“მგონი, ჩემი ქმარი მის ძმაკაცს ქალებში დაჰყავს, სულ ნემსებზე ვზივარ”

38 წლის მარინა ასეთ რამეს ყვება:

– ორი წლის წინ გავთხოვდი. მე და ჩემი მეუღლე ცალკე ვცხოვრობთ. თავიდან ძალიან მიხაროდა, რომ ჩვენი საკუთარი ბინა გვექნებოდა და ხელს არავინ შეგვიშლიდა, ახლა კი ვნატრობ, დედამთილ-მამამთილთან ერთად ვცხოვრობდე. საქმე ის არის, რომ ჩემს ქმარს ერთი ლოთი მეგობარი ჰყავს, რომელმაც მოსვენება დამაკარგვინა. იმ ბიჭს ვატო ჰქვია და ლოთობის გამო ცოლ-შვილი გაექცა. როგორც ადამიანი, ძალიან კარგი და კეთილია, ჩემს მეუღლეს უყვარს და ეცოდება, ამბობს, ერთი უბედური ბიჭიაო, თან ერთგული ბუნება აქვს და გაჭირვებაში ჩემს ქმარს ძალიან დაეხმარა, მაშინ როცა სხვა მეგობრებმა თავი საერთოდ არ შეიწუხეს.

ვატოს ნებისმიერ დროს შეუძლია მოვიდეს, თუნდაც ღამის სამ საათზე, ჩემი ქმარი სადღაც მიჰყავს (დიდი ეჭვი მაქვს – ქალებში) ან ჩვენთან ზის და ძალიან ხმამაღლა ლაპარაკობს. დალევა ჩემს ქმარსაც უყვარს, ის რომ მოდის, უკვე ზომიერებას კარგავს. ძალიან შევწუხდი. რამდენიმე თვის წინ ვიმშობიარე. ბავშვთან მთელი დღე მარტო ვარ, ქმარი მუშაობს. იმ ბიჭმა იცის, ქმარი სამსახურიდან რა დროს ბრუნდება და ცოტა ხანში გვეწვევა ხოლმე. მერე ან დილამდე სვამენ, ან სადღაც მიდიან.

ვატო უკვე ისე მაღიზიანებს, რომ აღარ ვერიდები და ვაგრძნობინებ. ისიც ხვდება და ცდილობს, თავი მომიქონოს, კომპლიმენტებს მეუბნება. მე კი ეს უფრო მაცოფებს. იმ ზომამდე მივედი, რომ ვატოს სახელის ხსენებაზე მაკანკალებს. სულ ნემსებზე ვზივარ. თან დიდი ჩხუბისთავი და შარიანი ვინმეა. როცა ჩემი ქმარი სადმე მიჰყავს, სულ მეშინია, რამე ხიფათს არ გადაჰყაროს. ჩემს ქმართან მას სულ ვლანძღავ, ვამცირებ, მაგრამ ვატყობ, რომ ქმარს ეს ძალიან არ სიამოვნებს და ბრაზდება. ვიცი, რომ მეგობარი უყვარს და არ უნდა გავულანძღო, მაგრამ თავს ვერ ვიკავებ. ასე თუ გაგრძელდა, ალბათ, ქმრისგან საერთოდ წავალ. თუ ჩემს თავს თავისი ლოთი ძმაკაცი ურჩევნია, სხვა რა გზა მაქვს. ასეთ ქმართან ცხოვრებას, ალბათ, დაშორება სჯობია.

გააზიარე

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018