სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ირაკლი მექვაბიშვილი უხელმძღვანელებს

სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ირაკლი მექვაბიშვილი უხელმძღვანელებსმმართველ გუნდში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მომავალი ხელმძღვანელის კანდიდატურა უკვე შერჩეულია.

პირველი არხის ინფორმაციით, უმრავლესობაში აუდიტის სამსახურის მომავალ ხელმძღვანელად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენელის, ირაკლი მექვაბიშვილის კანდიდატურა განიხილება.

პარლამენტი მომავალ კვირაში, საგაზაფხულო სესიას გახსნის, სადაც ირაკლი მექვაბიშვილის კანდიდატურა დამტკიცდება.

რეგლამენტის მიხედვით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის წარდგენის უფლებამოსილება პარლამენტის თავმჯდომარეს აქვს. საკანონმდებლო ორგანო კი, წარდგენილ კანდიდატს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, 5 წლის ვადით ირჩევს. გენერალური აუდიტორის ერთი და იმავე კანდიდატურის წარდგენა ორჯერ შეიძლება.

რაც შეეხება გენერალური აუდიტორის საქმიანობას, „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ კანონით, არ შეიძლება, გენერალური აუდიტორი თანამდებობაზე ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი, ან სხვა პოლიტიკურ საქმიანობას ეწეოდეს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს, ლაშა თორდიას უფლებამოსილება მიმდინარე წლის 25 ივლისს ამოეწურა. აუდიტის ხელმძღვანელის მოვალოებას ნინო ლომჯარია ასრულებს.