სიდედრმა ცოლ-შვილი დამაკარგვინა

რამაზი ორი თვეა ცოლს დაშორდა. ამ ამბავს მწარედ განიცდის და ყველაფერში ყოფილ სიდედრს ადანაშაულებს. ის დარწმუნებულია, რომ სწორედ დედამ აუმხედრა ცოლი და სწორედ მისი დამსახურებით არის ახლა სრულიად მარტო.

რამაზი:

– უკვე ორი თვეა, რაც მარტო ვარ. ჩემი ცოლი და ჩემი ანგელოზივით შვილები სიგიჟემდე მენატრება, მაგრამ მათი ნახვის საშუალება არ მეძლევა. ჩემს ცოლს ვეღარ ვცნობ, ძალიან შეიცვალა, ის ნათია აღარ არის, ვინც სიგიჟემდე მიყვარდა. ჩემი არ ესმის, არ უნდა, რომ გამიგოს, არ უნდა, ჩემთან ერთად იცხოვროს და ცოტაც დამაცადოს, რომ მისი ოცნება ავასრულო.

– რას ითხოვს თქვენი ცოლი?

– თქვენ გგონიათ, რამე განსაკუთრებულს? არა, მას მხოლოდ ბინა უნდა, რომელიც მე არ გამაჩნია. იყო დრო, სახლიც მქონდა და კარიც, მაგრამ დედის ავადმყოფობის გამო, მისი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად ყველაფრის გაყიდვა დაგვჭირდა.

ნათია სრულიად შემთხვევით გავიცანი. ერთმანეთს მეტროში შევხვდით. მოულოდნელად მეტროს მოძრაობა შეფერხდა. ნათიასაც ძალიან ეჩქარებოდა და მეც. მოკრძალებულად მთხოვა, თუ შეიძლება გამატარეთო. რომ შევხედე, სუნთქვა შემეკრა, ულამაზესი გოგო მედგა წინ. რა თქმა უნდა, გავატარე, მაგრამ მარტო აღარ გამიშვია და უკან გავყევი. ნათიამ ფეხს აუჩქარა, ალბათ, მიხვდა, რომ ავედევნე და შეშინებული მიდიოდა, ბოლოს სირბილზე გადავიდა, მეც რომ აღარ მოვეშვი, მოულოდნელად მობრუნდა და მითხრა, არც ფული მაქვს, არც ოქროულობა, თავი დამანებეო. მაშინ ვუთხარი, რომ არც ქურდი ვიყავი და არც მისი ოქროულობა და ფული მაინტერესებდა. გამოვუტყდი, რომ ძალიან მომეწონა და მისი გაცნობა მინდოდა. ნათიას არ სჯეროდა და მისი დაყოლიება გამიჭირდა, მაგრამ ვინც გამაჩნდა, ყველა დავუფიცე და ეტყობა დამიჯერა. მას შემდეგ ერთმანეთს ძალიან ხშირად ვხვდებოდით. ადვილად დავმეგობრდით. ნათია ჩემთვის უძვირფასესი ადამიანი გახდა. მისთვის არაფერი დამიმალავს. იმ პერიოდში დედაჩემი საავადმყოფოში იწვა, ვუთხარი, წამოდი, დედას გაგაცნობ, შენზე უკვე ყველაფერი იცის-მეთქი, მაგრამ არ წამოვიდა, არ ვიცი, მოერიდა თუ არ უნდოდა დედაჩემის გაცნობა. ეს სულაც არ მწყენია, მთავარია, რომ ვგრძნობდი, მასაც ვუყვარდი. იმისთვის, რომ მისი ნდობა და სიყვარული მომეპოვებინა, დიდი დრო დამჭირდა. არც ავჩქარებულვარ, არ მინდოდა შეცდომა დამეშვა, მსურდა ჩემს გრძნობებში ბოლომდე დავრწმუნებულიყავი და საყვარელი ადამიანისთვის ჩემი წინდაუხედაობით გული არ მეტკინა.

– ნათიას მშობლები გაიცანი?

– კი. დღეს ბევრ ბიჭს რცხვენია გოგოს ოჯახში ასვლა, მაგრამ ეს ჩემთვის პრობლემა არანაირად არ ყოფილა. ნათიას თვითონ შევთავაზე, თუ შენს მშობლებს აინტერესებთ, ვის ხვდები და ვინ ვარ, მზად ვარ შენებთან ამოვიდე-მეთქი. ნათიას ჩემი განზრახვა ძალიან მოეწონა, მაგრამ ერთი კვირა ითხოვა, დედამ კი ყველაფერი იცის, მაგრამ მამაჩემისთვის არაფერი მითქვამს და სანამ ჩვენთან მოხვალ, ორი სიტყვით მასაც საქმის კურსში ჩავაყენებო.

– როგორ მიგიღეს შეყვარებულის მშობლებმა?

– მათთან მისვლის წინა ღამეს ნერვიულობისგან არ მიძინია. მთელი ღამე იმის ფიქრში გავატარე, მოვეწონებოდი თუ არა ჩემი შეყვარებულის მშობლებს, თუმცა, ჩემთვის მთავარი ეს სულაც არ იყო. ჩემთვის მთავარი იყო, რომ ჩემს საოცნებო ქალს ვუყვარდი. მათთან დათქმულ დროს მივედი. მამამისი სახლში არ იყო, ალბათ, განგებ არ დამხვდა, რომ შემდეგ მოსულიყო და გავეცანი. დედამისი მხიარული ქალი მეჩვენა, ნორმალურად შემხვდა, მაგრამ როგორც ყველა ცნობისმოყვარე ქალს ჩვევია, ყველაფერი გამომკითხა. როცა საქმე ჩემს ბინაზე მიდგა, არ დამიმალავს და ვუთხარი, რომ დედას მძიმე ავადმყოფობის გამო, სახლის გაყიდვა მოგვიწია და ახლა ქირით ვცხოვრობდით. მაშინვე შევატყვე, რომ ნათიას დედას ეს ამბავი არ მოეწონა, მაგრამ ამისთვის მაშინ ასეთი მნიშვნელობა არ მიმინიჭებია. მოგვიანებით ნათიას მამაც შემოგვიერთდა და ის საღამო მშვენივრად გავატარე.

– მალე დაოჯახდით?

– არა, ჩვენ არ ავჩქარებულვართ. ნათია სწავლობდა, არ მინდოდა მისთვის ოჯახის შექმნას განათლებაში ხელი შეეშალა, იმ პერიოდში არც მე ვმუშაობდი, ამიტომ დაქორწინება მოგვიანებით დავგეგმეთ. ნათიამ უმაღლესი რომ დაამთავრა, მეც დაცვაში მოვეწყე და შემოდგომაზე დავქორწინდით. დედაჩემიც უკეთ იყო, ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ თავი ბედნიერად გვეგრძნო და ჩვენს ვიწრო ბინაში ყველამ ერთად დავიწყეთ ცხოვრება. პირველი შვილი გოგონა შეგვეძინა. ისეთი ლამაზი იყო, თვალს ვერ მოაშორებდი. სამსახურიდან თავქუდმოგლეჯილი გამოვრბოდი, რომ ჩემი პატარა ანგელოზი დაძინებამდე მენახა. მოულოდნელად ჩემმა პატარა ძმამაც 16 წლის ასაკში ცოლი მოგვაყენა და ყველას ერთად ცხოვრება გაგვიჭირდა. ნათიამ თავად შემომთავაზა, ჩემები მაინც მოწყენილები არიან, მოდი, მათთან გადავიდეთო. იმ პერიოდში, მართლა ძალიან შევიწროებულები ვიყავით, ამიტომ ცოლის წინადადება მივიღე და მის მშობლებთან გადავბარგდით. აი, ზუსტად მაშინ დაიწყო, რაც დაიწყო. ჩემი სიდედრი თავიდან არაფერს ამბობდა, მაგრამ თანდათან შევატყვე, რომ შეწუხდა და უკმაყოფილო იყო. რამდენჯერმე ვითომ შემთხვევით ბინაზე ჩამომიგდო ლაპარაკი, თუ აპირებდნენ ჩემთვის მშობლები ცალკე ბინის ყიდვას, რას ვფიქრობდი მომავალზე და ა.შ. თავიდან მეგონა ისე, ყოველი შემთხვევისთვის მელაპარაკებოდა, მაგრამ როცა ამან სისტემატური ხასიათი მიიღო, მივხვდი, რომ არ მოსწონდა, მასთან რომ ვცხოვრობდით.

– ამას როდის მიხვდით?

– თავიდან ნათია მამშვიდებდა, დედაჩემი ჩვენს მომავალზე ფიქრობს, შენ პატარა ძმა გყავს, მასაც თავისი კუთხე სჭირდება, ამიტომაც გეკითხება ასე ხშირად, რას ფიქრობო. სიდედრის პარალელურად, ჩემმა ცოლმაც დამიწყო გამოკითხვა, როდის გვექნებოდა საკუთარი ჭერი. დამიჯერეთ, არც მე მხიბლავდა სიდედრისა და სიმამრის სახლში ცხოვრება, მაგრამ რა მექნა, ბინის ყიდვის საშუალება ნამდვილად არ მქონდა და იმის გამო, რომ საკუთარი ჭერი მქონოდა, ქურდობას ვერ დავიწყებდი. ჩემი ცოლი მეორე ბავშვზე რომ დაორსულდა, მართლა ძალიან გამიხარდა, გულში ვინატრე, ღმერთო, ბიჭი მაჩუქე-მეთქი და ღმერთმა ეს ოცნებაც ამისრულა, თან ორმაგად – ჩემმა ცოლმა ტყუპი ბიჭები გამიჩინა. სიხარულით ფეხზე ძლივს ვიდექი, ჩემებსაც ძალიან გაუხარდათ, სამაგიეროდ, ჩემმა სიდედრმა ჩამოუშვა ცხვირი და თუკი აქამდე ჩუმად და დიპლომატიურად მითხრიდა ძირს, ახლა პირდაპირ ღია შეტევაზე გადმოვიდა.

– მას მხოლოდ თქვენი ბინა აინტერესებდა?

– ახლა რომ ვუფიქრდები, ასე გამოდის. ჩემს ცოლსაც ხშირად ეუბნებოდა, რომ რატომ გაყვა ისეთ კაცს, რომელსაც საკუთარი ბინა არ ჰქონდა. ვიცი, მესმის და მჯერა, რომ ძნელია, როცა საკუთარი სახლი არ გაქვს, მაგრამ ამის გამო, ჩემს სიყვარულზე უარი უნდა მეთქვა? მქონდა, მართლა ყველაფერი მქონდა, მაგრამ დედაჩემის სიცოცხლის გადარჩენაზე იყო საუბარი და უკან როგორ დაგვეხია? ოჯახის არც ერთი წევრი არ დაფიქრებულა იმაზე, დედა გადაგვერჩინა თუ სახლი შეგვენარჩუნებინა.

– ცოლმა რატომ ვერ გაგიგოთ?

– არ ვიცი. ხშირად მეუბნებოდა, მზამზარეულ სახლში ცხოვრება გაგიტკბა, აღარც კი ფიქრობ, რომ ჩვენც ჩვენი სახლი გვჭირდებაო. ალბათ დედამისი არიგებდა ასე. თავიდან ჩუმად ვიყავი, ვამშვიდებდი და ვაიმედებდი ნათიას, რომ ყველაფერი კარგად გვექნებოდა, მაგრამ როცა ყველაფერი ყელში ამოვიდა და უკვე მათთან სახლში მისვლა აღარ მინდოდა, გადავწყვიტე ჩემი ემოციებისგან დავცლილიყავი და სულიერი სიმშვიდე მეპოვა. ერთ საღამოსაც სახლში ცოტათი ნასვამი მივედი. სიდედრი ისევ სიფათშეკერილი დამხვდა. მივესალმე და ჩვენი ოთახისკენ წავედი, სადაც ნათია მელოდებოდა, ისიც გაბუსხული და გაბუტული დამხვდა. როცა მიზეზი ვკითხე, მითხრა, აღარ მინდა ჩემი მშობლების სახლში ცხოვრება, ჩემს სახლზე ვოცნებობ, ჩემს კუთვნილ სახლზე, რამე მოიფიქრე, თუ არადა, ერთად ვეღარ ვიცხოვრებთო. თავიდან მეგონა, მეხუმრებოდა, მაგრამ ნათიამ სერიოზულად დამისვა საკითხი, რომ ამჯერად აღარაფრის მოთმენას არ აპირებდა. რა უნდა მექნა? იმდენი ხელფასი მე არ მქონდა, რომ ქირით გამეყვანა ცოლ-შვილი, ბინის ქირაც მეხადა და ოჯახიც მერჩინა. ჩემებთან კი ისედაც ერთმანეთზე იწვნენ და ჩემი ცოლ-შვილით ჩემს მშობლებს კარზე ვერ მივადგებოდი. ეს რომ ვთქვი, ოთახში ჩემი სიდედრი შემოვარდა, ესე იგი შენ შენს ოჯახის წევრებს უფრთხილდები და ჩვენ ფეხებზე გკიდივართო? ამას უკვე ნამდვილად ვეღარ მოვითმენდი. ჩემს ცოლს გამოვუცხადე, რომ მისი მშობლების სახლიდან მივდიოდი და რომ ამ დღის შემდეგ ჩემი ფეხი არ იქნებოდა იქ. ნათიამ ერთი კი დააპირა ჩემთვის რაღაცის თქმა, მაგრამ ისევ დედამისმა გააჩერა და სიტყვა დაასწრო, თუ წახვალ, იცოდე, შენს ცოლს და შვილებს თვალითაც ვეღარ ნახავო. კაცი ვარ და არ მინდოდა სიდედრის სიტყვებს დავეკავებინე და შევეშინებინე, ამიტომ კარი გამოვიჯახუნე და იქიდან წამოვედი. იმ ღამეს თვალი არ მომიხუჭავს. სულ მეგონა და მჯეროდა, რომ ჩემი ცოლი დამირეკავდა და თუ მის მშობლებთან დაბრუნებას არა, რაღაც გამოსავალს მაინც შემომთავაზებდა. ამ ლოდინში ორი თვე გავიდა. ნათიას ერთხელაც არ დაურეკავს. რამდენჯერმე მათ კორპუსთანაც გავიარე, მაგრამ ეზოშიც ვერ მოვკარი თვალი, რომ შორიდან ჩემი შვილები მაინც მენახა.

ძალიან კარგად ვიცი, რომ ახალგაზრდა ოჯახმა ცალკე უნდა იცხოვროს, რომ მათ პირადში რაც ნაკლები ადამიანი ჩაყოფს ცხვირს, მით ნაკლები პრობლემა იქნება, მაგრამ იმის გამო, რომ სახლი არ მაქვს, განა შეიძლება ასე, ერთი ხელის მოსმით, გადამაგდო?

– ახლა სად ცხოვრობთ?

– ჩემს მშობლებთან ვცხოვრობ. აქ ძალიან სივიწროვეა, ჩემს ძმასაც უკვე შვილი ჰყავს. ჩემი შვილების მონატრებას მასში ვკლავ, დიდხანს ვეთამაშები და მგონია, რომ ჩემს პატარებს მოვესიყვარულე. ის, რომ დღეს ოჯახი არ გამაჩნია და ცოლს გაშორებული ვარ, ჩემი სიდედრის ბრალია. ვიცი, რომ ყველა ოჯახს თავისი კუთხე და ბინა უნდა, მაგრამ თუკი კედლები არ გამაჩნია, ოჯახის არსებობის ღირსი აღარ ვარ? გულის სიღრმეში მაინც მჯერა, რომ ჩემი ცოლი ადრე თუ გვიან ყველაფერს მიხვდება და დამირეკავს, პატიებას მთხოვს და მეც უსიკვდილოდ შევურიგდები, მაგრამ მისი მშობლების სახლში მიმსვლელი აღარ ვარ.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018