ვინ არის კრემლის საიდუმლო ფავორიტი, რომელსაც მოსკოვი განსაკუთრებული შემთხვევისთვის ინახავს

ვინ არის კრემლის საიდუმლო ფავორიტი, რომელსაც მოსკოვი განსაკუთრებული შემთხვევისთვის ინახავსვინ და რატომ აშანტაჟებს “ქართულ ოცნებას”, რა  გეგმას ამზადებს რუსეთი? – ამის შესახებ “ახალ თაობას” ანალიტიკოსი უსაფრთხოების საკითხებში ზაალ კასრელიშვილი ესაუბრება.

– რამდენიმე თვის წინ თქვენ ჩვენთან ინტერვიუში თქვით, რომ შემოდგომაზე რუსეთი საქართველოში რამდენიმე ძალას გაააქტიურებდა. ერთმა პარტიამ უკვე დაიწყო შიმშილობის აქცია. იგივეს გაკეთებას აპირებს ქართული მარში. არის თუ არა ეს ის, რაზეც თქვენ საუბრობდით?

– იმ ინტერვიუში უკრაინაც ვახსენეთ და ვთქვით, რომ საქართველოსთან ერთად იქაც დაიწყებოდა პოლიტიკური აქტიურობა. რაც შეეხება საქართველოში დაწყებულ და დაანონსებულ შიმშილობის აქციებს, საქართველოში დაწყებულია წინასაარჩევნო კამპანია, ასეთ დროს ზოგი პარტია ბრძოლის დემოკრატიულ მეთოდებს მიმართავს, ზოგი გასული საუკუნის 90-იანი წლების იძულებითი დაყოლიების მეთოდს იყენებს.

90-იან წლებში სხვა ბევრი მეთოდიც იქნა გამოყენებული. ეს მეთოდები ვიღაცების არსენალში ახლაც არის. მათ გასაგონად მინდა ვთქვა, რომ 1992 წელს ვეღარავინ გაიმეორებს საქართველოში. ამის გაკეთება გულშიც არ გაივლონ, თორემ ძალიან ცუდად დაამთავრებენ.

საქართველოში საარჩევნო კამპანიას კარგად ორი ძალა – “ქართული ოცნება” და ნაციონალური მოძრაობა წარმართავენ. მართალია, მოშორებითაა, მაგრამ მათ კვალზე მიდის “ევროპული საქართველო”.

– ეს ბუნებრივია, “ევროპული საქართველო” ნაციონალების განაყარია და იციან საქმე.

– საქმე კი იციან, მაგრამ საქმის გასაკეთებლად ეტყობა მეტი რესურსი არა აქვთ. შესაძლოა, ამის სურვილი არც ჰქონდეთ. მათი აქტიურობა ფარსია, ისინი ტყუილად იჭაჭებიან.

დანარჩენი პოლიტიკური პარტიები წინასაარჩევნო კამპანიას არ ატარებენ. ისინი უფრო არსებობისთვის იბრძვიან და მათი ქმედება უფრო პატრონებისთვის თავის მოწონებაზეა გათვლილი.

ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ პატრონებს ფსონები სხვა ძალებზე აქვთ დადებული. ამის გამო პარტიების ნაწილი იძულებითი დაყოლიების ხერხს მიმართავს. მათი სურვილია, საქართველოს ხელისუფლება პოლიტიკური შანტაჟის ქვეშ მოაქციონ.

– თქვენი აზრით, პატრიოტთა ალიანსი და ქართული მარში ხელისუფლების დაშანტაჟებას ცდილობენ?

– პოლიტოლოგიაში ამას ასეთი სახელი ჰქვია, იძულებითი დაყოლიების მეთოდი ანუ შანტაჟი. ამის უკან შეიძლება ბევრი სხვა რამე იმალებოდეს.

– მაგალითად, რა?

– მაგალითად, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები. ან პიროვნება, რომელიც არის უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ფავორიტი, მაგრამ არ ჩანს.

– ეს პიროვნება თქვენ ადრეც ახსენეთ, თქვით, რომ ის რუსეთის ფავორიტია, მაგრამ მისი ვინაობის გამხელა არ ისურვეთ. ახლაც არ დაასახელებთ?

– არ დავასახელებ მხოლოდ იმის გამო, რომ ის შესაძლოა, არ გამოჩნდეს. მის მიერ შექმნილმა და დაფინანსებულმა ძალებმა თუ შედეგი ვერ დადეს, ის არ გამოვა ასპარეზზე. ამიტომ არ გვინდა ამ მშიშარა, სხვის ზურგებს ამოფარებული მოთამაშის დონეზე დახურდავება.

ზოგადად შემიძლია ვთქვა, რომ თუ გინდა, ხელისუფლება რამეზე დაიყოლიო, ქუჩაში მინიმუმ 100.000 მომხრე უნდა გამოიყვანო.

– ამდენ მომხრეს დღევანდელ საქართველოში ვერც ერთი პარტია ვერ გამოიყვანს.

– ძალიანაც კარგი, თუ ვერ გამოიყვანენ. როდესაც ქუჩაში რამდენიმე ასეულ მომხრეს გამოიყვან მხოლოდ, ამით ვერც ხელისუფლებას დაიყოლიებ და მომხრეებსაც დაკარგავ.

ამ პოლიტიკურ ძალებს ჰქონდათ ერთი უნიკალური შანსი, რომელიც ვერ გამოიყენეს. მეტსაც გეტყვით, იმ შანსის საპირისპიროდ მოიქცნენ. ახლა ყველაფერი თავის თავს დააბრალონ.

– რა შანსზე საუბრობთ?

– ძალებს, რომლებიც ხელისუფლებაზე საპროტესტო აქციებით ცდილობენ ზემოქმედების მოხდენას, თავის დროზე ჰქონდათ უნიკალური შანსი.

ისინი გვეუბნებიან, რომ აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგი უნდათ და ამიტომ უნდათ მოსკოვთან ურთიერთობების დალაგება.

დიალოგი თუ უნდოდათ აფხაზებთან და ოსებთან, გოსდუმაში კი არ უნდა წასულიყვნენ, არამედ სოხუმში და ცხინვალში გამგზავრებულიყვნენ და საქართველოს მოსახლეობისთვის უნდა ჩაებარებინათ ანგარიში, თუ რაზე საუბრობენ. მოსკოვში ამის მერეღა უნდა წასულიყვნენ. როცა პირდაპირ კრემლში მიდიხარ, ბუნებრივია, ეჭვები ჩნდება.

დარწმუნებული ვარ, რომ აფხაზებს და ოსებს ამ ძალებთან დიალოგის სურვილი არ აქვთ.

– ამ ძალებთან თუ ზოგადად ქართველებთან არ სურთ საუბარი?

– ამ ძალებთან არ უნდათ საუბარი, ქართველებთან კი დიდი ხანია, რაც კონტაქტობენ. არჩიეს რა მოსკოვი, მათ მარცხისთვის გაწირეს საკუთარი პარტია. მომხრეები ნელ-ნელა განიხიბლებიან. მათი ერთგულება აუცილებლად გადაიზრდება აგრესიაში.

– თქვენი საუბრიდან თუ ვიმსჯელებთ, ამ ეტაპზე რუსულმა საფრთხემ ჩაიარა.

– რუსული საფრთხე არასდროს ჩაივლის, მაგრამ ამ ეტაპზე სიტუაციის არევას ვერ შეძლებენ. მოსკოვს იმხელა პრობლემები აქვს, რომ ამისთვის აღარ სცალიათ. ესეც არ იყოს, კრემლმა ნათლად დაინახა, რომ საქართველოში პრორუსულ ძალებს პოლიტიკური ამინდის შექმნა არ შეუძლიათ.

– ამის მიუხედავად, როგორც თქვენ ამბობთ, რეზერვში ჰყავთ ფავორიტი, რომლის გამოყენებასაც აპირებენ.

– იმ პიროვნებას რუსების მიმართ რაღაც განსაკუთრებული ვალდებულებები არა აქვს, თორემ აქამდეც გამოაგდებდნენ სარბიელზე. ეს თუ ასე არ არის და ვალდებულებები აქვს, მაშინ მას განსაკუთრებული შემთხვევისთვის ინახავენ.

– რა შემთხვევისთვის ინახავენ? თუ თქვენ ამის შესახებ არაფერი იცით?

– ჩვენ, კავკასიელ ხალხთა კონფედერაციამ, ესეც ვიცით და სხვა ბევრი რამეც. ვიცით, ვისთან კონტაქტობს ის პიროვნება კრემლში. ისიც ცნობილია, ვის ელაპარაკება კავკასიასა და ევროპაში.