თაკო აბაშიძე შვილს მხოლოდ თავის გაკეთებულ შოკოლადს აჭმევს – მსახიობის “საფირმო” კერძები და პრაქტიკული რჩევები

მსახიობი თაკო აბაშიძე თავის გოგონას, ბარბარეს, სახლში უმზადებს შოკოლადს და პატარების დედებსაც ურჩევს, ასე მოიქცნენ. აქვს “საფირმო” კერძები, რომელთა მომზადებაზე ჟურნალ “სარკესთან” საუბრობს:
– მიყვარს საჭმელების კეთება და არ მომწონს, გოგოები ვითომ რომ “სვეცკობენ”’და ამაყობენ, საჭმლის კეთება არ ვიცითო. მგონია, რომ ყველაზე დიდი გოიმობა ის არის, როცა ქალი ვერ ახერხებს ელემენტარული საკვების მომზადებას.
ბარბარეს ყველაზე მეტად უყვარს ჩემი მომზადებული და სულ აღნიშნავს, რომ დედის გაკეთებული საჭმელი ყველაზე გემრიელია.
— ბარბარეს ყველაზე ხშირად რას უმზადებთ?
– ძალიან უყვარს წვნიანები, სუპი, ბორშჩი, ბოსტნეულის სალათები. ბორშჩის მომზადებისას ცალკე ვხრაკავ ბოსტნეულს ხახვთან ერთად, მერე ადუღებულ წყალს ვასხამ და ბოლოს გახეხილ ჭარხალს ვყრი. ჭარხალს ბოსტნეულთან ერთადაც ვხრაკავ და ბოლოს კიდევ ვუმატებ ცოცხლად. ასე უფრო კარგ ფერს იღებს. რა თქმა უნდა, მწვანილი სულ ბოლოს სჭირდება – ერთი კონა ქინძი.
ბარბარეს ასევე უყვარს ტკბილეული, თუმცა ვცდილობ, სხვა რამით ჩავუნაცვლო. შოკოლადს სახლში ვუმზადებ.
— სახლის პირობებში შოკოლადს როგორ აკეთებთ?
– აუცილებლად უნდა გქონდეთ კარგი კარაქი და კაკაო. თვალის ზომით ვამზადებ. ტაფაზე ვასხამ კაკაოს, რომელსაც ვხსნი წყალში. რძე არ უყვარს და ამიტომ წყლით ვამზადებ. ვუმატებ კარაქს და ერთ შეკვრა ვანილს კარგი სურნელისთვის. ძალიან დაბალ ცეცხლზე ვდგამ. როცა მომზადდება, მასას ჩავასხამ კუბიკებში და ვყინავ.
— კერძი, რომელსაც თქვენი “სახელობის” შეიძლება ვუწოდოთ, რა არის?
– მეგობრებს ძალიან უყვართ ჩემი მომზადებული ქათამი არაჟნის სოუსით. საჭიროა 2 მოზრდილი ფილე, რომელსაც ერთხელ წამოვადუღებ, მერე დავჭრი კუბიკებად, დავყრი ტაფაზე, მოვაყრი წვრილად დაჭრილ ერთ თავ ხახვს და მარილს გემოვნებით. კარგად რომ მოიბრაწება, დავუმატებ თვალის ზომით ხმელ ქინძს და უცხო სუნელს.
პარალელურად 100 გრამ არაჟანში ვხსნი 2 კბილ დანაყილ ნიორს, გემოვნებით ვუმატებ ყვითელ ყვავილს, ძალიან ცოტა პიტნას. ამ შეზავებულ მასას ვხსნი წყალში და მასში ვალაგებ მობრაწულ ქათმის ფილეს. ამ კერძს ვათავსებ განიერ თეფშზე და გვერდებზე ვულაგებ ქვაბში შემწვარ კარტოფილს.
— ცომეულს, ნამცხვრებს ამზადებთ?
– ბარბარეს უყვარს პიცა და ხშირად ვუკეთებ. ცომს ვზელ წყალზე საფუვრის გარეშე. ფქვილში ვუმატებ ცოტა ზეთს და მდუღარე წყალს.
ლანგარზე ვასხამ ცოტა ზეითუნის ზეთს, რომ არ მიიკრას. ცომი ძალიან თხლად უნდა გაბრტყელდეს. 2 ცალ ბულგარულ წიწაკას წვრილად ვჭრი, ნახევარ თავ ყველს ვხეხავ. ასევე საჭიროა 6 მოზრდილი ლორის ნაჭერი. სანამ ამ ყველაფერს ცომზე დაალაგებთ, ცომს აუცილებლად კეტჩუპი უნდა წაუსვათ. ზოგჯერ ზემოდან ასხამენ და არ არის გემრიელი. ცომს დადებთ თუნუქის დაფაზე, დაალაგებთ ამ ყველაფერს და გამოაცხობთ.
შემიძლია მარტივი და იაფი რეცეპტი გავუზიარო თქვენს მკითხველს. სკუმბრია კარგად გაასუფთავეთ. გამოაცალეთ ფხა და დაჭერით დიდ ნაჭრებად. საფანელის ნაცვლად ამოავლეთ პომიდვრის სოუსში, ცოტა მარილი მოაყარეთ და ტაფაზე არ მიიკრავს. როცა შეიწვება, მოაყარეთ შავი პილპილი.
გარნირად გაუკეთეთ ან წიწიბურა, ან პიურე. პიურეს ზოგი კარაქს უკეთებს ან ზეთზე ამზადებს. მე ძალიან წვრილად დაჭრილ ხახვს ვუშვრები, ზეითუნის ზეთში მოთუშულს. ამას მოხარშულ კარტოფილს მოვასხამთ და ჩავზელთ. ასე მომზადებული პიურე თევზს ძალიან უხდება.
— განსხვავებულად კიდევ რას ამზადებთ?
– კატლეტში პურსაც ვუშვრები და სტაფილოსაც, ასევე ცოტა მოხარშულ წიწიბურასაც, რომელიც ფაფუკს ხდის და კარგ არომატს აძლევს.
— გურმანი ყოფილხართ. წონას როგორ აკონტროლებთ?
– არასდროს ვიცავ დიეტას, ეს საკითხი არ მაწუხებს. ვცდილობ, ჯანსაღად ვიკვებო, ვივარჯიშო. არასდროს ვყოფილვარ გამხდარი, ყოველთვის პუტკუნა ვიყავი.
ლანა კიკნაძე, ჟურნალი “სარკე”

გააზიარე

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018