“საყვარელი მამაკაცი ჩემი პრობლემებით დაიღალა და მიმატოვა”

სადღაც წავიკითხე, რომ არაბულად მე შენ მიყვარხარ, ჟღერს ასე: “მე შენს ტკივილს ჩემს თავზე ვიღებ”. ნამდვილი სიყვარულის ყველაზე ზუსტი განმარტება ალბათ სწორედ ეს არის. უნდა შეგეძლოს, საყვარელი ადამიანის დარდი გაითავისო. თუ ასე მოქცევა არ შეგიძლია, ესე იგი არც გიყვარს.

მე სწორედ ასე მიყვარდა. თამამად შემეძლო მეთქვა: “მე შენ მიყვარხარ”, ანუ შენს ტკივილს ჩემს თავზე ვიღებ-მეთქი. მისთვის სიცოცხლეს არ დავიშურებდი. მეგონა, ჩემ მიმართ ისიც ასე იყო, მაგრამ თურმე ძალიან ვცდებოდი.

ერთმანეთს რამდენიმე წლის წინ შევხვდით, მაგრამ ჩვენ შორის სიყვარული ორი წლის წინ გაჩნდა. ეს იყო უძლიერესი გრძნობა. ჩემთვის აბსოლუტურად სხვა სამყარო გადაიშალა. თითქოს სუნთქვაც სხვანაირად დავიწყე. მეუბნებოდა, რომ ძალიან ვუყვარდი და ამაში ეჭვიც არ მეპარებოდა, რადგან მეგონა, ერთმანეთის მეორე ნახევრები ვიყავით.

შეყვარებულები უკვე ქორწილზე ვლაპარაკობდით, როცა მამა გარდამეცვალა. სრულიად ახალგაზრდა კაცი უცებ გამოგვეცალა ხელიდან. ეს ჩემთვის უდიდესი ტრაგედია იყო, მაგრამ ამ ტკივილის გააზრება ვერც მოვასწარით, რომ სხვა საფიქრალი დაგვატყდა თავს.

მამას კრედიტები ჰქონდა აღებული თავისი საქმისთვის. მან იცოდა, ვალი როგორც უნდა გადაეხადა. მისი წყალობით, ყოველთვის უზრუნველი ცხოვრება გვქონდა, უცებ კი აღმოჩნდა, რომ მე, დედა და ჩემი ძმა სრულიად უსუსურები ვიყავით. არ ვიცოდით, რა და როგორ უნდა გაგვეკეთებინა.

დედამ ნერვიულობას ვერ გაუძლო, ინსულტი დაემართა. ახალგაზრდა ქალი ლამის ხელებში ჩაგვაკვდა. ვისაც რამით დახმარება შეეძლო, დედაჩემის გადარჩენაში მომეშველნენ. სიცოცხლე კი შევუნარჩუნეთ, მაგრამ, მოგეხსენებათ, ინსულტგადატანილ ადამიანს რამდენი რამ სჭირდება. მეც დედაზე გადავერთე, რომ ფეხზე დამეყენებინა.

ასე დაგროვდა და დაგროვდა პრობლემები. ჩემთვის ერთადერთი შვება საყვარელი მამაკაცი იყო. მხოლოდ მასთან ვმშვიდდებოდი, თითქოს მთელ ტვირთს ვიხსნიდი მის მკერდზე მიხუტებული.

მერე კი ეს ბედნიერებაც დავკარგე. შეყვარებული სულ სხვადასხვა რაღაცებს იმიზეზებდა, რომ შეხვედრებისთვის თავი აერიდებინა. რა თქმა უნდა, მივხვდი, რომ ცდილობდა, ჩემგან შორს ყოფილიყო. ეს რომ ვუთხარი, ჩხუბი დამიწყო, რაღაცები დამაყვედრა. ჩხუბს შევყევით, გაბრაზებულმა მომახალა, ძალიან დამღალეო და ჩემგან წავიდა.

დიდხანს არ ვიჯერებდი, რომ ეს სიმართლე იყო. ვფიქრობდი, გაბრაზებულ გულზე მომახალა ეს სიტყვები, წყენა გადაუვლის და მოვა-მეთქი. ტელეფონზე მესიჯებს ვწერდი, ბოდიშებს ვუხდიდი, რომ მის გარეშე ვერ ვიცოცხლებდი. ათი დღის მერე ერთადერთი მესიჯის გამოგზავნა იკადრა – მეგობრებად დავრჩეთო.

მე კი არა, ჩემს პრობლემებს გაექცა და სხვა ქალთან წავიდა. ხშირად ჩემს თავს მის ადგილას ვაყენებ, საკუთარ თავს ვეკითხები, შენ როგორ მოიქცეოდი-მეთქი. მინდა, მისი საქციელი გავამართლო, მაგრამ ვერ ვახერხებ. ყოველ ჯერზე, როცა ამ კითხვას ვუსვამ ჩემს თავს, იქვე მაქვს პასუხი, რომ მის გამო ცეცხლში შევვარდებოდი, მთას გადავდგამდი. მის ყველა ტკივილს საკუთარ თავზე ავიღებდი. სიყვარული უძლიერესი გრძნობაა, თუ გიყვარს, რა უნდა იყოს ისეთი, რომ მის გამო არ გააკეთო?

ის კი წავიდა, რადგან ჩემი ტკივილის არათუ საკუთარ თავზე აღება, გაზიარებაც არ შეეძლო.

უფლის წყალობით, ჩემს ძმას მამის მეგობრები დაუდგნენ გვერდით, რაღაცები გაგვაყიდვინეს, ძირითადი ვალი დაგვაფარინეს, მერე კი მამაჩემის საქმის გაგრძელებაში დაეხმარნენ და ისევ ფეხზე დაგვაყენეს.

არც ვიცი, რა იყო ის ქარიშხლები, რაც თავს დამატყდა იმ ორი წლის განმავლობაში, რაც მის გვერდით ვიყავი. იმდენი ტკივილი ვიწვნიე, იმხელა ტვირთი ვატარე, ათას კაცს რომ გაუჭირდებოდა ზიდვა. ალბათ ასე უნდა მომხდარიყო. რაც არ გკლავს, გაძლიერებსო, ნათქვამია და იქნებ ასეც არის.

იქნებ მეც გამოვიდე მდგომარეობიდან და დავივიწყო ადამიანი, რომელიც ყველაზე რთულ დღეებში საშინლად მომექცა. უფლის იმედი მაქვს, რომ დამეხმარება, იმ ადამიანისგან გამათავისუფლებს და მასზე მოგონებებსაც ფარდას გადააფარებს.

“სარკის” მკითხველი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018