“ჩემი შვილი კინაღამ საკუთარი ხელით მოვკალი – ჩემი მოქნეული ჩანგალი შიგ თვალში მოხვდა”

გაბრაზება და ადამიანის მდგომარეობიდან გამოყვანა საკმაოდ ადვილია, თუმცა, განრისხებულმა ადამიანმა ამ დროს, მთავარია, თავზე კონტროლი არ დაკარგოს და რამე ისეთი არ ჩაიდინოს, რომ მერე მთელი ცხოვრება სანანებელი გაუხდეს.

ქალბატონი მარინა თავის გულისტკივილზე გულწრფელად საუბრობს. თავი დამნაშავედ მიაჩნია და ამბობს, რომ შვილს ყველაზე დიდი ტკივილი მიაყენა და სამუდამო დაღი დაასვა.

ქალბატონი მარინა:

– რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, ჩემს თავს არასდროს ვაპატიებ, რომ ჩემი ერთადერთი შვილი დავამახინჯე. ყველაფერი ჩემი უკონტროლო ემოციებისა და ნერვების ბრალია.

– შვილს რა დაუშავეთ?

– ჩემს შვილს სამუდამოდ დავასვი დაღი და ამის მონელება ძალიან მიჭირს. ხათუნა ჩემი ერთადერთი შვილია. მე და მამამისი სიყვარულით დავქორწინდით, მაგრამ ხათუნა 10 წლის იყო, როცა ქმარს გავეყარე. მისი მძიმე ხასიათის ატანა და განუწყვეტელი ლოთობის ყურება აღარ შემეძლო. ძალიან ცუდი სიმთვრალე ჰქონდა, თავს ვეღარ აკონტროლებდა, მცემდა, შეურაცხყოფას მაყენებდა. მის გინებას კიდევ ავიტანდი, მაგრამ ხელის აწევის მოთმენა ნამდვილად არ შემეძლო. საწყალი ჩემი დედამთილი კი ჩადგებოდა ჩვენ შორის, მაგრამ ჩემი ქმარი მასზეც კი იწევდა. დიდხანს ვითმინე, არ მინდოდა ოჯახი დამენგრია და შვილი უმამოდ გამეზარდა, მაგრამ როცა მოთმინების ფიალა ამევსო, მისგან წამოვედი. არც გამომკიდებია, სულ მთვრალი იყო და ვერც კი აანალიზებდა, რა ხდებოდა მის ცხოვრებაში. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვს მამამისის ეშინოდა, დრო რომ გავიდა, მოენატრა, ჩემი მამიკო როდის მოვაო, მეკითხებოდა. სიმართლე გითხრათ, ისეთი სულიერი თუ ფიზიკური ტრავმები მომაყენა ჩემმა ქმარმა, მისი საერთოდ არაფერი მაინტერესებდა, მაგრამ ბავშვი ჯიუტად მთხოვდა, მამაჩემი მოვიდესო. გაკვირვებული დავრჩი, როცა ჩემი ქმარი აბსოლუტურად ფხიზელი მოვიდა. ბავშვსაც ბევრი ეთამაშა და მეც სულ სხვანაირად მომექცა. იმის მერე კახა ჩვენთან სიარულს დაეჩვია. ბავშვიც მოუთმენლად ელოდა, როდის მოვიდოდა მისი მამიკო და როდის მოუტანდა ტკბილეულსა და სათამაშოებს.

– შერიგება არ უთხოვია?

– კი, მთხოვა, ყველაფერი მაპატიე და შემირიგდიო, მაგრამ ამ ნაბიჯის გადადგმა გამიჭირდა. ბოლოს უკვე ჩემი დედამთილიც მოვიდა და მითხრა, კახა გამოსწორდა, თქვენი წასვლა მისთვის გაკვეთილი აღმოჩნდა, აღარ სვამს, იქნებ ოჯახი აღადგინოთ და ბავშვმაც სრულფასოვან გარემოში იცხოვროსო. ჩემს დედამთილს უარი ვეღარ ვუთხარი, თან აშკარად ვამჩნევდი, რომ ჩემი ქმარი გამოსწორდა, ამიტომ მე და ხათუნა ისევ კახას სახლში გადავედით საცხოვრებლად.

ჩემი ქმარი ცოტა ხანს იქცეოდა კარგად, მერე ისევ ძველებურად დაიწყო, სვამდა და მცემდა. ერთხელ იმდენიც გაბედა, სახლში ვიღაც ქალთან ერთად მოვიდა, თან მიყვიროდა, დროზე სუფრა გაგვიშალეო. დღესაც არ ვიცი, ის ქალი ვინ იყო, მაგრამ ისიც დაბნეული ჩანდა, ალბათ, არ იცოდა, რომ ოჯახში მოდიოდა და ჩემს ქმარს ცოლ-შვილიც ჰყავდა. რა უნდა მექნა? იმ საღამოსვე ჩავალაგე ჩემი და შვილის ნივთები და კახასგან სამუდამოდ წამოვედი. ჩემს შვილსაც დავუჯექი, დაველაპარაკე და მამამისის ხსენება კატეგორიულად ავუკრძალე.

ამდენმა ნერვიულობამ სულ მთლად გამაგიჟა, პატარა რამეზე საშინლად მეშლებოდა ნერვები და ისტერიკა მემართებოდა. სერიოზულ დამამშვიდებლებს ვსვამდი და ნევროპათოლოგთანაც დიდხანს დავდიოდი. ბავშვი ყველაფერს შეშინებული მეკითხებოდა, არ იცოდა, როგორი რეაქცია მექნებოდა.

– კახა აღარ გამოჩენილა?

– რამდენჯერმე იყო, მაგრამ, წინა შემთხვევისგან განსხვავებით, კარი საერთოდ არ გავუღე. კატეგორიულად მოვთხოვე, რომ ჩვენგან წასულიყო და არასდროს მოსულიყო. თითქოს დავმშვიდდი და ცხოვრებაც ნორმალურ კალაპოტში ჩადგა, მაგრამ ხათუნას ასაკის მატებასთან ერთად ვხვდებოდი, რომ ყველაფერი თავიდან უნდა გამევლო.

– რატომ?

– ჩემმა შვილმა, ასაკის მატებასთან ერთად, მამის ხასიათები გამოავლინა. თუ რამეზე გაბრაზდებოდა, ხათუნაც აგრესიული ხდებოდა. მართალია, არ სვამდა და მერე არ მცემდა, მაგრამ რომ მოგეშვათ, ალბათ, ჩემზე ხელსაც ასწევდა. გარდატეხის პერიოდი ყველაზე რთულად გადავიტანეთ. თან ზუსტად იმ პერიოდში ჩემი ქმარიც გარდაიცვალა. დასასვენებლად იყო რაჭაში, ძლიერი მიწისძვრა რომ მოხდა. კახას ლოგინში ეძინა, რა თქმა უნდა, მთვრალი იყო, მათი სახლი სულ დაინგრა, ჩემს ქმარს ფეხები გადაუმტვრია და ერთი ნანგრევი თავში დაეცა. ის ადგილზევე გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ მისგან ბევრი წყენა მახსოვდა, თავს მოვერიე და მისასამძიმრებლად დედამისთან მივედი. მისგან გავიგე, რომ კახა სულ უფრო და უფრო უკან მიდიოდა. ყოველ კვირას ცოლებს იცვლიდა, ასე ეძახდა მათ და სახლში ხან ერთს მოიყვანდა, ხან მეორესო, შემომჩივლა ჩემმა ყოფილმა დედამთილმა. ამაზე დიდად არ მინერვიულია, რადგან კახა ჩემთვის, როგორც მამაკაცი, უკვე აღარ არსებობდა.

ხათუნამ მამის გარდაცვალება ძალიან განიცადა. მიუხედავად იმისა, რომ ერთად არ ვცხოვრობდით და მის სახელსაც თითქმის არასდროს ვახსენებდით, ხათუნას ქვეცნობიერად მამამისი მაინც უყვარდა. როცა გარდატეხის პერიოდში პრობლემები გვქონდა, რამდენჯერმე წამოსცდა, მამაჩემთან წავალ და მერე რას იზამ, მაგასაც ვნახავო. მე და ხათუნას სერიოზული პრობლემები გვქონდა. ჩემი არ ესმოდა, სულ გარეთ იყო, ბიჭებთან მეგობრობდა, რაც ჩემი მეზობლებისთვის აქტუალური საჭორაო თემა გახდა. არ მინდოდა, ჩემს შვილზე ზურგს უკან ელაპარაკათ, მამა არ ჰყავს და ზევით-ქვევით უაზროდ დადისო. ჩემს გოგონას ეს ვერ შევაგნებინე. ამის გამო სერიოზულად ვჩხუბობდით.

– ბოლოს რაზე იჩხუბეთ?

– ისევ თავის უკონტროლო საქციელზე. ვიღაც ბიჭს დაუმეგობრდა, სად იპოვა, ახლაც არ ვიცი. ის ბიჭი არც ქცევებით მომწონდა და არც გარეგნობით. ხათუნა კი მიმტკიცებდა, ჩემი მეგობარიაო, მაგრამ მე ვხედავდი, რომ ის ბიჭი ჩემი გოგონასგან უფრო მეტს ითხოვდა, ამიტომ მასთან ურთიერთობას კატეგორიულად ვუშლიდი. რასაც ვუშლიდი, ჩემი შვილი სწორედ იმას აკეთებდა. სანამ ეს ამბავი დამემართებოდა, ხათუნას საშინლად ვეჩხუბე. ვეუბნებოდი, ირაკლისთან ერთად ნუ დადიხარ, მთელი უბანი შენზე ლაპარაკობს-მეთქი. ხათუნამაც ყვირილი დამიწყო. სამსახურიდან ახალი მოსული ვიყავი და საჭმელს ვჭამდი. ხათუნას ისევ ირაკლიზე ველაპარაკებოდი და კიდევ ერთხელ კატეგორიულად მოვთხოვე, მასთან ერთად სიარულს გიკრძალავ-მეთქი. ხათუნამ პირში მომახალა, შენ რომ გათხოვდი, ვის რა ჰკითხე, მე რომ შენ შეგეკითხო, ირაკლი მაგარი ბიჭია, თუ დამიშლი მასთან მეგობრობას, შენს ჯინაზე საერთოდ ცოლად გავყვებიო. მისმა ასეთმა აგდებულმა პასუხმა ჭკუიდან გადამიყვანა. იქვე რომ ყოფილიყო, ალბათ, თმებს დავაწიწკნიდი და ამხელა გოგოს ვცემდი კიდეც, მაგრამ უკვე ოთახიდან გადიოდა. ერთი კი მივაწყევლე, შენ მოუკვდი დედაშენს, როგორი უჯიშო ხარ მამაშენივით-მეთქი. ხელში ჩანგალი მეჭირა და ინერციულად ხათუნასკენ გავისროლე. ზუსტად იმ დროს ჩემი გოგონაც მოტრიალდა, ჩემთვის პასუხი რომ გაეცა და ჩემი მოქნეული ჩანგალი შიგ თვალში მოხვდა. მოულოდნელობისა და შიშისგან გული წამივიდა. ხათუნა არ დაიბნა, ჩანგალი თავისი ხელით გამოიღო თვალიდან და სკამზე ჩამოჯდა. მაშინვე საავადმყოფოში გავაქანე, თავს ვიკლავდი, ასეთი განცდა ცხოვრებაში არასდროს მქონია.

– თქვენმა შვილმა თვალი დაკარგა?

– საბედნიეროდ, სითხე არ დაუღვრია და თვალი ამოღებას გადაურჩა, მაგრამ პლასტიკური ნაკერები დასჭირდა და მერე კიდევ ერთი ოპერაცია, რამაც მისი თვალის ფერის შეცვლა გამოიწვია. ჩემთვის უდიდესი ტანჯვა იყო იმის აღქმა, რომ საკუთარი შვილი დავამახინჯე, საკუთარი თავისთვის ვერ მეპატიებინა ეს და ვერც ის გამეგო, რა ჯანდაბამ მასროლინა ჩანგალი, ან ხათუნამ რაღა მაინცდამაინც იმ მომენტში მოიხედა, როცა ჩანგალი მას მიუახლოვდა. როგორც კი ეს ამბავი გაიგეს, მაშინვე მოცვივდნენ ჩემი ქმრის ნათესავები – ჩემი დედამთილი, მამამთილი და მაზლი. მომდგნენ და მიწასთან გამასწორეს, შენ რა დედა ხარ, საკუთარი შვილი ისე როგორ გაიმეტე, რომ ჩანგალი თვალში გაარტყი და კინაღამ ცალთვალა დატოვეო. თავიდან თავჩაღუნული ვუსმენდი მათ პრეტენზიებს, მაგრამ როცა აღარ გაჩუმდნენ, მერე უკვე მეც შევუტიე. ასეთ მდგომარეობაში ნერვები თქვენმა შვილმა და ძმამ ჩამიგდო, თორემ რა მიჭირდა საიმისო, რომ ასეთი ნერვული ადამიანი ვყოფილიყავი და ჩემი ერთადერთი შვილი ასეთი რამისთვის გამემეტებინა-მეთქი. იცოცხლე, გაჩუმდნენ და ხმა აღარ ამოუღიათ. როცა მათი თანადგომა მჭირდებოდა, გვერდით არც ერთი დამიდგა, ყველა თავის თავს უფრთხილდებოდა, არ უნდოდათ, კახასთვის ეწყენინებინათ, მე კი რა მომივიდოდა, ბოდიშით და სულ ცალ ფეხზე ეკიდათ. ქმართან არანორმალურმა ურთიერთობამ კი იმდენი ქნა, რომ გიჟად მაქცია და ჩემი შვილი კინაღამ საკუთარი ხელით მოვკალი.

– ახლა როგორ არის თქვენი გოგო?

– ჩემს გოგოს ამ ამბავთან შეგუება გაუჭირდა. სარკეში ჩახედვისაც კარგა ხანს ეშინოდა, ისტერიკა ემართებოდა. როცა ვთხოვდი, სარკეში ჩაეხედა, ბოლო ხმაზე ღრიალებდა, არ მინდა, ჩემი დასახიჩრებული თავი დავინახოო. სინამდვილეში დასახიჩრებული სულაც არ იყო. უბრალოდ, თვალს ჰქონდა ფერი შეცვლილი. ხათუნა ამ ამბავმა დააკომპლექსა, გრძელი ჩოლკა შეიჭრა და იმ თვალს ყოველთვის თმით მალავდა, მერე მზის სათვალეები ამოიჩემა და სულ მზის სათვალით დადიოდა.

– რატომ, დასცინოდნენ?

– არა, ვინ გაუბედავდა დაცინვას, თან ხათუნა უკვე დიდი გოგო იყო და არავის მისცემდა დაცინვისა და შეურაცხყოფის უფლებას, მაგრამ როცა თვალები დაფარული ჰქონდა, უფრო მშვიდად იყო. მეგობრებსაც გაურბოდა, ბიჭებზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი. მისმა ვითომცდა მეგობარმა ირაკლიმ ეს ამბავი რომ გაიგო, საერთოდ გადაიკარგა. ეტყობა, ისიც უთხრეს, შენ გამო იჩხუბეს და ხათუნამ დედამისი მდგომარეობიდან ისე გამოიყვანა, ქალმა ჩანგალი ესროლაო. ხათუნა გვიან მიხვდა თავის ცუდ საქციელს, მეუბნებოდა, შენი რა ბრალია, ჩემი ბრალია ყველაფერი, რომ მეუბნებოდი, შენთვის უნდა დამეჯერებინაო.

– ახლა სად არის თქვენი შვილი?

– საზღვარგარეთ. ხათუნას საქართველოში დარჩენა აღარ უნდოდა, ყველაფერს აკეთებდა, აქედან რომ წასულიყო. სულ ეგონა, რომ ყველა დასცინოდა და აბუჩად იგდებდა. ბევრი იწვალა და სანამ ამერიკაში წასასვლელი ვიზა არ აიღო, არ მოისვენა. არ მინდოდა მისი გაშვება, მის გარდა არავინ გამაჩნდა, მაგრამ არ მომისმინა, იქ წავალ, ავეწყობი და მერე შენც წაგიყვანო.

– პირობა შეგისრულათ?

– ვერა. უფრო სწორად, დამირეკა და ჩემი თან წაყვანა უნდოდა, ფულსაც მიგზავნიდა, საბუთები რომ გამეკეთებინა, მაგრამ თვითონ არ მოვისურვე. ისევ აქ ყოფნა მირჩევნია. ამერიკაში კი არა, ჩემებთან რომ ჩავდივარ სოფელში, ერთ კვირაში ისევ თბილისში მინდება წამოსვლა, დავკრავ ხოლმე ფეხს და უკან მოვრბივარ. ზუსტად ვიცი, რომ ამერიკაში დიდხანს ვერ ვიცხოვრებ და არ მინდა, ჩემი შვილი ტყუილად ზედმეტ ხარჯში ჩავაგდო. ხათუნა თავიდან რესტორანში მიმტანად მუშაობდა, მერე და მერე მზარეულობის ნიჭიც გამოიჩინა და სამზარეულოში გადაიყვანეს. იქ გაიცნო თავისი ახლანდელი ქმარი, რომელიც ლიტველი და ძალიან კარგი ბიჭია. ხათუნა იმდენად იყო დაკომპლექსებული თავისი თვალის გამო, სულ ეგონა, რომ სერიოზულად მას არავინ არასდროს შეხედავდა, მაგრამ მათიასი მის მიმართ ნამდვილი გრძნობით იყო განწყობილი და ჩემს შვილთან სერიოზული ურთიერთობა სურდა. ხათუნამ რჩევა მკითხა. რა უნდა მეთქვა, კი მინდოდა ქართველი სიძე, მაგრამ ხათუნა აქ ჩამოსვლას აღარ ფიქრობდა და ტყუილად აზრი არ ჰქონდა მისი ბედნიერებისთვის ხელის შეშლას.

– თქვენი შვილი ისევ ამერიკაშია?

– კი, ხათუნა და მათიასი ისევ ამერიკაში ცხოვრობენ. მათ უკვე პატარა გოგონაც ჰყავთ. ჩემი შვილი ბედნიერია, მაგრამ მე მაინც სიმწრით მეკუმშება გული, როცა მახსენდება, რომ საკუთარი შვილი ჩემი დაუდევრობით კინაღამ დავღუპე.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018