დააკავებენ თუ არა მეუფე პეტრეს და მეუფე დიმიტრის

ნიკოლოზ მჟავანაძე: “ოხანაშვილი საპატრიარქოს არაფორმალური მმართველი იყო”

დააკავებენ თუ არა მეუფე პეტრეს და მეუფე დიმიტრისრა კავშირი აქვთ ნაციონალებს საპატრიარქოში მიმდინარე პროცესებთან, ვის უნდოდა პატრიარქის იზოლაციაში მოქცევა, უნდა ველოდოთ თუ არა მაღალი იერარქიის სასულიერო პირების დაკავებას? – ამ თემებზე “ახალ თაობას” უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე ესაუბრება.

ნიკოლოზ მჟავანაძე:

– სოსო ოხანაშვილი არის მეუფე დიმიტრის სიძე, დეკანოზი გიორგი მამალაძეც მეუფეს კადრად ითვლება. თავიანთი განცხადებებით ისინი პირდაპირ ურტყამენ ქართულ ეკლესიას. ვერავინ უარყოფს იმას, რომ ამ ამბებთან მიტროპოლიტის რაღაც კავშირი არ იქნებოდა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე მხოლოდ პაიკია და მის დაკავებას საზოგადოებაში ამხელა აჟიოტაჟი მოჰყვა და ხომ წარმოგიდგენიათ რა მოხდებოდა, მეუფე დიმიტრის დაკავება რომ მომხდარიყო.

დღეს პროკურატურას ბევრი ლანძღავს, მაგრამ ციანიდის საქმე ასეთი მარტივი გამოსაძიებელი არ არის. საზოგადოებრივი აზრი ნელ-ნელა მიდის იქითკენ, რომ ციანიდის საქმეში სხვა პირებიც მონაწილეობდნენ. და რაკი საუბარია სასულიერო პირებზე, აქ პროკურატურა თავისუფლად ვერ იმოქმედებს.

– ასე ხომ შეიძლება პროკურატურამ საერთოდ ვერ გაბედოს დამნაშავეების დაჭერა.

– პროკურატურას გაცილებით მყარი მტკიცებულებები სჭირდება. როცა ამ მტკიცებულებებს მოიპოვებენ, მერე უფრო თავისუფლად იმოქმედებენ. 26 სექტემბერს ტვ პირველმა ციხიდან გამოგზავნილი დეკანოზის წერილი გაასაჯაროვა. მამალაძე ეუბნება მეუფე დიმიტრის, მოდი, მნახე, ბევრი სალაპარაკო მაქვსო.

ეს იყო პირდაპირი მესიჯი იმისკენ, რომ მამალაძე დიდხანს არ აპირებს გაჩერებას. მამალაძეს ჰპირდებიან, რომ ციხეში წამებულის გვირგვინით შეამკობენ და მას ძალიან მალე შეიწყალებს პრეზიდენტი.

დღეის მდგომარეობით, მეუფე დიმიტრი არის იზოლირებული. ის ეპარქიიდან გარეთ ვერ გადის და საზოგადოებას ვერ ხვდება.

– ვინ მოაქცია ის იზოლაციაში, პროკურატურამ?

– თავად გადაწყვიტა იზოლაციაში ყოფნა. საპატრიარქოში ყველამ ყველაფერი კარგად იცის. პატარა ბავშვიც ხვდება, რომ მამალაძე მარტო ვერ იქნებოდა. მის თანამზრახველებს მხოლოდ იმიტომ ვერ აკავებენ, რომ მყარი მტკიცებულებები არა აქვთ. დადგება დრო და გამოძიება მეუფე დიმიტრიმდეც მივა და მეუფე პეტრემდეც.

არაერთხელ ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ ამ ამბების უკან დგას ნაციონალური მოძრაობა. ეს განცხადება ჩემი ფანტაზიის ნაყოფი რომ არ გეგონოთ, კონკრეტულ ფაქტებს მოვიყვან. აბა გავიხსენოთ, ვინ ატეხა ციანიდის საქმეზე აჟიოტაჟი, ესენი იყვნენ რუსთავი 2, ნაციონალები და მათი ექსპერტები. ეს ხალხი ცდილობს, რომ მამალაძის უდანაშაულობა დამტკიცდეს.

სააკაშვილი ამ ადამიანების დახმარებით ცდილობს მონასტრის არევას. მას ეგონა, რომ საპატრიარქო ჯიბეში ჰყავდა. ის სასულიერო პირებს ჯიპებს ჩუქნიდა და ფულებს აძლევდა. მას ეგონა, რომ ამის გამო ეკლესია მისი მონა იქნებოდა. პატრიარქმა სააკაშვილს კარგად დაანახა, რომ ის არავის არ მიეყიდება და ის მხოლოდ ქრისტეს ერთგულია.

ამის გამო ყოფილი ხელისუფლება ძალიან გამწარებულია, მათ მონასტრის არევა და პატრიარქის ტახტზე საკუთარი კადრის აყვანა უნდათ. მათ მიერ კონტროლირებადი პატრიარქი ნაციონალებს ხელისუფლების დაბრუნებაში უნდა დაეხმაროს.

– ხელისუფლების დაბრუნებაში პატრიარქი და საპატრიარქო როგორ უნდა დაეხმაროს?

– საპატრიარქოს პოზიცია ყოველთვის მნიშვნელოვანია. ამიტომაც ცდილობს ყოფილი ხელისუფლება ამ ინსტიტუტზე გავლენების მოპოვებას. მიზნის მისაღწევად რამდენიმე სამოქმედო გეგმაც აქვთ შემუშავებული.

სოსო ოხანაშვილის დახმარებით საპატრიარქოში ბევრი ადამიანი ჩაინერგა. ამ ციანიდით თუ არაფერი გამოუვათ, ეკლესიის ალტერნატიულ წარმონაქმნს შექმნიან. ისინი გამოვლენ და იტყვიან, ჩვენ არ გვინდა ასეთი საპატრიარქო და წამოვლენ. მთავარი აქცენტი მეუფე პეტრეზე და დიმიტრიზე კეთდება, მაგრამ ნაციონალებს ბევრი სასულიერო პირი უჭერს მხარს. ისინი ჩუმად მხოლოდ იმიტომ არიან, რომ პროცესების განვითარებას ელოდებიან

ოხანაშვილი საპატრიარქოზე ხმის ამოღებასაც ვერ უნდა ბედავდეს. ის არის ადამიანი, რომელიც საპატრიარქოსთან ერთად საკუთარ სამშობლოს დაუპირისპირდა. ის 14 წლის მანძილზე პატრიარქს იცავდა, ცოტა ხნის წინ კი მან უწმინდესი ტერორიზმში დაადანაშაულა.

– ტერორიზმში როდის დაადანაშაულა?

– მან სასამართლოზე თქვა, რომ პატრიარქის სახლში ტერორიზმში ბრალდებულებს მალავდნენ. ეს პატრიარქის ტერორიზმში დადანაშაულებაა, აბა რა არის.

ოხანაშვილზე ბევრი რამე ვიცი, მაგრამ ეს ძალიან დელიკატური თემაა და მისი გაშლა მთელი რიგი მიზეზების გამო არ მინდა.

– რისი თქმა არ გინდათ, რომ ის ბაჩო ახალაიას კადრი იყო?

– სხვა თემის გაშლისგან ვიკავებ თავს, თორემ ის რომ ახალაიას მრჩეველი იყო და მიტინგებს არბევდა, ეს ყველამ იცის. ოხანაშვილი არის ის კაცი, რომელიც სტიქაროსნებს ურტყამდა. სამებაში ერთ-ერთ სტიქაროსანს ისე სცემა, სისხლში შეღება. მან ერთ-ერთ მამაოსაც მიაყენა შეურაცხყოფა, მას ფიზიკურად შეეხო.

ოხანაშვილი სასულიერო პირებს აშანტაჟებდა. ის ოპოზიციის ლიდერებს კარს უკეტავდა, რომლებსაც უწმინდესთან შეხვედრის სურვილი ჰქონდათ. სამაგიეროდ, სამების საკურთხეველში ნიკა რურუა და სხვა ნაციონალები თავისუფლად პარპაშებდნენ.

– როდის არ უშვებდა ოხანაშვილი ოპოზიციონერებს პატრიარქთან, ხელისუფლების შეცვლამდე თუ მის შემდეგ?

– ხელისუფლების შეცვლამდეც ამას აკეთებდა და შეცვლის შემდეგაც. ყველაფერს აკეთებდა, რომ პატრიარქი ვაკუუმში ყოფილიყო. ის პატრიარქის მცველი კი არა, მისი იზოლაციაში მომქცევი იყო.

უწმინდესთან ხალხს ახლოსაც არ უშვებდა. მრევლს ეზიზღებოდა პატრიარქის დაცვა. ისინი ხალხს შეურაცხყოფას აყენებდნენ და ხელითაც ეხებოდნენ. სამებაში რომ მრევლი შემცირდა, ეს ამათი დამსახურება იყო.

ერთ ამბავსაც მოგიყვებით, რომელიც ძალიან სანდო ადამიანისგან ვიცი. ქსანში, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ეკლესია გაიხსნა. გახსნას პატრიარქიც დაესწრო. მთელი ციხე გასუსული იყო. პატიმრები ტიროდნენ, ისე გაეხარდათ უწმინდესის ნახვა. უწმინდესი იქ დიდხანს დარჩა და პატიმრებს ესაუბრებოდა. ამ დროს ოხანაშვილი და მისი ხალხი რაციებით ეკონტაქტებოდნენ ერთმანეთს და ისე იგინებოდნენ, ყველა გაგიჟდა.

კარგია, რომ ოხანაშვილთან ერთად უწმინდესს დაცვის სამსახურის სხვა თანამშრომლებიც ჩამოაცილეს. ისინი ერთნაირები იყვნენ.

არსებობს ასეთი ინფორმაციაც, რომ სერიოზულ ბიზნესმენებს, რომლებიც საპატრიარქოს აფინანსებდნენ, ოხანაშვილი და მისი ხალხი “აკაჩავებდნენ”.

– ბიზნესმენების “დაკაჩავებაში” რას გულისხმობთ?

– მათგან დამატებით თანხებს ითხოვდნენ. ერთ-ერთ ასეთ საუბარს, როგორც ამბობენ, პატრიარქიც შეესწრო. მან ოხანაშვილი დატუქსა, ბიზნესმენებს კი უთხრა, დამატებით არანაირი თანხები არ მოიტანოთ, ისედაც თქვენი ნებით გვაფინანსებთო.

ყოფილ პირად მცველს სერიოზული ბიზნესები აქვს. მას ბევრ ბიზნესში ჰქონდა ხელი ჩაყოფილი. საპატრიარქოდან მისი გაშვება მარტო იმას არ ნიშნავდა, რომ ის პატრიარქს ჩამოაშორეს. ის ბიზნესწილებს და პრივილეგიებსაც ჩამოაცილეს.

ეს ხალხი საპატრიარქოს არაფორმალური მმართველები იყვნენ.

– ვინ ესენი, ოხანაშვილი და დაცვის სხვა წევრები?

– ოხანაშვილი იყო არაფორმალური მმართველი. რომელიც საპატრიარქოში ბაჩო ახალაიამ ჩანერგა. შესაბამისად, ნაციონალებმა ყველაფერი იცოდნენ, თუ რა ხდებოდა საპატრიარქოში.

ალბათ არც ისაა შემთხვევითი, რომ მან პატრიარქი და საპატრიარქო ტერორიზმის მხარდაჭერაში დაადანაშაულა. ვთქვათ და მართლაც ტერორისტები ცხოვრობდნენ პატრიარქის სახლში, თავად სად იყო ამ დროს, საპატრიარქოს დაცვის უფროსი ის იყო. იმაზეც გააკეთოს განმარტებები, რატომ არ აგო პასუხი იმაზე, რომ პატრიარქის მოწამვლა რამდენჯერმე სცადეს.

ზემოთ პატრიარქის იზოლაციაზე ვისაუბრე და ამის დამადასტურებელია ის ფაქტიც, რომ ოხანაშვილს და გიორგი მამალაძეს საპატრიარქოში სამედიცინო პუნქტის გახსნა უნდოდათ. საპატრიარქო ტყეში ხომ არ არის, იქ სამედიცინო პუნქტი გაეხსნათ. ამის გაკეთება იმიტომ უნდოდათ, რომ იქ აპირებდნენ უწმინდესის მოთავსებას, რომელსაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს. მასთან არავის შეუშვებდნენ და ესეც იზოლაციაა.

უწმინდესის ჯანმრთელობაზე ვსაუბრობ და სასულიერო პირებმა ერთი საინტერესო ამბავი მიამბეს. ერთ-ერთ წირვაზე პატრიარქი ცუდად გახდა და ოხანაშვილმა სასწრაფოს გამოძახებაზე უარი თქვა. სასწრაფოს გამოძახება დიდი ჩხუბის შემდეგ გახდა შესაძლებელი.

პატრიარქმა იმდენი უბედურება გადაიტანა, ღვთის ნება რომ არა, ის ცოცხალი აღარ გვეყოლებოდა. ამ ამბებს ბევრი ადამიანი შეესწრო და მიკვირს, რატომ არ ლაპარაკობენ ამაზე. რატომ არ იხსენებენ, რამდენჯერმე პატრიარქს არასათანადო მკურნალობა რომ ჩაუტარეს.

გერმანიაში აპირებდნენ ამის დასრულებას და რომ ვერ გამოუვიდათ, ამიტომაც აქვთ ჟრიამული. ხელისუფლებას რომ ლანძღავს ზოგიერთი, მათ გასაგონად ვამბობ, ხელისუფლების დამსახურებაა, რომ ეს გეგმა ჩაიშალა. ჩვენი ძალოვნების დროული რეაგირება რომ არა, შესაძლოა, გერმანიაში მომხდარიყო პატრიარქის მოკვდინება.

– ამბობთ, პატრიარქის მოკვდინებაო, პროკურატურის ინფორმაციით კი, შორენა თეთრუაშვილის მოკვლა იგეგმებოდა.

– მარტო შორენაზე არ არის საუბარი. პროკურატურას არა აქვს მყარი მტკიცებულებები ამის სათქმელად. რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, ხელისუფლებას ოხანაშვილის დაჭერა უნდოდა, მაგრამ ის პატრიარქმა გადაარჩინა. ის ბოლომდე არ იყო საქმის კურსში და ამიტომ სთხოვა ძალოვნებს, რომ მისი დაცვის უფროსი არ დაეჭირათ.

ოხანაშვილს ტყუილად ჰგონია, რომ სულ გარეთ იქნება. თავადაც კარგად იცის, რომ აუცილებლად მოსთხოვენ პასუხს. ამიტომაც ამბობს ამდენ სისულელეს. კიდევ ბევრ სისულელეს იტყვის. ისეთ იმიჯს იქმნის, რომ ვიღაცები ამხილა და ამიტომ დაიჭირეს.

შე დალოცვილო, თუ მართლა ასეთი რამეები ხდებოდა, რასაც თავად ამბობს, აქამდე სად იყავი, ხმას რატომ არ იღებდი. მაგას ურჩევნია, თავის ბიზნეს-წილებს და ვილებს მოხედოს.

მეუფე დიმიტრის ადგილზე ეპარქიიდან წავიდოდი. მისი სიძე პატრიარქს ტერორიზმში სდებს ბრალს, მისი გაზრდილი დეკანოზი მამალაძე ციანიდით მიდიოდა გერმანიაში.

– მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მეუფე დიმიტრის მათთან რაიმე კავშირი ჰქონდა.

– მაგას გამოძიება დაადგენს. აქ არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. მე მიკვირს იმ ხალხის, ვინც ამბობს, რომ დიმიტრი პატრიარქის წინააღმდეგ არ წავიდოდა. ძმისშვილები კი არა, საკუთარი შვილები უწყობდნენ შეთქმულებებს ჩვენს მეფეებს. მთელი ჩვენი ისტორია ამაზეა.