უფლისციხის ღვთისმშობლის ეკლესიაში უშვილო ქალები დასაძინებლად მიდიოდნენ

უფლისციხის ღვთისმშობლის ეკლესიაში უშვილო ქალები დასაძინებლად მიდიოდნენუფლისციხის ნასოფლარის მხარეს კლდეში გამოკვეთილი ეკლესია ამჟამად მიუვალია. 10-წლის წინ ჩამოშლილმა კლდეებმა მისასვლელი გზა საბოლოოდ დააზიანა.
საფეხურები, რომლებიც კლდეში იყო ამოჭრილი, ნალექებმა წაშალეს და ზედ ეკალ-ბარდი ამოვიდა. ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში 90-იან წლებამდე ჯერ კიდევ შემორჩენილი იყო მატყლით შეკერილი საბნები, რომლებიც უშვილო ქალების ღამის გასათევად იყო გათვალისწინებული.
უფლისციხელებს ახსოვთ, რომ ეკლესია მოქმედი იყო. ფიცრებისგან გამოქვაბულის გარეთ ოთახია მიშენებული. აქ უამრავი უშვილო ქალი სხვადასხვა სოფლებიდან მიდიოდა ღამის გასათევად და დასაძინებლად. რწმენით მისვლის შემდეგ ქალს აუცილებლად ბავშვი ჩაესახებოდა.
ეს რიტუალი ითვალისწინებდა ახალ აღთქმაში დაცულ ისტორიას, რომლის მიხედვით უბიწო მარიამს სულიწმიდის მეშვეობით იესო ჩაესახა.
მუზეუმ-ნაკრძალის გიდი გიგუცა თათრიშვილი ამბობს, რომ ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ უფლისციხე წარმოადგენდა არა მხოლოდ ციხე-ქალაქს, არამედ, მნიშვნელოვან საკულტო ადგილს, რაც უამრავი არქეოლოგიური მასალებითაა დადასტურებული. უფლისციხეშია აღმოჩენილი ქალღმერთის ქანდაკება, რომელიც ჩანგზე უკრავს.
სოფელი უფლისციხე 1970-იან წლებიდან დაინგრა. კომუნისტებმა მოსახლეობის ნაწილი სოფელ ქვახვრელში გადაასახლა, ნაწილს კი, სასახლკარე ნაკვეთები მტკვრის მეორე მხარეს მისცეს, სადაც ახალი სოფელი, ამავე სახელწოდების დასახლება გაშენდა.
საქართველოს საისტორიო ძეგლების აღწრილობის წიგნში ვკითხულობთ: ,,ეკლესია (3,5 X 2,9 მ) გამოკვეთილია კლდეში, მასთან მისასვლელი საფეხურებიც კლდეშია ამოჭრილი. შესასვლელი დასავლეთით აქვს. შესასვლელის თავზე პატარა სარკმელია. აღმოსავლეთით ღრმა ნალისებრი აფსიდია, რომლის ღერძზე ამოკვეთილია ოდნავ ჩაღრმავებული თაღოვანი ნიში; ქვემოთ დგას კლდეშივე გამოკვეთილი სწორკუთხა სატრაპეზო ქვა. ჩრდილოეთ კედელში განიერი თაღოვანი ნიშია. აფსიდს გასდევს მაღალი ბაქანი შუაში ორსაფეხურიანი კიბით. აფსიდის ბრტყელი კონქი კუთხეებში ეყრდნობა პილასტრებს, რომლებსაც თაროსებრი კაპიტელი და ასეთივე ბაზისი აქვს. ეკლესიის ჭერი ბრტყელია და გრძივ კედლებზე წრეთარგის ფორმით გადადის.

qartli.ge