რამდენ ხანს უნდა ვატაროთ ბრეკეტები

რამდენ ხანს უნდა ვატაროთ ბრეკეტებითანკბილვის და სხვა ორთოდონტიული პრობლემების მოგვარება დიდ მოთმინებას ითხოვს. ბრეკეტების ხანგრძლივი ტარების შემდეგ, მიღებული შედეგის შესანარჩუნებლად აუცილებელია მკურნალობის გაგრძელება რეტეინერებით.
რა არის ბრეკეტების შემდგომი რეტეინერი, რამდენ ხანს უნდა ვატაროთ და რა სახის რეტეინერები არსებობს, ამ თემაზე  ექიმი-ორთოდონტი თამარ გაბელაშვილი საუბრობს.
თამარ გაბელაშვილი:
– რეტეინერი – სპეციალური კონსტრუქციაა, რომლის საშუალებითაც ბრეკეტების მოხსნის შემდეგ ხდება კბილების მდებარეობის შენარჩუნება.
ორთოდონტიული მკურნალობის დროს ხდება კბილების გადაადგილება საჭირო მიმართულებით, ამ პროცესს ახლავს ძვლოვანი ქსოვილის, სისხლძარღვთა სისტემის და იოგების ცვლილებები. როგორც კი იხსნება ბრეკეტ სისტემა, ზეწოლა კბილთა რკალზე ქრება, ამან კი შესაძლოა გამოიწვიოს კბილების დაბრუნება არასწორ პოზიციაზე. ამის თავიდან ასაცილებლად ექიმი ბრეკეტების მოხსნის შემდეგ აფიქსირებს რეტეინერს, რომელიც თავის მხრივ არ ამოძრავებს კბილებს და მხოლოდ აფიქსირებს სწორ პოზიციაში.
– რამდენად აუცილებელია მათი ტარება?
– ბევრ პაციენტს საერთოდ ეჭვი ეპარება მათ აუცილებლობაში და უჩნდებათ კითხვა, იქნებ საერთოდაც არ გაიკეთონ რეტეინერი. რეტენციული პერიოდის თავიდან აცილება შეუძლებელია. თუკი ბრეკეტების მოხსნის შემდეგ არ ატარებთ რეტეინერს, ეს დამთავრდება ბრეკეტების თავიდან გაკეთების აუცილებლობით.
საქმე ისაა, რომ კბილთა რკალი ასე მარტივად არ ნებდება და გარკვეულწილად ცდილობს “წინააღმდეგების” გაწევას. კბილების სწორ პოზიციაში დასაფიქსირებლად საჭიროა ბევრი დრო და დიდი შრომა, ხოლო პროცესის დასრულება რეტეინერების გარეშე შეუძლებელია.
როგორც წესი, რეტეინერების ტარება პაციენტებს დიდ დისკომფორტს არ უქმნის. ადამიანი მალე ეჩვევა ორთონტიულ კონსტრუქციას, ის ხომ მიეჩვია ბრეკეტ-სისტემას. მოუხსნელი რეტეინერი გაცილებით პატარაა ზომაში და ამასთან ემაგრება კბილებს შიგნიდან.
– რა სახის რეტეინერები არსებობს?
– რეტეინერები ყენდება ბრეკეტების მოხსნის, კბილების პოლირების, წმენდის და მინანქრის რემთერაპიის შემდეგ. რეტეინერები არის ორი სახის: მოსახსნელი და მოუხსნელი. როგორც სახელწოდებიდან ჩანს, პირველი შეუძლია გაიკეთოს და მოიხსნას პაციენტმა, ხოლო მეორეს აფიქსირებს ექიმი და დამოუკიდებლად მისი მოხსნა შეუძლებელია.
ბრეკეტების მოხსნის შემდეგ კბილებზე მოუხსნელი რეტეინერები უფრო ხშირად ყენდება. ერთი შეხედვით ეს გახლავთ მავთული, დამზადებული სამედიცინო ლითონისგან, რომელიც ფიქსირდება კბილების შიდა ზედაპირებზე. იგი პრაქტიკულად უხილავია, მაგრამ საჭიროებს კარგ ჰიგიენას.
მოსახსნელი რეტეინერი არის პლასტიკური კაპა, რომელიც პაციენტმა უნდა ატაროს დღეში რამდენიმე საათი. როგორც წესი, კონსტრუქცია მზადდება ინდივიდუალურად პაციენტისთვის.
მოსახსნელი რეტეინერები არ საჭიროებენ ფიქსაციის სპეციალურ პროცედურებს – პაციენტი თავად იკეთებს მათ საჭიროების შემთხვევაში. მოუხსნელი რეტეინერები, როგორც წესი, ფიქსირდება ბრეკეტების მოხსნის და ყველა შემდგომი პროცედურის მერე. რეტეინერის ფიქსაცია ხდება 2 მეთოდით – პირდაპირი და არაპირდაპირი. პირველი გულისხმობს რეტეინერის ფიქსაციას უშუალოდ პირის ღრუში დამატებითი პროცედურების გარეშე, ხოლო მეორე საჭიროებს რამდენიმე ეტაპს: ანაბეჭდის აღებას, მოდელის მიხედვით რეტეინერისთვის ყბის ფორმის მიცემას, ფიქსაციას კბილებზე, პოლირებას. დამზადების მეთოდს ირჩევს ექიმი-ორთოდონტი. როგორც წესი, რეტეინერის ფიქსაცია არ საჭიროებს დიდ დროს.
– რა რეკომენდაციები გაქვთ რეტეინერების მოვლასთან დაკავშირებით?
– რეტეინერების მოვლის თავისებურებები დამოკიდებულია მის სახეობაზე. მოუხსნელ რეტეინერზე ნადების თავიდან აცილების მიზნით საჭიროა დამატებითი ჰიგიენური საშუალების – ირიგატორის გამოყენება. მოსახსნელი კონსტრუქციებიც აუცილებლად რეგულარულად უნდა იწმინდოთ და დაამუშაოთ სპეციალური ხსნარით.
კონსტრუქცია უნდა შეინახოთ სპეციალური ყუთში. ორივე შემთხვევაში, თუკი ჰიგიენა იქნება არადამაკმაყოფილებელი, ეს გამოიწვევს კბილებზე ნადების და შემდგომში ანთებადი პროცედურების გაჩენას.
აგრეთვე აუცილებელია ორთოდონტის რეგულარული მონახულება, მკურნალობის პროცესის კონტროლირებისთვის. მინიმუმ წელიწადში ორჯერ პროფესიული წმენდის ჩატარება.
– ბრეკეტების შემდეგ რა დროით არის საჭირო რეტეინერების ტარება?
– რამდენი ხანი უნდა გვეკეთოს რეტეინერები, წყვეტს ექიმი ორთოდონტი. როგორც წესი, რეტენციული პერიოდი უდრის ბრეკეტების ტარების გაორმაგებულ დროს. თუმცა, რიგ შემთხვევებში, რეტეინერებს ატარებენ მთელი ცხოვრება. ტარების ხანგრძლივობაზე ზეგავლენას ახდენს ერთდროულად რამდენიმე ფაქტორი, მათ შორის: პაციენტის ასაკი – რაც უფრო მეტია ასაკი, მით უფრო ხანგრძლივია ორთოდონტიული მკურნალობა, პათოლოგიის სირთულე, ამოღებული კბილების არსებობა, პაროდონტის მდგომარეობა და მავნე ჩვევები.
არ შეიძლება დამოუკიდებლად გადაწყვეტა თუ რამდენი ხანი უნდა ატაროთ რეტეინერი. ამას წყვეტს მხოლოდ სპეციალისტი, რადგან ორთოდონტის ინსტრუქციების უგულებელყოფა სავალალო შედეგებს გამოიწვევს.