“ქართული ოცნება” ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ – რა მოხდა მუხრანში

"ქართული ოცნება" ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ – რა მოხდა მუხრანშიმუხრანში, საპარლამენტო უმრავლესობის გასვლითმა სხდომამ ცხარე დისკუსიის ფონზე ჩაიარა, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ უმრავლესობის გასვლითი სხდომის ერთ-ერთმა მონაწილემ განუცხადა.
მისი ინფორმაციით, სხდომაზე ”ქართული ოცნების” წევრების მთავარი კრიტიკის ობიექტი პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იყო.
შეხვედრაში, პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის გარდა, მინისტრთა კაბინეტის თითქმის სრული შემადგენლობა იღებდა მონაწილეობას.
როგორც საპარლამენტო კულუარებში აღნიშნავენ, მწვავე დისკუსია საკონსტიტუციო ცვლილებებით დაგეგმილმა მაჟორიტარული სისტემის გაუქმების ინიციატივამ გამოიწვია. წყაროს ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით უარყოფითი პოზიციები დაფიქსირდა როგორც საკუთრივ მაჟორიტარების, ასევე პროპორციული სიით გასული დეპუტატების მხრიდან.
– დეპუტატების მხრიდან განსაკუთრებული უარყოფითი შეფასება პარლამენტის თავმჯდომარის მიერ იმის ხაზგასმამ გამოიწვია, რომ მაჟორიტარული სისტემა ავტორიტარიზმის საფრთხეს ქმნის, – განუცხადა ”ინტერპრესნიუსს” სხდომის მონაწილემ.
მისივე ინფორმაციით, მუხრანის შეხვედრაზე დაისვა კონსტიტუციაში იმ ნორმის შენარჩუნების საკითხიც, რომლის მიხედვით, მთავრობის თავდაპირველი შემადგენლობის 1/3-ით განახლების შემთხვევაში, მთავრობას პარლამენტმა ხელახლა უნდა გამოუცხადოს ნდობა.

გარდა ამისა, ”ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის მხრიდან დაისვა საკითხი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების არაპირდაპირი წესით ჩატარების თაობაზე, რასაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეც დაეთანხმა. ამის არგუმენტად კი კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციის პოზიცია დაფიქსირდა.
კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების გარდა, კამათის თემა დიდგორობის დღესასწაულთან დაკავშირებით პარლამენტში წარდგენილი პროექტიც გახდა.
– აღნიშნულ საკითხზე პროექტის ინიციატორს, ნუკრი ქანთარიასა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის სერიოზული შეკამათება მოხდა. ქანთარიამ კობახიძეს მიმართა. რომ პროექტის განხილვა მის გამო იყო გაჩერებული და პარლამენტის თავმჯდომარეს მიუთითა, რომ ის არ არის პარლამენტის რეგლამენტი და ამის უფლება არ ჰქონდა, – განუცხადა ”ინტერპრესნიუსის” უმრავლესობის დეპუტატმა.
ამასთან, მთავრობისა და უმრავლესობის წევრების შეხვედრაზე თბილისის მერად კახა კალაძის კანდიდატურა დასახელდა, თუმცა შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ ოფიციალურად ამის შესახებ პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ დასახელდება.