ძალიან დიდი ზემოქმედება. მაგალითად, რკინის დეფიციტი – რკინა ერთ-ერთი მიკროელემენტია, რომელიც იმისთვის სჭირდება ორგანიზმს, რომ სისხლის წარმოქმნა მოხდეს და ჟანგბადი მიეწოდოს ტვინს, თუ მოზრდილ ადამიანს დააკლდა რკინა, ამ მომენტში წარმოიქმნება პრობლემები, შრომისუნარიანობა დაქვეითდება, გავხდებით აპათიურები, შეიძლება ამან იმოქმედოს ჩვენს მეხსიერებაზე, მაგრამ როგორც კი შეივსება ეს დეფიციტი, ყველაფერი იქნება კარგად.

ბავშვთან თუ 2 წლის განმავლობაში რკინის დეფიციტი ვლინდება, შეიძლება ასახვა ჰპოვოს სწავლის უნარზე სასკოლო პერიოდში. ეს მხოლოდ მწვავე პრობლემა კი არ არის, მოგვიანებითი პრობლემაც შეიძლება განვითარდეს.

ბავშვებზე საუბრისას მნიშვნელოვანია არა მარტო კვება, არამედ გარემო და ის ურთიერთობები, რომელშიც პატარები იზრდებიან. თუ ბავშვები სტრესულ გარემოში იზრდებიან, მათ არა მარტო თავის ტვინის სრტრუქტურა ერღვევათ, არამედ თვითონ ტვინიც უფრო პატარა აქვთ, ანუ ტვინის ზრდის პროცესიც კი ფერხდება.

– რა შეიძლება გამოიწვიოს არასწორმა კვებამ?

– შეიძლება განვითარდეს ვიტამინების და მინერალების დეფიციტი, მაგალითად რაქიტი, რომელიც დე ვიტამინის დეფიციტია, გარდა დე ვიტამინისა, კალციუმია ამ დროს აუცილებელი. ა ვიტამინის დეფიციტმა შეიძლება მოგვცეს ქათმის სიბრმავე, როდესაც ღამით მხედველობის ძალიან სერიოზული გაუარესებაა და შემდეგ შეიძლება მხედველობაზე იმოქმედოს. თუთიის დეფიციტი, ისევ ა ვიტამინის დეფიციტი იმუნიტეტისთვის ძალიან მნიშვნელობითია. სიმსუქნე, დიაბეტი, ხშირი ინფექციები იმუნოდეფიციტის გამო, მოზრდილებში უკვე ოსტეოპოროზი და გულ სისხლძარღვთა დაავადებები შეიძლება ამ ყველაფრიგან იყოს გამოწვეული.

– რა არის ჯანსაღი კვება?

– ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ამბობს, რომ ადამიანის ჯანმრთელობის 70 პროცენტი დამოკიდებულია ცხოვრების ჯანსაღ წესზე. აქედან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია ჯანსაღი კვება. ამაში ვგულისხმობთ, რომ ამ დროს ორგანიზმი იღებს ყველა საჭირო ნივთიერებას, მათ შორის ისეთებსაც, რომელიც ორგანიზმში არ შეიქმნება, ანუ აუცილებლად გარედან უნდა მივიღოთ. არის ისეთი ნივთიერებები, რომლებსაც ორგანიზმი სხვა ნივთიერებებიდან ასინთეზირებს, მაგრამ არის ე.წ შეუცვლელი ანუ ესენციალური ნივთიერებები, რომლებიც აუცილებლად საიდანღაც უნდა მივიღოთ, რომ გამოვიყენოთ. აუცილებელად უნდა იყოს დაკმაყოფილება მოთხოვილება ენერგიასა და საკვებ ნივთიერებებზე, უნდა იყოს შემცირება დაავადებების რისკის და უნდა იყოს უსაფრთხო.

– როდის არის საჭირო დამატებითი კვება?

– დამატებითი კვება ნიშნავს, რომ შემოდის ბავშვის რაციონში რბილი კონსისტენციის პიურეს მსგავსი საკვები. ეს აუცილებელია 6 თვის ასაკიდან. ზოგი დედა ამბობს, რომ მას აქვს საკმარისი რძე და რატომ უნდა დაიწყოს დამატებითი საკვების მიღცემა. იმიტომ რომ უკვე რძე არ ყოფნის, არ აკმაყოფილებს ბავშვის ყველა მოთხოვნას და შეიძლება განვითარდეს ვიტამინების, მიკროელემენტების დეფიციტები. ამიტომ დამატებითი კვება უნდა დავიწყოთ. ძალიან იშვიათად, რაღაც პარამეტრებზე დაყრდნობით ზოგჯერ ექიმი აძლევს ხოლმე რეკომენდაციას, რომ დამატებითი კვება დაიწყოს 4 თვიდან, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში 4 თვემდე, იმიტომ რომ დღეს უკვე დადასტურდა, დამატბითი კვების ადრე დაწყება კუჭნაწლავის ტრაქტის ბევრ პრობლემას ქმნის.

ვიწყებთ ხილ ფაფით, მარცვლეულის ფაფით, ბოსტნეულის პიურეთი, შემდეგ ემატება ხორცი, ორცხობილა ბავშვის რაციონში. მშობელს უნდა ახსოვდეს, რომ საკვები ყვოელთვის ინიშნება თანდათან მზარდი რაოდენობით ანუ კვება უცებ ვერ შეიცვლება. ინიშნება აუცილებლდა ერთი საკვები, არ შეიძლება რომ რამოდენიმე ერთდროულად დავნიშნოთ. ბავშვი ჯერ უნდა მიეჩვიოს ერთს და შემდეგ დავიწყებთ მეორეს. ყველა საკვები აუცილებლად მზადდება მაშინ, როცა ბავშვს უნდა მივცეთ. არ შეიძლება გუშინდელი საკვები ბავშვს აჭამოთ დღეს. რა თქმა უნდა, ჰიგიენის ყველა ნორმა უნდა იყოს დაცული და რაც მთავარია, დამატებითი საკვები მნიშვნელოვანია რომ მივცეთ კოვზით. ბავშვი უკვე უნდა მიეჩვიოს კოვზით საკვების მიღებას და ამას თავისი დიდი მნიშვნელობა აქვს, რათა პირის კუნთები განვითარდეს, რაც მერე უმნიშვნლოვანესია მეტყველებისთვის.

– როგორი კონსისტენციის საკვები უნდა მივცეთ ბავშვს?

– არანაკლებ მნიშვნელოვანია საკვების კონსისტენცია – თავიდან საკვები არის ძალიან რბილი, შემდეგ უნდა იყოს ცოტა სქელი, შემდეგ მივცეთ დაჭყლეტილი და ამასაც აქვს თავისი დატვირთვა. ბლენდერმა დიდი პრობლემა შექმნა, ეჩვევა ბავშვი დაბლენდერებულ საკვებს და უჭირს გადასვლა დაჭყლეტილ საკვებზე. 7-8-9 თვემდე შეიძლება დაბლენდერებული საკვების მიცემა, მაგრამ შემდეგ უნდა გადავიდეთ გახეხილ და დაჭყლეტილ საკვებზე. არიან 2 წლის ბავშვები, რომლებიც იმ საკვებს, რომელიც ხელში შეიძლება დაიჭირო, მშვენივრად მიირთმევენ, მაგრამ სადილს არ მიირთმევენ თუ ის არ არის დაბლენდერებული.