ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს ლევან გამყრელიძე უხელმძღვანელებს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს ლევან გამყრელიძე უხელმძღვანელებსფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს ლევან გამყრელიძე უხელმძღვანელებს.

ამის შესახებ სპეციალურ პრეს-ბრიფინგზე პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საგამოძიებო სამსახური, როგორც წამყვანი უწყება ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, დღეს ახალი გამოწვევების წინაშე დგას.

ახალ პოზიციაზე დანიშვნამდე ლევან გამყრელიძეს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის პოსტი ეკავა.

– მას დღესაც ყოველდღიურ რეჟიმში აქვს შეხება ფინანსებთან, გადასახადებთან და, დარწმუნებული ვარ, რომ დაკისრებულ მოვალეობას თავს წარმატებით გაართმევს, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა და აღნიშნა, რომ ლევან გამყრელიძეს პრემიერ-მინისტრიც სრულ მხარდაჭერას უცხადებს.

– საგამოძიებო სამსახურის წინაშე დასმული ამოცანების შესასრულებლად ჩვენ შევარჩიეთ ისეთი ხელმძღვანელი, რომელიც კარგად იცნობს საგადასახადო კანონმდებლობას, გადასახადის გადამხდელთა ფსიქოლოგიას და აქვს ფინანსური დანაშაულის გამოვლენისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის დიდი გამოცდილება. საგამოძიებო სამსახურის გაძღოლა შევთავაზეთ ადამიანს, რომელმაც ყველა იმ უწყებაში, სადაც ის ხელმძღვანელ პოზიციას იკავებდა, თავი გამოიჩინა, როგორც პროფესიონალმა, კარგმა მენეჯერმა და რეფორმატორმა. ამდენად, ვფიქრობთ, რომ ის ახალ პოზიციაზე მუშაობისას, საქმიანობას წარმართავს დიდი ენთუზიაზმით, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა. მისი თქმით, ლევან გამყრელიძეს საგამოძიებო სამსახურში მუშაობის 11-წლიანი გამოცდილება აქვს.

პირველმა ვიცე-პრემიერმა ასევე ისაუბრა საგამოძიებო სამსახურის ყოფილ უფროს გიორგი ბადაშვილზე, რომელიც აღნიშნულ უწყებას 2015 წლიდან ხელმძღვანელობდა.

– გიორგი ბადაშვილმა არაერთი რეფორმა გაატარა აღნიშნულ უწყებაში. მან თავად მიიღო გადაწყვეტილება სხვა სამსახურში გადასვლასთან დაკავშირებით, რაშიც მინდა მას წარმატება ვუსურვო, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მედიის წინაშე მოკლე განცხადება გააკეთა საგამოძიებო სამსახურის ახალმა ხელმძღვანელმა ლევან გამყრელიძემ.
– კარგად ვაცნობიერებ, თუ რა მნიშვნელოვანია ისეთი სამსახურის ხელმძღვანელობა და სწორად მართვა, როგორიც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურია.

საგამოძიებო სამსახური ჩემთვის კარგად ნაცნობი და მშობლიურია. ამ სფეროში ჩემი 11-წლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე, კარგად ვიცი, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას მისი შემდგომი განვითარებისთვის. მაქვს ნათელი ხედვა, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს და გაძლიერდეს ფინანსურ დანაშაულთან ბრძოლა და როგორ უნდა გახდეს კიდევ უფრო ეფექტური აღნიშნული უწყების საქმიანობა,- განაცხადა ლევან გამყრელიძემ.

ნიუპოსტი