ეკა ხოფერია ტელეიმედიდან წავიდა – ”კანარის კუნძულებიდან დაგემშვიდობებით”

ეკა ხოფერია ტელეიმედიდან წავიდა - ”კანარის კუნძულებიდან დაგემშვიდობებით”ჟურნალისტი და საავტორო გადაცემის წამყვანი ეკა ხოფერია ტელეკომპანია „იმედიდან“ მიდის.

მან ამის შესახებ ჟურნალ „სითიში“ ვრცელი განმარტება გააკეთა:

– ბოლო 10 წელი სხვადასხვა ტიპის სატელევიზიო პროექტს ვაკეთებდი და მათი საერთო დახასიათება ასეთია: ეკა ხოფერიას გადაცემა. თავიდან მიჭირდა, ცოტა მივედ-მოვედებოდი, ხან პირდაპირ ეთერში გავდიოდი, ხან ჩანაწერით, ხან საინტერესო გამოდიოდა, ხანაც – ნაკლებად. თუმცა ერთი რამ იყო ჩემთვის პრინციპული: ჩემებური გადაცემა უნდა ყოფილიყო და, პირველ რიგში, თავი უნდა დამერწმუნებინა, რომ ციფრებს (ჩვენებურად კი, რეიტინგს) ასეთი გადაცემებიც დაწერდა. დაწერა კიდეც.

დაწერა ისეთმა თემებმაც კი, რომლებისგანაც არც მე და არც ჩემი ტელებოსები არ ელოდებოდნენ. ჩავწერე თითქმის ყველა ის რესპონდენტი, რომლებიც მაინტერესებდა; მოვიარე ის ადგილები საქართველოსა თუ მსოფლიოში, რომლებიც, ვფიქრობდი, თქვენთვის საინტერესო იქნებოდა; ვნახე და ჩავწერე ცოცხალი ალენ დელონი და სოფი ლორენი; ჩავაკითხე რომში ჩემს ძველ მეგობარს მამა იოანეს; ვესტუმრე ჭყონდიდში მეუფე პეტრეს და ჩავწერე ინტერვიუ პატრიარქთან, რომელიც მენდო და გადაცემა ჩემებურად გამაკეთებინა. ვნახე ერთ დღეში თქვენ მიერ გაკეთებული სიკეთე პირდაპირ ეთერში, როდესაც წყალდიდობით დაზარალებულთათვის 3 საათში მილიონზე მეტი შევაგროვეთ; გავიცანი ჩვენი ემიგრანტები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში; თქვენი დახმარებით წარმატებით ჩავატარე მარათონები “დიტო ცინცაძის ფონდისა” და ნინო სურგულაძის “ნატვრის ხისთვის”; მოგიყევით ელისო ბოლქვაძის ძალიან მაგარი ბათუმური ფესტივალების შესახებ; ჩავწერე მაია ფანჯიკიძის ჩემთვის მნიშვნელოვანი ინტერვიუ და ახლაც, ბოლო გადაცემაში, კანარის კუნძულებიდან დაგემშვიდობებით.

ნიუპოსტი