თორნიკე შარაშენიძე: “აფხაზებთან 25-წლიანმა ლაქუცმა შედეგი არ მოგვიტანა”

თორნიკე შარაშენიძე: "აფხაზებთან 25-წლიანმა ლაქუცმა შედეგი არ მოგვიტანა"საერთაშორისო ურთიერთობათა ექსპერტი, ჯიპას პროფესორი თორნიკე შარაშენიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში აფხაზეთის კონფლიქტსა და ხელისუფლების დამოკიდებულებაზე საუბრობს.

– ბოლო პერიოდში აფხაზები რუსეთმა აშკარად შეავიწროვა და ამის არაერთი ნიშანი სახეზეა. მაგალითად, რუსეთში უფრო და უფრო ხშირად გამანადგურებელი სტატიები იბეჭდება იმის თაობაზე, რომ აფხაზეთში ძალიან ცუდი ვითარებაა, რომ ყოველდღე რუს ტურისტებს საფრთხეები ექმნებათ. აფხაზებს რუსებთან სერიოზული პრობლემები აქვთ. როგორც ჩანს, გაბრაზებულები ცდილობენ, ამ გადაწყვეტილებით ჯავრი იყარონ. ამ ფონზე კი ყველა გადაწყვეტილება, რომლებსაც საქართველოს ყველა ხელისუფლება იღებდა და იღებს, არის აფხაზებთან ენის მოჩლექით საუბარი, მუდმივი მობოდიშება, მაშინ როდესაც აფხაზებმა 80-იანი წლების ბოლოდან და კიდევ უფრო ადრე ქართველებთან თვითონ გაამწვავეს სიტუაცია. მიუხედავად იმ დათმობებისა, რომლებიც მათ მიიღეს, თვითონ მოდიოდნენ პროვოცირებაზე, რომ ომი მომხდარიყო, მერე ეთნოწმენდა მოაწყვეს. აფხაზებს ქართველები ეზიზღებათ. ამას არც მალავენ, ამიტომ ის პოლიტიკა, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს აქვს აფხაზებთან, გაუგებარი და მიუღებელია. ოსები კი საერთოდ არ გვახსოვს, რომლებსაც აფხაზებთან შედარებით არაფერი დაუშავებიათ, – აცხადებს „ახალ თაობასთან“ თორნიკე შარაშენიძემ.

ექსპერტის განცხადებით, აფხაზებს მიაჩნიათ, რომ ქართველები აფხაზეთის ტერიტორიაზე ზედმეტნი იყვნენ. გალზეც აქვთ პრეტენზიები. მათ თავხედობას საზღვარი არ აქვს. ოდესღაც ხომ უნდა შეიცვალოს პოლიტიკა, მიდგომა.

– 25 წელია, აფხაზებთან ლაქუცის პოლიტიკამ შედეგი არ მოგვიტანა. ეს ფაქტია. აფხაზები კი გადმოდიან, აქ მკურნალობენ და ალბათ მოსწონთ კიდეც აქაურობა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი მზად არიან, ჩვენთან იყვნენ. აშკარაა, სიტუაცია ადგილიდან არ იძვრის. თვალი უნდა აგვეხილოს და ეს მიდგომა შეიცვალოს. მთელი მე-20 საუკუნე აფხაზები ქართველების განდევნას ელოდებოდნენ. ამას არც მალავდნენ არასდროს. ეს რეალობა თუ არ გავითვალისწინეთ და ვიძახეთ, აფხაზები ძმები არიან და რუსებმა შეაცდინესო, ეს სერიოზული არ იქნება, – განაცხადა ექსპერტმა.

თორნიკე შარაშენიძის აზრით, ჩვენი სპეცსამსახურები უფრო აქტიურები უნდა იყვნენ.

– წინა ხელისუფლებას თავისი ცოდვები ეყოფა, მაგრამ მაშინ თუ ვინმე გალში მცხოვრებ ქართველს რამეს დაუშავებდა, ქართველი სპეცსამსახურები ამას ძალიან ანანებდნენ. ახლა აფხაზები ძალიან გათავხედდნენ, რადგან იციან, რომ პასუხს არავინ მოსთხოვს.

აფხაზებმა იცოდნენ, რომ თუ ქართველებს რამეს გაუბედავდნენ, იცოდნენ, რომ ამას შურისძიება მოჰყვებოდა, როგორც ეს ხდება ყველგან და როგორც მუშაობს სპეცსამსახური თუნდაც ისრაელში, – განაცხადა „ახალ თაობასთან“ თორნიკე შარაშენიძემ.