გია ჯაჯანიძემ საკუთარ დას, ნინოს, უმაჭანკლა

გია ჯაჯანიძემ საკუთარ დას, ნინოს, უმაჭანკლატელეწამყვან გია ჯაჯანიძეს ორი დედმამიშვილი ჰყავს, ორივე მასზე უმცროსია, ძმა და და – დათო და ნინო. ჟურნალ “სარკეს” გიამ და ნინომ თავიანთ ცხოვრებაზე, ბავშვობაზე უამბეს.
– გია, გახსოვთ ნინოს დაბადება?
გია: მასზე 7 წლით უფროსი ვარ. ნინო რომ დაიბადა, იმ პერიოდში სამშობიაროში მნახველებს არ უშვებდნენ. არ მახსოვს, ვინ და როგორ შემაპარა, მაგრამ დედა ვნახე. საწოლში იწვა და დიდი, შავი ნაწნავი ჰქონდა ლამაზად მოდებული.
სახლში რომ გამოიყვანეს, თვალთან წითელი ნიშანი ჰქონდა. მეგონა, სტკიოდა და ძალიან ვდარდობდი.
– როგორ დეტალურად გახსოვთ ყველაფერი.
გია: დაუჯერებელია, მაგრამ მე მახსოვს, 9 თვის რომ ვიყავი, რა მოხდა ჩემს თავს, მაგრამ ამას ვერსად ვყვები, იტყვიან, იტყუებაო.
ნინო: საბავშვო ბაღში გიას დავყავდი.
გია: საბავშვო ბაღში მე მარტო დავდიოდი. თქვენ რომ იცოდეთ, რა გზას გავდიოდი, გაგიკვირდებათ.
– მარტო როგორ გიშვებდნენ?
გია: თავიდანვე ვიწვევდი ძალიან დიდ ნდობას. ბავშვს უნდა ენდო.
ნინო: სკოლაშიც პირველად გიამ წამიყვანა. მახსოვს, როგორ ეჭირა ჩემი ჩანთა.
– ახლაც ყურადღებიანი ძმაა?
ნინო: ძალიან მაგარი ძმაა! როცა მინდა, რომ მომისმინოს, დამეხმაროს, ყოველთვის ჩემ გვერდითაა.
– თაყვანისმცემლები რომ გაჩნდნენ თქვენს ცხოვრებაში, არ ეჭვიანობდა, როგორცუფროსი ძმა?
ნინო: ჩემი მომავალი მეუღლე გიამ გამაცნო.
გია: ერთმა ახლობელმა დამპატიჟა ლეილა ძოძუაშვილისა და ილია ნიქაბაძის ოჯახში. იდეალური ოჯახი დამხვდა, ასეთი ცოლ-ქმარი იშვიათობაა. გამაცნეს თავიანთი ვაჟი. კი გავიფიქრე, რა კარგი ოჯახია, ეს ბიჭი სასიძოდ კარგი იქნება-მეთქი, მაგრამ იქ ხომ არ ვიტყოდი, ჩემს დას გაგაცნობ-მეთქი ან ჩემს დას ხომ არ ვეტყოდი, წამოდი, კარგი ბიჭი უნდა გაგაცნო-მეთქი.
– ნინო, ბოლოს როგორ მოხდა თქვენი და თქვენი მომავალი მეუღლის შეხვედრა?
ნინო: იმ პერიოდში სამსახურმა ჭიათურიდან თბილისში გამომაგზავნა კვალიფიკაციის ასამაღლებლად. ჩემი მომავალი მეუღლე შემთხვევით გავიცანი გიასთან, სახლში.
გია: მერე დაგვპატიჟეს ოჯახში. ნინო რომ დაინახეს, გაგიჟდნენ. იქორწინეს, სამი შვილი ჰყავთ. მათ ოჯახში პირველად რომ შევედი, პირდაპირ დავინახე, ჩემი და იქ როგორ ცხოვრობდა.
– სიძე რომ გახდა, მერე ხომ არ მოუძებნეთ წუნი?
გია: არა, სასწაული სიძე მყავს – თბილი, მშრომელი, განათლებული. პროფესიით არქიტექტორია. იცით, ყველაზე სასწაული რა არის? ჩემმა დამ დედამთილ-მამამთილი ისე იგლოვა, დედამ თქვა, აწი თუ მოვკვდები, დამტირებელი მყავსო.
– ქალბატონო ნინო, თქვენმა უფროსმა ძმამ სამი ცოლი გამოიცვალა. როგორი მული იყავით რძლებისთვის?
ნინო: სამივე რძალთან ვმეგობრობდი და ახლაც ვმეგობრობ. სამივეჯერ პირველად მე გამაცნო თავისი რჩეულები.
– ახლა თუ ურჩევთ თქვენს ძმას, რომ კიდევ უნდა შექმნას ოჯახი?
ნინო: ამ თემაზე არ ვლაპარაკობთ.
გია: ერთმანეთს რომ ვხვდებით, ძირითადად ვიცინით. ორივეს კარგი იუმორი გვაქვს. ნინო ციდან იგებს ამბებს, ჩვენი ცნობის ფურცელია.
– ნინო, გია ჯაჯანიძის ჩაცმულობა არაერთხელ გამხდარა განხილვის საგანი. თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხზე?
ნინო: ჰო, მაგრამ ასე აცვია შოუში. ქუჩაში სატელევიზიო კოსტიუმებით არ დადის.
– ძმის კრიტიკას თუ ისმენთ, როგორ რეაგირებთ?
ნინო: არ მაინტერესებს, ვინ რას იტყვის მასზე. გიას ხელში ვარ გაზრდილი, ჩემზე უკეთ მას არავინ იცნობს. ტილოს პერანგები და შარვლები პირველად გიას ეცვა. ესკიზს ხატავდა და დედა უკერავდა. ერთხელ ფერადი კაშნეებისგან შეიკერა ზედატანი.
გია: 1978 წელს მეცვა დახეული ჯინსი.
– ნინო, თქვენ რას საქმიანობთ?
ნინო: ქორეოგრაფი ვარ, მაგრამ ჩემი პროფესიით აღარ ვმუშაობ.
– როცა გია პროექტში “ცეკვავენ ვარსკვლავები” მონაწილეობდა, ეხმარებოდით?
ნინო: არა. იმ პერიოდში საერთოდ ვერ ვნახულობდი, რადგან არ ეცალა. პატარა რომ ვიყავი, ცეკვას ვასწავლიდი, მაგრამ ვერ აითვისა. პროექტში როცა იყო, ვიცოდი, ფინალში ვერ გადავიდოდა, მაგრამ ცდილობდა, სწავლობდა და ესეც მიხაროდა.
გია: ექვსი ტური ვიცეკვე, მაგრამ არც ერთი ილეთი მახსოვს. ამ პროექტში მონაწილეობას იმიტომ დავთანხმდი, რომ დარწმუნებული ვიყავი, პირველივე ტურში დავტოვებდი შოუს. ჩემს პარტნიორს ვეხვეწებოდი, მაგრად მომკიდე ხელი და მატრიალე-მეთქი.
ქართულ ტურში შალახო ვიცეკვე. სინქრონულად ვერ ვცეკვავდი, რასაც სხვა აკეთებდა, იმას ვიმეორებდი. კინაღამ შევიშალე!
– ნინო, თქვენმა ძმამ ერთხელ წარბები გადაიპარსა. მაშინ დეპრესიაში იყო?
გია: საიდან მოიტანეთ, რომ დეპრესია მქონდა?!
ნინო: დეპრესია გიასგან შორსაა.
– აბა, წარბების გადაპარსვა მორიგი ხრიკი იყო ყურადღების მისაქცევად?
გია: მე ეს არ მჭირდება, იმ პერიოდში პოპულარობის ზენიტში ვიყავი. ეს იყო ჩემი მორიგი ექსპერიმენტი. ამის გამო გამლანძღეს. ჩემი წარბია და შენ ვინ გეკითხება, რას ვუზამ?! უბრალოდ ექსპერიმენტატორი ვარ.
ნინო: გია არის ძალიან მშრომელი, 14 წლიდან მუშაობს. სულ მაინტერესებდა, მარცხენა ხელის ორი თითი – ცერა და საჩვენებელი – რატომ ჰქონდა შეხვეული. ერთხელ წამიყვანა იქ, სადაც მუშაობდა და ვნახე, ლიმონათის ყუთებს ლურსმნებს როგორ აჭედებდა. ჩაქუჩს ლურსმანს რომ არტყამდა, ხელში ხვდებოდა და სულ ჩალურჯებული ჰქონდა.
მუშაობას რომ დაამთავრებდა, თეატრალურ წრეზე მიდიოდა სპექტაკლში სათამაშოდ. გია უსაქმურად არასდროს მინახავს.
გია: ამეტირა, რომ გამახსენდა… ხის ყუთებს ვკრავდი. მავთულის გარეშე თუ გავაკეთებდი, 7 კაპიკი ღირდა, მავთულით – 11 კაპიკი. მავთულით ვერ ვაკეთებდი, რადგან ხელები მტკიოდა. ფულს ვაგროვებდი, ვფიქრობდი, თბილისში რომ წავიდე, სასწავლებლად და საცხოვრებლად, ფული დამჭირდება-მეთქი.
– თქვენი ძმა, დათო, რას საქმიანობს?
გია: დათო შუათანაა, 51 წლისაა, დაცვის პოლიციაში მუშაობს. ჰყავს ცოლი და ორი შვილი. საოცარი დაძმობა გვაქვს. ჩემს სახლში, ბაღში, რასაც ხედავთ, მისი გაშენებულია. მეხმარება, მასწავლის, როგორ უნდა გავთოხნო, დავბარო, როგორ უნდა მოვუარო ხეებს.
ნინო: ასწავლის, მაგრამ არასოდეს აკეთებს.
გია: ჩემი და-ძმა ძალიან მიყვარს. უცხოეთში რომ მივდივარ, ჯერ ჩემი და-ძმისთვის ვყიდულობ საჩუქრებს და მერე – ჩემი შვილებისთვის. დედამ დიდ სითბოსა და სიყვარულში გაგვზარდა.
– ნინო, რითი ანებივრებთ ძმას? ყველაზე უკეთ თქვენ გეცოდინებათ, მას რა უყვარს.
გია: ნინოს თავისი ეზოდან ხილი მოაქვს ხოლმე. ტყემალი ძალიან მიყვარს და, მისმა ტყემალმა რომ მოისხა, მომიტანა.
ნინო: კამა უყვარს. ბაღში არ აქვს და მომაქვს ხოლმე.
გია: ნინოს მამალი ვაჩუქე.
ნინო: წიწილებიც მაჩუქა, კვატიებიც.
ლანა კიკნაძე, ჟურნალი “სარკე”