ოთარ აბესაძეს ბრალი წაუყენეს

ოთარ აბესაძეს ბრალი წაუყენესქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულ ოთარ აბესაძეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბრალი წაუყენეს. ადვოკატის განცხადებით, დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს და ბრალს არ აღიარებს.

საქმის ერთ-ერთი ადვოკატის ირმა ჭკადუას განცხადებით, მათ უკვე გადაეცათ საქმის მასალები, თუმცა, ბრალდებულის თხოვნით, დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს. მისივე თქმით, ბრალის წარდგენის შემდეგ, შესაბამისი დოკუმენტაცია დღესვე სასამართლოში გადაიგზავნება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე გუშინ დააკავა. 

გამოძიებამ დაადგინა, რომ ოთარ აბესაძე მოქალაქეებს მდინარე მტკვარზე, ტივზე კაფეს მოწყობის ნებართვების დაჩქარებული წესით აღებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდ ქრთამი, 3 000 აშშ დოლარი მოითხოვა. მან მოქალაქეებს განუმარტა, რომ არქიტექტურის, ქონების და ზედამხედველობის სამსახურებში ყველა საკითხი შეთანხმებული იყო, სამუშაოების დაწყება შეეძლოთ და ჯარიმებიც არ იქნებოდა.

imedinews.ge