ელისაბედ II-მ წვეულება აბბა-ს სტილში გამართა

ელისაბედ II-მ წვეულება აბბა-ს სტილში გამართადიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ II-მ ბრიტანეთის მონარქების რეზიდენცია უინძორის ციხესიმაგრეში წვეულება მოაწყო. ღონისძიებაზე, რომელზეც ცნობილი შვედური ჯგუფის აბბა-ს მუსიკა ჟღერდა, დიდებულები და მათი სტუმრები იყვნენ მიწვეულები.
წვეულება, რომელიც რაიმე განსაკუთრებული მიზეზის გარეშე იქნა მოწყობილი, ციხესიმაგრის კინოკლუბში მიმდინარეობდა. მას სულ 500 ადამიანი ესწრებოდა. შესასვლელი ბილეთი 12,5 ფუნტი ღირდა (დაახლოებით 16 დოლარი). წვეულებაზე მოქმედებდა დრეს-კოდი: დამსწრენი აბბა-ს სტილში უნდა ყოფილიყვნენ გამოწყობილნი. ასეთი თემატიკა იმის გამო იქნა შერჩეული, რომ დედოფლის საყვარელ სიმღერას ”დენსინგ ქუინი” წარმოადგენს.
წვეულების სტუმრები ცეკვავდნენ, მღეროდნენ და შამპანურს მიირთმევდნენ. დაღამების შემდეგ მათ აჩვენეს მიუზიკლ “მამა მიას” ეკრანიზაცია, რომელიც აბბა-ს სიმღერებზეა დაფუძნებული.
კვარტეტი აბბა 1972-82 წლებში არსებობდა და მისი სახელწოდება შემსრულებლების სახელების პირველი ასოებისგან იყო შემდგარი.