გუკა რჩეულიშვილი – “ხშირად ბედისწერა ისე დაგანარცხებს ადამიანს, რომ ფეხზე წამოდგომა წარმოუდგენელიც კი გგონია”

გუკა რჩეულიშვილი - "ხშირად ბედისწერა ისე დაგანარცხებს ადამიანს, რომ ფეხზე წამოდგომა წარმოუდგენელიც კი გგონია"“ცენტრ პოინტ ჯგუფის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გურამ რჩეულიშვილი მის ცხოვრებაში ბოლო ერთი წლის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს ემოციურ პოსტს უძღვნის:
“ეს მოგონება ამომიგდო დღეს FB, ერთი წლის წინ ყველა ერთად ვიყავით, მაშინაც უამრავი პრობლემა გვქონდა, მაგრამ მაინც ვცდილობდით ღიმილით შეგვეხედა ამ გამოწვევებისთვის. მას შემდეგ უმძიმესმა ერთმა წელიწადმა გაიარა, მამაჩემი გარდაიცვალა, დედაჩემი და დეიდაჩემი დღემდე ციხეში არიან, სასამართლოები გრძელდება, მე კი გარეთ ვარ, მაგრამ რეალურად თავისუფალი არ ვარ და ვერც ვიქნები, მანამდე სანამ ჩემი ოჯახის წევრები ციხეში არიან და სანამ ყველა ვალდებულებას, რომელიც ჩვენ კლიენტების მიმართ გაგვაჩნია არ დავასრულებთ.

ერთი სიტყვით ცხოვრება ძალიან რთულია და ხშირად დაუნდობელი, სავსეა მოულოდნელობებით, რადიკალური ცვლილებებით და უსამართლო გამოწვევებით. ხშირად ბედისწერა ისე მოულოდნელად და ისეთი სიმძლავრით დაგანარცხებს ადამიანს ძირს, რომ ერთი მომენტი ფეხზე წამოდგომა წარმოუდგენელიც კი გგონია. ბევრი, ასეთ დროს წამოდგომის მცდელობასაც კი წყვიტავს, ეგუება მარცხს და ცდილობს ძირს დაგდებული მაქსიმალურად კომფორტულად მოკალათდეს, ზოგი კი დამარცხებას არ ეგუება და პერმანენტულად წამოდგომას ცდილობს, მიუხედავად რამოდენიმე წარუმატებული მცდელობისა ის მაინც შეუპოვრად აგრძელებს ბრძოლას და ადრე თუ გვიან მიზანს მიაღწევს.

არ არსებობს პრობლემა, რომლის მოგვარებაც შეუძლებელია, მთავარია ადამიანს ქონდეს “ნება” ფეხზე წამოდგომის და თუ ეს ‘ნება” არსებობს, მას არა მარტო ფეხზე წამოდგომა არამედ ფრენაც კი ძალუძს. ერთი სიტყვით ყველაფერი ხდება. ერთ დღეს ყველა ჩვენთაგანი შეიძლება გამოწვევის წინაშე დადგეს და ეს ყველაფერი შესაძლებელია ისეთ მომენტში მოხდეს რომ ჩვენს გვერდზე არავინ და არაფერი არ აღმოგვაჩნდეს რაც ამ გამოწვევის გადალახვაში ხელს შეგვიწყობდა, ამ დროს მხოლოდ შინაგანი თავისულების და პირადი ნების ამარა რჩება ადამიანი და თუ ეს ორი თვისება გახასიათებს, მაშინ დანარჩენი ყველაფერი მეორეხარისხოვანია. ამიტომ ფარ-ხმალის დაყრა არასდროს არ ღირს. ცხოვრება მშვენიერია და ყველაფერი კარგად იქნება! We shall never surender!! Inshallah!!”.

ამბები.გე