ასმათ ტყაბლაძე: “მეზობლის ბიჭი სიკვდილისგან გადავარჩინე” – მსახიობი განსაცდელს წინასწარ გრძნობს

ასმათ ტყაბლაძე: "მეზობლის ბიჭი სიკვდილისგან გადავარჩინე" - მსახიობი განსაცდელს წინასწარ გრძნობს“მჯერა, რომ არსებობს შეუცნობელი ძალა, რომელიც იმას გაგაკეთებინებს, რაც გასაკეთებელია და იმას გათქმევინებს, რაც სათქმელია”, – მსახიობ ასმათ ტყაბლაძეს საკუთარ თავზე ეს ძალა ბევრჯერ გამოუცდია, ამის შესახებ ჟურნალ “სარკეს” უყვება:
– ხშირად ყოფილა, რომ, ვთქვათ, წავსულვარ მარჯვნივ, მაგრამ რაღაც ძალას მარცხნივ მოვუტრიალებივარ და აღმოჩენილა, რომ იქ ადამიანს ჩემი დახმარება სჭირდებოდა, – გვიამბობს ქალბატონი ასმათი, – ღმერთი მაგზავნის იქ, სადაც ვიღაცას უჭირს. ასე გადავარჩინე მეზობლის ბიჭი სიკვდილისგან.
– როგორ მოხდა ეს ამბავი?
– თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე, მე-9 სართულზე ვცხოვრობ, ჩემი საყვარელი მეზობლები – მე-4 სართულზე. მათი შვილი, ნიკუშა, მაშინ პატარა იყო. იმ დღეს თეატრში წასასვლელად მოვემზადე. ლიფტში რომ შევედი, პირველი სართულის ნაცვლად მეოთხე სართულის ღილაკს დავაჭირე ხელი. ჩემი თავის გამიკვირდა, მაგრამ უცებ გავიფიქრე, ნიკუშას ვნახავ და მერე წავალ-მეთქი. კარი დაკეტილი არ იყო, შევაღე და რას ვხედავ: საძინებლის აივნის მოაჯირზე 3 წლის ნიკუშაა გადაყუდებული და სადაცაა, გადავარდება.
ქვევიდან ქალის ყვირილი შემომესმა, ვინ ხართ სახლში, ბავშვი ვარდება, უშველეთო. ამ დროს ნიკუშას დედა, ბებია და ბაბუა სამზარეულოში საუბრობდნენ. არავისთვის დამიძახია, ბავშვს უკნიდან ნელა-ნელა მივეპარე, ხელი მოვკიდე და გადმოვიყვანე. მისი ოჯახის წევრებს ეს რომ მოვუყევი, განცვიფრებულებმა ერთმანეთს ჰკითხეს, ბავშვი სამზარეულოში იყო და როდის გავიდაო.
24 წლის წინ ქალიშვილთან ერთად მაშინდელ ჩეხოსლოვაკიაში ვიყავი. სასტუმროს ნომერში ქალს კივილი შემომესმა, ქართულად ყვიროდა, მიშველეთ, გია მოკვდაო. მაშინვე ერთი სართულით ზემოთ ავვარდი. სასტუმროს თანამშრომლებს ვუთხარი, სასწრაფო გამოეძახათ და სანამ ექიმები არ მოვიდნენ, 20 წუთის განმავლობაში 26 წლის ბიჭს ხელოვნურ სუნთქვას ვუტარებდი და გულზე მასაჟს ვუკეთებდი.
ექიმები რომ მოვიდნენ, საავადმყოფოში წაიყვანეს. ორი დღის მერე გია და მისი მეუღლე კლინიკიდან რომ დაბრუნდნენ, მადლობა გადამიხადეს, ექიმებმა თქვენზე გვითხრეს, ხელოვნურ სუნთქვას ვინც უკეთებდა, იმ ქალმა გადაარჩინაო.
საოცარი ის იყო, რომ იმ ბიჭის ცოლი კარდიოლოგი იყო და რეანიმაციაში მუშაობდა. ვუთხარი, შე მამაცხონებულო, მსახიობ ქალს რომ მაკეთებინებდი ხელოვნურ სუნთქვას, შენ გაგეკეთებინა, რას ყვიროდი-მეთქი. მითხრა, დავიბენიო. გიას მშობლებს ახალგაზრდა ვაჟი ავარიაში ჰყოლიათ დაღუპულია და მასაც რამე რომ მოსვლოდა, ის ოჯახი სულ გაუბედურდებოდა.
რაღაც შინაგანი ძალა სულ მკარნახობს, საით უნდა წავიდე და ვიღაცას განსაცდელი ავარიდო. ღმერთს მადლობას ვეუბნები, რომ ამ სიკეთეს მაკეთებინებს. შეუცდომელი არავინ არის ამქვეყნად და მჯერა, რომ ღმერთი ჩემი შეცდომების სამაგიეროდ სიკეთეს მაკეთებინებს, რომ ჩემი კარგი საქმე ცუდთან გათანაბრდეს.
– როგორც ვიცი, ზოგჯერ სიზმრებშიც წინასწარ ხედავთ მოვლენებს.
– პარალელურ სიზმრებს ვხედავ, ანუ ვიღაცას რაღაც რომ უნდა დაემართოს, სიზმარში ვხედავ. ერთ დილას ვთქვი, ბებიაჩემის სანახავად უნდა წავიდე-მეთქი. ბებიასთან რომ ჩავედი, მოვეფერე, მოვესიყვარულე. ჩემი ჩასვლიდან წუთებში გარდაიცვალა. ეტყობა, ბებია მეძახდა, მე ვიგრძენი და ჩავუსწარი.
ბავშვობაში ჩვენ მეზობლად სომეხი ჰაიკო ცხოვრობდა. დამესიზმრა, რომ მისი სახლი იწვოდა. დედას დავუძახე და სიზმარი მოვუყევი. დამამშვიდა, მაგრამ მაინც გავიხედეთ ფანჯარაში და რა დავინახეთ – ჰაიკოს სახლი ცეცხლის ალში იყო გახვეული.
რეჟისორი ალექსანდრე მიქელაძე ჩემი პედაგოგი იყო. მესამე კურსზე რომ გადავედი, იმ ზაფხულს ოჯახთან ერთად კისლოვოდსკში წავედი დასასვენებლად. იქ დამესიზმრა, რომ ბატონი ალექსანდრე რთულ სიტუაციაში იყო.
სასწავლო წელი რომ დაიწყო, ჩემს კურსელებს, ნანული სარაჯიშვილს და გია ფერაძეს, ვუთხარი, ბატონ საშას უნდა ვკითხო, 14 აგვისტოს რა დაემართა, სიზმარში ვნახე, რომ განსაცდელში იყო-მეთქი. მართლაც ვკითხე, ბატონო საშა, 14 აგვისტოს ცუდი ხომ არაფერი შეგემთხვათ-მეთქი. განცვიფრებულმა მითხრა, მშენებლობაზე ვიყავი და თავზე ხარაჩო დამეცა, შემთხვევით გადავრჩიო.
ერთხელ მეგობრის სიკვდილი დამესიზმრა. შოთა გაბელია, ტარიელ საყვარელიძე, კოტე მახარაძე, ზურაბ ლაფერაძე თელავში იყვნენ. ღამის 12 საათზე სუფრასთან მსხდარან, როცა შოთას უთქვამს, თავს ცუდად ვგრძნობო და რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.
მე ეს ამბავი არ ვიცოდი, მაგრამ იმ ღამით მესიზმრა, რომ შოთა გაბელია აღარ იყო. სიზმარში ვტიროდი. დედამ გამაღვიძა, დამამშვიდა. დილით სესილია თაყაიშვილმა დამირეკა, შოთა გარდაიცვალაო.
– ბედისწერის თუ გჯერათ?
– კი, მაგრამ ცოტა ტვინის დაყოლებაც არის საჭირო. ღმერთი ადამიანს ორ გზას გაჩვენებს – კარგს და ცუდს, მთავარია, შენ რომელს აირჩევ. მჯერა, რომ არსებობს შეუცნობელი ძალა, რომელიც იმას გაგაკეთებინებს, რაც გასაკეთებელია და იმას გათქმევინებს, რაც სათქმელია. ასეთი რამ დედაჩემს შეემთხვა. სულ ამბობდა, 100 წელი უნდა ვიცოცხლოო და 101 წლის გარდაიცვალა.
სიკვდილის წინ სულ გარდაცვლილ მეგობრებს და ახლობლებს ესაუბრებოდა. დედაჩემი ვლადიკავკაზში დაიბადა და ბავშვობაში რუსულად ძალიან კარგად საუბრობდა. 7 წლის იყო, როდესაც მისი ოჯახი საცხოვრებლად დუშეთში გადმოვიდა და რუსული დაავიწყდა. მთელი ცხოვრება უჭირდა რუსულად ლაპარაკი.
95 წლის რომ შესრულდა, ერთ მშვენიერ დილას რუსულ ენაზე დამიწყო საუბარი, თანაც უშეცდომოდ. ბავშვობის რუსულში გადავიდა. თავის გარდაცვლილ მეგობრებს სულ რუსულად ესაუბრებოდა.
ერთ დღეს თავის მეგობარს და კლასელს, კომპოზიტორ არჩილ ჩორგოლაშვილს, რომელიც მაშინ უკვე გარდაცვლილი იყო, რუსულად დაუწყო საუბარი: “არჩილ, შენ აქ ხარ და რას აკეთებ?”. გამეცინა და არჩილის ქალიშვილს დავურეკე, მანანა, მამაშენის ნახვა თუ გინდა, ჩვენთან მოდი, აქ არის და დედაჩემს ელაპარაკება-მეთქი.
ერთ უცნაურ ამბავსაც გეტყვით. ჩემმა ახლობლებმა ბავშვი დაკარგეს, არ იცოდნენ, ცოცხალი იყო თუ მკვდარი. ერთ დღეს გარდაცვლილი ბებია დამესიზმრა, ნუ ღელავთ, ის ბავშვი ჩემთან არისო.
– მკითხავების, ჯადოს, გათვალვის შესახებ რას ფიქრობთ, რეალურია მათი ძალა?
– მკითხავების არ მჯერა, თვალის არსებობის – კი. იაპონიაში ვიყავით გასტროლებზე. ჩემთან მოვიდა იაპონელი გამყიდველი და მითხრა, რომ ახალ მანქანას იაფად მაყიდვინებდა და მართლაც ასე მოხდა.
კოლეგებთან ერთად ოთახში ვიჯექი და ყელზე გიშრის მძივი მეკეთა. მსახიობი ბიჭები შემოვიდნენ და ხმამაღლა თქვეს, ასმათმა რა მაგარი მანქანა იყიდაო. უცებ ჩემი გიშრის მძივი გაწყდა და მთელ ოთახში გაიფანტა. მძივი რომ ავკრიფეთ, ერთ-ერთ თვალს კიდე ჰქონდა მოტეხილი. ოთახში იყო ისეთი ადამიანი, რომელიც მართლაც გამთვალავდა და გიშრის მძივი გაწყდა.
გიშრის ბეჭედიც მქონდა, რომელიც გათვალვის შედეგად გასკდა. რომელიღაც საღამოზე ვიყავი მიწვეული, ყველამ მითხრა, რომ ლამაზად გამოვიყურებოდი. თითზე გიშრის ბეჭედი მეკეთა. სახლში რომ მოვედი, დავინახე, ბეჭედი გამსკდარი იყო. არ ვიცი, მართალია თუ არა ეს, მაგრამ ასეთი რამ ჩემს ცხოვრებაში ნამდვილად მოხდა.
ლია ოსაძე, ჟურნალი “სარკე”