შალვა ნათელაშვილმა მთავრობას ატმები მიუტანა – ”ივანიშვილის დაპირებამ ჩაილურის წყალი დალია”

შალვა ნათელაშვილმა მთავრობას ატმები მიუტანა - ”ივანიშვილის დაპირებამ ჩაილურის წყალი დალია”ატმის მოსავლის განადგურებას ხელისუფლების არასწორ აგროპოლიტიკას უკავშირებს ლეიბორისტების ლიდერი შალვა ნათელაშვილი, რომელმაც დღეს კანცელარიასთან ატმები მიიტანა და მთავრობას მოუწოდა, მოპარულ ბიუჯეტს დესერტად დააყოლონ.

შალვა ნათელაშვილის განცხადებით, მეხილეობასთან დაკავშირებული არასწორი პოლიტიკის გამო, ამ სფეროში მომუშავე ფერმერებმა მილიონობით ლარი იზარალეს.

– ჩაილურის წყალი დალია ივანიშვილის დაპირებამ გლეხებზე ხილის პრობლემების გადაწყვეტისა და ბაზრამდე მიტანის შესახებ. წელსაც განმეორდა ტრაგედია ატამთან დაკავშირებული. გლეხებმა გადაყარეს, გაუნადგურდათ, გაუფუჭდათ მთელი წლის მოსავალი, ნაწილმა დაიწყო ნარგავების ამოძირკვა.

საქართველოს მთავრობას მოვუტანეთ ხარისხიანი ქართული ატამი და ვთხოვთ, ბიუჯეტიდან მოპარულ მილიონებს დესერტად დააყოლონ ეს ატამი, იქნებ მერე მაინც გაეღვიძოთ მშობლიური მიწის სიყვარული, გლეხებზე ზრუნვის სურვილი და მომავალ წელს ასეთი ტრაგედიების მოწმე აღარ გავხდეთ, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ნიუპოსტი