საქართველო-რუსეთის საზღვარზე ოსი და სომეხი მძღოლები ერთმანეთს დაერივნენ

საქართველო-რუსეთის საზღვარზე ოსი და სომეხი მძღოლები ერთმანეთს დაერივნენსაქართველო-რუსეთის საზღვარზე, დარიალის ხეობაში, სიტუაცია დაძაბულია. ამჯერად დაძაბულობის მიზეზი პოლიტიკას არ უკავშირდება და არც ქართულ-რუსული ურთიერთობებია დამნაშავე. დაძაბულობისა და ჩხუბის მიზეზი საზღვარზე არსებული რიგი გახდა.

ოსური გამოცემების ცნობით, აქ ჩხუბი ლამის ყოველდღე ხდება, თუმცა აქამდე მძღოლები და მგზავრები სიტყვიერი დაპირისპირებით იფარგლებოდნენ. მერე მიხვდნენ, რომ სიტყვა ყოველთვის არ ჭრის და მუშტებიც მოიშველიეს. ყველაზე ხშირად ერთმანეთში სომეხი და ოსი მძღოლები ჩხუბობენ.

როგორც ჩრდილოეთ ოსეთის სასაზღვრო განყოფილების პრესცენტრში აცხადებენ, ყველაზე მძიმე დღე 21 აგვისტო იყო. ამ დღეს საზღვარზე 2 ჩხუბი გაიმართა. მოჩხუბრების გასაშველებლად პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო.

– საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე “ზემო ლარსი” მგზავრებს შორის დაძაბულობა იმატებს. მძღოლები რიგში ადგილის დასაკავებლად ხშირად ჩხუბობენ. ამ მხრივ განსაკუთრებით აქტიურობენ ჩრდილოეთ ოსეთის მცხოვრებლები. ისინი არგუმენტად იმას იშველიებენ, რომ სახლში ეჩქარებათ, – აცხადებენ სასაზღვრო წარმომადგენლობაში.

უწყების განმარტებით, აქამდე მძღოლები და მგზავრები ვითარებაში გარკვევას სიტყვიერი დაპირისპირებით ცდილობდნენ, ბოლო დღეებში კი სიტუაცია დაიძაბა.

– მარტო 21 აგვისტოს 2 ჩხუბს ჰქონდა ადგილი. მათ გასაშველებლად პოლიცია გამოვიძახეთ, – აღნიშნავენ ჩრდილოეთ ოსეთის სასაზღვრო განყოფილების პრესცენტრში.

მათი ვარაუდით, შესაძლოა, მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდეს.

– ჯერჯერობით დაპირისპირება მსხვერპლის გარეშე მიმდინარეობს. ხვალ რა იქნება, არ ვიცით, – ამბობენ უწყებაში.

სასაზღვრო განყოფილების წარმომადგენელთა განმარტებით, სიტუაციას ნეიტრალური ზონა ართულებს. კონფლიქტების დიდი ნაწილი სწორედ ნეიტრალურ ზონაში ხდება.

– საქართველოსა და რუსეთს შორის დაულაგებელი ვითარების გამო ამ მონაკვეთზე საზღვარი ბოლომდე დადგენილი არ არის. არსებობს ნეიტრალური ზონა, რომელსაც ვერც ქართველები და ვერც რუსები ვერ აკონტროლებენ, – აღნიშნავენ რუსი მესაზღვრეები.

სასაზღვრო წარმომადგენლობაში არ იციან, თუ რა ზომები უნდა მიიღონ არსებული ვითარების გასაკონტროლებლად. ამბობენ, რომ ვითარება ყოველდღე იძაბება.

ამის გამო თავის დროზე სომხეთის ხელისუფლებამაც კი გამოთქვა პრეტენზიები. გასულ წელს ერევანმა მოსკოვს ზემო ლარსზე სომხური დერეფნის შექმნაც კი მოსთხოვა, სადაც მხოლოდ სომხებს უნდა ემოძრავათ. ამაზე მოსკოვისგან უარი მიიღეს, რის შემდეგაც ოფიციალური ერევანი უკვე როკის გვირაბის გახსნის მოთხოვნით გამოვიდა. ამაზე კი უკვე საქართველოს ხელისუფლება არ თანხმდება.